Baby Bag

„დღეში ერთი საათი და კვირაში ერთი დღე დაუთმე საკუთარ თავს,“- მარინა კაჭარავას რეკომენდაცია

ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ საკუთარ თავზე ზრუნვისა და თვითეკოლოგიის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან ადამიანებს ურჩია, დღეში 1 საათი და კვირაში 1 დღე საკუთარ თავს დაუთმონ:

„დღეში ერთი საათი და კვირაში ერთი დღე დაუთმე საკუთარ თავს. „საკუთარ თავს დაუთმე“ ნიშნავს, რომ დაისვენო, განიტვირთო, იფიქრო, ყავა დალიო, აკეთო ის, რაც გინდა, მაგრამ მარტო, შენთვის და შენს სივრცეში. ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ადამიანს აქვს თავისი სივრცე. კვირაში ერთი დღეც, რომ შეგიძლია წახვიდე, დაისვენო, ისეირნო, ივარჯიშო, იცურაო, ტყეში წახვიდე, აკეთო ის, რაც ყოველდღიურობაში გაკლია, შენს თავს სიამოვნება მიანიჭო. ბავშვებთან ერთადაც წახვალ, ხან დატოვებ ბავშვებს, ეს რაღაცნაირად მოგვარებადია.

ძალიან მნიშვნელოვანია თვითეკოლოგია, საკუთარ თავზე სწორი ზრუნვა. არა ისეთი, რომ „მე ვარ და მეტი არავინ,“ არამედ სწორი ზრუნვა. მე თუ მშვიდად ვარ, მე თუ კარგად ვარ, მე თუ კეთილად ვარ განწყობილი, უკეთესად ვარ. ძალიან დიდი წილი აქვს ბოღმას, შურს, ნეგატიურ აზროვნებას გადაწვისთვის. სულ რომ დაბოღმილი ხარ, გშურს ვიღაცის, უკმაყოფილო ხარ, წუწუნებ: „ეს რა ცხოვრებაა...“ კარგავ სიხარულს. სიხარულს თუ დაკარგავ, სიმშვიდეს თუ დაკარგავ, ან იმ ხელფასს რაში იყენებ, ან იმ ცხოვრებას რაში იყენებ და ან იმ სამსახურს?!“- მოცემულ საკითხზე მარინა კაჭარავამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„სხვა შუადღე“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„3-4 წლის ბავშვს რომ ეუბნებიან, „ახლა თამაშის დრო არ არის,“ ვფიქრობ, ეს არასწორია,“ - ფსიქოთერაპევტი მზიკო დალაქიშვილი

„3-4 წლის ბავშვს რომ ეუბნებიან, „ახლა თამაშის დრო არ არის,“ ვფიქრობ, ეს არასწორია,“ - ფსიქოთერაპევტი მზიკო დალაქიშვილი

ფსიქოთერაპევტმა მზიკო დალაქიშვილმა ბავშვებში თამაშის მნიშვნელობასა და მის დადებით მხარეებზე ისაუბრა:

„მე მგონია, რომ ადამიანებს, რომლებსაც არ ეყოთ თამაში ბავშვობაში, არ ათამაშეს საკმარისად, მერე მიჰყვებათ ეს წყურვილი. თუ ბავშვი ბაღში თამაშობს და ნამდვილად იხარჯება, ყველა მის ინტერესს თამაშის გზით იკმაყოფილებს, მაგალითად, ითამაშა ექიმობანა, ნემსიც გააკეთა, რაღაც ასაკის მერე ფიქრობს: არ მყოფნის მე თამაში, მეტი მინდა ვიცოდე ამის შესახებ.“

მზიკო დალაქიშვილის თქმით, ბავშვს თამაშის დახმარებით მოტივაცია სწორად უყალიბდება:

​ბავშვს თამაშიდან მოტივაცია სწორად უყალიბდება და მიდის კოგნიტურ შემეცნებამდე. ბავშვს უნდა, რომ ამ საკითხის შესახებ მეტი იცოდეს. ის ბუნებრივად ემშვიდობება თამაშს. მისი ე.წ. თამაში გადაიქცევა მის პროფესიად. „ახლა თამაშის დრო არ არის,“ 3-4 წლის ბავშვს რომ ეუბნებიან, ვფიქრობ, რომ ეს არასწორია.“

„არ მინდა გეგონოთ, რომ ბავშვები არ სწავლობენ თამაშისას. ისინი ყველაფერს შეიმეცნებენ, მაგრამ საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე. შემდეგ უკვე მას ეს აღარ მოეწონება. მოუნდება მაგიდასთან დაჯდომა და დამოუკიდებლად რაღაცის გაკეთება, მაგრამ თამაშის ეტაპი აუცილებლად გასავლელია,“ - აღნიშნულ საკითხზე მზიკო დალაქიშვილმა საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „ზღვარი მარინა კაჭარავასთან ერთად“ ისაუბრა.

წყარო:​ „ზღვარი მარინა კაჭარავასთან ერთად“

წაიკითხეთ სრულად