Baby Bag

„დღეში ერთი საათი და კვირაში ერთი დღე დაუთმე საკუთარ თავს,“- მარინა კაჭარავას რეკომენდაცია

ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ საკუთარ თავზე ზრუნვისა და თვითეკოლოგიის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან ადამიანებს ურჩია, დღეში 1 საათი და კვირაში 1 დღე საკუთარ თავს დაუთმონ:

„დღეში ერთი საათი და კვირაში ერთი დღე დაუთმე საკუთარ თავს. „საკუთარ თავს დაუთმე“ ნიშნავს, რომ დაისვენო, განიტვირთო, იფიქრო, ყავა დალიო, აკეთო ის, რაც გინდა, მაგრამ მარტო, შენთვის და შენს სივრცეში. ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ადამიანს აქვს თავისი სივრცე. კვირაში ერთი დღეც, რომ შეგიძლია წახვიდე, დაისვენო, ისეირნო, ივარჯიშო, იცურაო, ტყეში წახვიდე, აკეთო ის, რაც ყოველდღიურობაში გაკლია, შენს თავს სიამოვნება მიანიჭო. ბავშვებთან ერთადაც წახვალ, ხან დატოვებ ბავშვებს, ეს რაღაცნაირად მოგვარებადია.

ძალიან მნიშვნელოვანია თვითეკოლოგია, საკუთარ თავზე სწორი ზრუნვა. არა ისეთი, რომ „მე ვარ და მეტი არავინ,“ არამედ სწორი ზრუნვა. მე თუ მშვიდად ვარ, მე თუ კარგად ვარ, მე თუ კეთილად ვარ განწყობილი, უკეთესად ვარ. ძალიან დიდი წილი აქვს ბოღმას, შურს, ნეგატიურ აზროვნებას გადაწვისთვის. სულ რომ დაბოღმილი ხარ, გშურს ვიღაცის, უკმაყოფილო ხარ, წუწუნებ: „ეს რა ცხოვრებაა...“ კარგავ სიხარულს. სიხარულს თუ დაკარგავ, სიმშვიდეს თუ დაკარგავ, ან იმ ხელფასს რაში იყენებ, ან იმ ცხოვრებას რაში იყენებ და ან იმ სამსახურს?!“- მოცემულ საკითხზე მარინა კაჭარავამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„სხვა შუადღე“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ძალიან გამიმართლა, რომ ჩემი მშობლები ჩემს ოთახში დაკაკუნების გარეშე არ შემოდიოდნენ,“ - ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე

„ძალიან გამიმართლა, რომ ჩემი მშობლები ჩემს  ოთახში დაკაკუნების გარეშე არ შემოდიოდნენ,“ - ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგმა ნათია ფანჯიკიძემ ბავშვის პიროვნული სივრცის დაცვის აუცილებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ადამიანებს შორის საზღვრების დაცვა მნიშვნელოვანია:

„მე ძალიან გამიმართლა, რომ ​ჩემი მშობლები ჩემს და საერთოდ შვილების ოთახში დაკაკუნების გარეშე არ შემოდიოდნენ. ამით ისინი იცავდნენ ჩვენს პიროვნულ სივრცეს. ჩვენც ვიცოდით, რომ არ უნდა გაგვეჩხრიკა მათი უჯრა, ასევე არ უნდა შევსულიყავით დაკაკუნების გარეშე. ეს შენს გულში აჩენს ამ საზღვრების დაცვის ეთიკას.“

ნათია ფანჯიკიძის თქმით, ქართველებს ერთმანეთის ინტიმურ სივრცეში შეჭრა ახასიათებთ:

„თუ დაკვირვებიხართ, ბანკომატთან რომ დგახარ, ხანდახან კისერში გრძნობ უკან მდგომი ადამიანის სუნთქვას. ეს არის პრაქტიკულად ინტიმურ სივრცეში შემოსვლა. ის ადამიანი აბსოლუტურად არ გრძნობს უხერხულობას, რომ გაიწიოს, დაგაცადოს რაღაც. ევროპაში ეს წარმოუდგენელია. იქ ერთი მეტრის მანძილზე მაინც არის დისტანცია, რომ შენ მოგეცეს სუნთქვის საშუალება. ამით იწყება ერთმანეთის თავისუფლების პატივისცემა.“

„ასევეა პედაგოგის მოსწავლესთან ურთიერთობაც, რისი თქმის უფლება აქვს მას და რისი - არა. ეს ზრდის თავისუფალ ადამიანს. თუკი ​ჩვენ ყველაფერზე ბავშვს ვაშინებთ, ყველაფერზე ვეუბნებით, რომ ახლა პოლიციელი მოვა. რა თქმა უნდა, დამფრთხალი ადამიანისგან მერე მოითხოვო, რომ გახდეს ლაღი, ეს თითქმის უტოპიაა, თორემ გადაძლევა ყოველთვის შეიძლება,“- აღნიშნა ნათია ფანჯიკიძემ.

​წყარო

წაიკითხეთ სრულად