Baby Bag

„დღეში ერთი საათი და კვირაში ერთი დღე დაუთმე საკუთარ თავს,“- მარინა კაჭარავას რეკომენდაცია

ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ საკუთარ თავზე ზრუნვისა და თვითეკოლოგიის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან ადამიანებს ურჩია, დღეში 1 საათი და კვირაში 1 დღე საკუთარ თავს დაუთმონ:

„დღეში ერთი საათი და კვირაში ერთი დღე დაუთმე საკუთარ თავს. „საკუთარ თავს დაუთმე“ ნიშნავს, რომ დაისვენო, განიტვირთო, იფიქრო, ყავა დალიო, აკეთო ის, რაც გინდა, მაგრამ მარტო, შენთვის და შენს სივრცეში. ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ადამიანს აქვს თავისი სივრცე. კვირაში ერთი დღეც, რომ შეგიძლია წახვიდე, დაისვენო, ისეირნო, ივარჯიშო, იცურაო, ტყეში წახვიდე, აკეთო ის, რაც ყოველდღიურობაში გაკლია, შენს თავს სიამოვნება მიანიჭო. ბავშვებთან ერთადაც წახვალ, ხან დატოვებ ბავშვებს, ეს რაღაცნაირად მოგვარებადია.

ძალიან მნიშვნელოვანია თვითეკოლოგია, საკუთარ თავზე სწორი ზრუნვა. არა ისეთი, რომ „მე ვარ და მეტი არავინ,“ არამედ სწორი ზრუნვა. მე თუ მშვიდად ვარ, მე თუ კარგად ვარ, მე თუ კეთილად ვარ განწყობილი, უკეთესად ვარ. ძალიან დიდი წილი აქვს ბოღმას, შურს, ნეგატიურ აზროვნებას გადაწვისთვის. სულ რომ დაბოღმილი ხარ, გშურს ვიღაცის, უკმაყოფილო ხარ, წუწუნებ: „ეს რა ცხოვრებაა...“ კარგავ სიხარულს. სიხარულს თუ დაკარგავ, სიმშვიდეს თუ დაკარგავ, ან იმ ხელფასს რაში იყენებ, ან იმ ცხოვრებას რაში იყენებ და ან იმ სამსახურს?!“- მოცემულ საკითხზე მარინა კაჭარავამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„სხვა შუადღე“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

როგორ დავიკლოთ ახალ წლამდე 2-3 კილო? - ენდოკრინოლოგ შოთა ჯანჯღავას რეკომენდაციები

როგორ დავიკლოთ ახალ წლამდე 2-3 კილო? - ენდოკრინოლოგ შოთა ჯანჯღავას რეკომენდაციები

ენდოკრინოლოგმა შოთა ჯანჯღავამ წონაში კლებისთვის ფსიქოლოგიური განწყობის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„ჩვენს ფსიქოლოგიურ განწყობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ზოგჯერ არის, რომ ერთ ნაჭერ პურს შეჭამ და თუ ამ ერთ ნაჭერზე იფიქრებ, რომ გაგასუქებს, შეიძლება მართლა გაგასუქოს. ორგანიზმს წინასწარგანწყობები აქვს ხოლმე. ამ ორი-სამი კვირის განმავლობაში ჯანსაღი კვების წესებს თუ კარგად დავიცავთ, შეიძლება 2-3 კილოს დაკლება მოესწროს.“

შოთა ჯანჯღავას თქმით, ითვლება, რომ ადამიანმა 4-5 კვირის განმავლობაში 2-2,5 კილო უნდა დაიკლოს:

„ითვლება, რომ​ 4-5 კვირის განმავლობაში 2-2,5 კილოგრამი უნდა დაიკლოს ორგანიზმმა, მაგრამ ცოტა ზედმეტ შეზღუდვებს თუ გავაკეთებთ, ცოტა მეტიც შეიძლება იყოს. როგორც წესი, მკვეთრი შეზღუდვები ახალი წლის წინა პერიოდში რეკომენდებული არ არის. ნოემბერში ან ოქტომბერში თუ გავაკეთებდით ამას, კი ბატონო, მაგრამ ამ პერიოდში არ გვინდა.“

„კარგი იქნება, თუ გვაქვს საშუალება, რომ მინიმალურად მაინც დავთვალოთ კალორაჟის რაოდენობა, მაგრამ განაწილების თვალსაზრისით, 1600 კალორიიდან, 40-50% რომ მოდიოდეს რთულ ნახშირწყლებზე, წიწიბურაზე, გერკულესზე კარგია. 30-40 % იყოს ცილა და 15-20 %-მდე ცხიმი. მცირე რაოდენობით ცხიმი აუცილებელია ორგანიზმისთვის. ამიტომაც კვებაში პაციენტებს არაჟანსაც ვუწერთ, ყველსაც. მჯდომარე სამსახური თუ გაქვთ, 1300-1400-მდე შეგვიძლია დავწიოთ კალორიების რაოდენობა. ​თუ მთელი დღე ვზივართ და არაფერს ვაკეთებთ, 1000 კალორიაც საკმარისია წონის დასაკლებად. თუ ფიზიკურად გვიწევს მუშაობა 2500—3000 კალორია უნდა იყოს, რომ დავიკლოთ წონაში,“ - აღნიშნულ საკითხზე შოთა ჯანჯღავამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.

წყარო:​ „დილა მშვიდობისა საქართველო“

წაიკითხეთ სრულად