Baby Bag

„დღეში ერთი საათი და კვირაში ერთი დღე დაუთმე საკუთარ თავს,“- მარინა კაჭარავას რეკომენდაცია

ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ საკუთარ თავზე ზრუნვისა და თვითეკოლოგიის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან ადამიანებს ურჩია, დღეში 1 საათი და კვირაში 1 დღე საკუთარ თავს დაუთმონ:

„დღეში ერთი საათი და კვირაში ერთი დღე დაუთმე საკუთარ თავს. „საკუთარ თავს დაუთმე“ ნიშნავს, რომ დაისვენო, განიტვირთო, იფიქრო, ყავა დალიო, აკეთო ის, რაც გინდა, მაგრამ მარტო, შენთვის და შენს სივრცეში. ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ადამიანს აქვს თავისი სივრცე. კვირაში ერთი დღეც, რომ შეგიძლია წახვიდე, დაისვენო, ისეირნო, ივარჯიშო, იცურაო, ტყეში წახვიდე, აკეთო ის, რაც ყოველდღიურობაში გაკლია, შენს თავს სიამოვნება მიანიჭო. ბავშვებთან ერთადაც წახვალ, ხან დატოვებ ბავშვებს, ეს რაღაცნაირად მოგვარებადია.

ძალიან მნიშვნელოვანია თვითეკოლოგია, საკუთარ თავზე სწორი ზრუნვა. არა ისეთი, რომ „მე ვარ და მეტი არავინ,“ არამედ სწორი ზრუნვა. მე თუ მშვიდად ვარ, მე თუ კარგად ვარ, მე თუ კეთილად ვარ განწყობილი, უკეთესად ვარ. ძალიან დიდი წილი აქვს ბოღმას, შურს, ნეგატიურ აზროვნებას გადაწვისთვის. სულ რომ დაბოღმილი ხარ, გშურს ვიღაცის, უკმაყოფილო ხარ, წუწუნებ: „ეს რა ცხოვრებაა...“ კარგავ სიხარულს. სიხარულს თუ დაკარგავ, სიმშვიდეს თუ დაკარგავ, ან იმ ხელფასს რაში იყენებ, ან იმ ცხოვრებას რაში იყენებ და ან იმ სამსახურს?!“- მოცემულ საკითხზე მარინა კაჭარავამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„სხვა შუადღე“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

საუზმეზე შოკოლადის მიღება წონაში კლებას უწყობს ხელს - უახლესი კვლევის შედეგები

საუზმეზე შოკოლადის მიღება წონაში კლებას უწყობს ხელს - უახლესი კვლევის შედეგები

ახალი კვლევების წყალობით, შესაძლოა, ჩვენი დილა გაცილებით ტკბილად დაიწყოს, ვიდრე ჩვეულებრივ იწყებოდა. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ საუზმეზე შოკოლადის მიღება დადებით ზეგავლენას ახდენს​ ორგანიზმში ცხიმის წვის პროცესზე. საუზმის მიღების სარგებელზე მედიკოსები ყოველთვის ხმამაღლა საუბრობდნენ. დედები გამუდმებით ზრუნავენ შვილებისთვის ჯანსაღი და სასარგებლო საუზმის მომზადებაზე. მოუცლელობის გამო ქალბატონები ხშირად საუზმეზე მცირეოდენ შოკოლადს მიირთმევენ, შემდეგ კი თავს დამნაშავედ გრძნობენ და ფიქრობენ, რომ ამით ჯანსაღი კვების წესები დაარღვიეს.

ბრიგჰემის ქალთა საავადმყოფოს მიერ ჩატარებული ახალი კვლევით, გაღვიძებისას შოკოლადის მირთმევა, შესაძლოა, ცხიმის წვის პროცესს ასტიმულირებდეს და სისხლში შაქრის დონის რეგულირებას უწყობდეს ხელს. მკველვარებმა ასევე აღმოაჩინეს, რომ ​გაღვიძებიდან მოკლე დროში შოკოლადის მიღება ქალების ჯანმრთელობის მდგომარეობას აუმჯობესებდა. კვლევის მონაწილეები გაღვიძებიდან ერთი საათის განმავლობაში 100 გრამ შოკოლადს მიირთმევდნენ.

ახალი კვლევის შედეგებში ასევე აღნიშნულია, რომ შოკოლადის საუზმეზე მიღება გავლენას ახდენს ადამიანის მადაზე, ნაწლავთა მიკრობიომასა და ძილის ხარისხზე. დილით შოკოლადის მირთმევა მნიშვნელოვნად ​აუმჯობესებდა ქალბატონების მეტაბოლიზმს და ზრდიდა ცხიმის წვის მაჩვენებლებს დღის განმავლობაში. კვლევით ასევე დადგინდა, რომ საუზმეზე შოკოლადის მიღება ამცირებდა სისხლში გლუკოზის შემცველობას. ქალბატონები, რომლებიც საუზმეზე შოკოლადს მიირთმევდნენ, დღის განმავლობაში თავს ენერგიულად გრძნობდნენ.

ახალი კვლევის შედეგები დედებისთვის სასიამოვნო სიახლეს წარმოადგენს, რადგან მათ საუზმეზე ცოტაოდენი შოკოლადის მშვიდად მიღების შესაძლებლობა ექნებათ. მთავარია, დედებმა არ დაივიწყონ, რომ კვლევებში მონაწილე ქალბატონები დილით მხოლოდ 100 გრამ შოკოლადს მიირთმევდნენ.

მომზადებულია ​moms.com - ის მიხედვით

წაიკითხეთ სრულად