Baby Bag

„დღეში ერთი საათი და კვირაში ერთი დღე დაუთმე საკუთარ თავს,“- მარინა კაჭარავას რეკომენდაცია

ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ საკუთარ თავზე ზრუნვისა და თვითეკოლოგიის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან ადამიანებს ურჩია, დღეში 1 საათი და კვირაში 1 დღე საკუთარ თავს დაუთმონ:

„დღეში ერთი საათი და კვირაში ერთი დღე დაუთმე საკუთარ თავს. „საკუთარ თავს დაუთმე“ ნიშნავს, რომ დაისვენო, განიტვირთო, იფიქრო, ყავა დალიო, აკეთო ის, რაც გინდა, მაგრამ მარტო, შენთვის და შენს სივრცეში. ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ადამიანს აქვს თავისი სივრცე. კვირაში ერთი დღეც, რომ შეგიძლია წახვიდე, დაისვენო, ისეირნო, ივარჯიშო, იცურაო, ტყეში წახვიდე, აკეთო ის, რაც ყოველდღიურობაში გაკლია, შენს თავს სიამოვნება მიანიჭო. ბავშვებთან ერთადაც წახვალ, ხან დატოვებ ბავშვებს, ეს რაღაცნაირად მოგვარებადია.

ძალიან მნიშვნელოვანია თვითეკოლოგია, საკუთარ თავზე სწორი ზრუნვა. არა ისეთი, რომ „მე ვარ და მეტი არავინ,“ არამედ სწორი ზრუნვა. მე თუ მშვიდად ვარ, მე თუ კარგად ვარ, მე თუ კეთილად ვარ განწყობილი, უკეთესად ვარ. ძალიან დიდი წილი აქვს ბოღმას, შურს, ნეგატიურ აზროვნებას გადაწვისთვის. სულ რომ დაბოღმილი ხარ, გშურს ვიღაცის, უკმაყოფილო ხარ, წუწუნებ: „ეს რა ცხოვრებაა...“ კარგავ სიხარულს. სიხარულს თუ დაკარგავ, სიმშვიდეს თუ დაკარგავ, ან იმ ხელფასს რაში იყენებ, ან იმ ცხოვრებას რაში იყენებ და ან იმ სამსახურს?!“- მოცემულ საკითხზე მარინა კაჭარავამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„სხვა შუადღე“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„რა გააკეთოს დედამ, თუ მას არც ფხვნილი აქვს და არც რძე?“ - ევგენი კომაროვსკის მძიმე კითხვა, რომელსაც პასუხს ვერავინ სცემს

„რა გააკეთოს დედამ, თუ მას არც ფხვნილი აქვს და არც რძე?“ - ევგენი კომაროვსკის მძიმე კითხვა, რომელსაც პასუხს ვერავინ სცემს

ცნობილი უკრაინელი პედიატრი ევგენი კომაროვსკი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელშიც დედებს გამოუვალ ვითარებაში ჩვილებისთვის ძროხის რძის განზავებული ნარევის მომზადებას ასწავლის:

„შორეულ 1996 წელს, ჩემი წიგნის „თქვენი შვილის ცხოვრების დასაწყისი“ პირველ გამოცემაში, შემდეგი რამ დავწერე: „შესაძლებელია, რომ ამ წიგნის მკითხველი ცივილიზაციისგან შორს ცხოვრობს, ჰყავს ძროხა, მაგრამ არ აქვს მაღაზია, სადაც ადაპტირებულ რძის ფორმულას შეიძენს ბავშვისთვის. ამის გათვალისწინებით, ძროხის რძის გამოყენება ამგვარად შეგიძლიათ: 120 მილილიტრ გადადუღებულ რძეს დავუმატოთ 80 მილილიტრი გადადუღებული წყალი და 1,5 ჩაის კოვზი შაქარი. ძროხის განზავებული რძით ჩვილის გამოკვება ერთი თვის განმავლობაში შეგიძლიათ მისი ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნის გარეშე. ძალიან სასურველია, რომ ამ ერთი თვის განმავლობაში დაუკავშირდეთ ცივილიზებულ სამყაროს და ბავშვისთვის ადაპტირებული რძის ფორმულა შეიძინოთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ნებისმიერი ფორმულა ძროხის რძეზე უკეთესია. ის არის უფრო სუფთა, აქვს სტაბილური შემადგენლობა და შეიცავს ვიტამინებს.“

ეს რეცეპტი მე თავად არ გამომიგონია. საბჭოთა პედიატრიის სახელმძღვანელოდან ავიღე, რომელიც, სავარაუდოდ, 1968 წელს გამოიცა. 2000 წლის შემდეგ ეს ტექსტი ჩემს წიგნში აღარ შემიტანია. ის უკვე ძალიან უცნაურად და აპოკალიპტურად გამოიყურებოდა. დღეს ეს რეალობად იქცა. „რა გააკეთოს დედამ, თუ მას არც ფხვნილი აქვს და არც რძე?“ - ამ კითხვამ უკვე ბევრჯერ გაიჟღერა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და UNICEF-ი მკაფიო პასუხს არ იძლევიან,“ - წერს ევგენი კომაროვსკი.

​წყარო

წაიკითხეთ სრულად