Baby Bag

„დღეში ერთი საათი და კვირაში ერთი დღე დაუთმე საკუთარ თავს,“- მარინა კაჭარავას რეკომენდაცია

ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ საკუთარ თავზე ზრუნვისა და თვითეკოლოგიის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან ადამიანებს ურჩია, დღეში 1 საათი და კვირაში 1 დღე საკუთარ თავს დაუთმონ:

„დღეში ერთი საათი და კვირაში ერთი დღე დაუთმე საკუთარ თავს. „საკუთარ თავს დაუთმე“ ნიშნავს, რომ დაისვენო, განიტვირთო, იფიქრო, ყავა დალიო, აკეთო ის, რაც გინდა, მაგრამ მარტო, შენთვის და შენს სივრცეში. ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ადამიანს აქვს თავისი სივრცე. კვირაში ერთი დღეც, რომ შეგიძლია წახვიდე, დაისვენო, ისეირნო, ივარჯიშო, იცურაო, ტყეში წახვიდე, აკეთო ის, რაც ყოველდღიურობაში გაკლია, შენს თავს სიამოვნება მიანიჭო. ბავშვებთან ერთადაც წახვალ, ხან დატოვებ ბავშვებს, ეს რაღაცნაირად მოგვარებადია.

ძალიან მნიშვნელოვანია თვითეკოლოგია, საკუთარ თავზე სწორი ზრუნვა. არა ისეთი, რომ „მე ვარ და მეტი არავინ,“ არამედ სწორი ზრუნვა. მე თუ მშვიდად ვარ, მე თუ კარგად ვარ, მე თუ კეთილად ვარ განწყობილი, უკეთესად ვარ. ძალიან დიდი წილი აქვს ბოღმას, შურს, ნეგატიურ აზროვნებას გადაწვისთვის. სულ რომ დაბოღმილი ხარ, გშურს ვიღაცის, უკმაყოფილო ხარ, წუწუნებ: „ეს რა ცხოვრებაა...“ კარგავ სიხარულს. სიხარულს თუ დაკარგავ, სიმშვიდეს თუ დაკარგავ, ან იმ ხელფასს რაში იყენებ, ან იმ ცხოვრებას რაში იყენებ და ან იმ სამსახურს?!“- მოცემულ საკითხზე მარინა კაჭარავამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„სხვა შუადღე“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„შენ შენს მეუღლეში, როგორც სარკეში, გინდა დაინახო შენი ნაკლი, ეს არის ნამდვილი სიყვარული, “ - დეკანოზი საბა ჭიკაიძე

„შენ შენს მეუღლეში, როგორც სარკეში, გინდა დაინახო შენი ნაკლი, ეს არის ნამდვილი სიყვარული, “ - დეკანოზი საბა ჭიკაიძე

დეკანოზმა საბა ჭიკაიძემ ოჯახური თანაცხოვრების პრობლემებისა და ცოლ-ქმარს შორის ნამდვილი სიყვარულის არსებობის აუცილებლობის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, აუცილებელია, რომ ადამიანი გვიყვარდეს ისეთი, როგორიც ის სინამდვილეშია:

„როდესაც იწყება თანაცხოვრება, რა თქმა უნდა, ამოტივტივდება​ ადამიანის უარყოფითი მხარეები. იდეალი გემსხვრევა შენ. აი, აქ არის საჭირო სწორედ ბრძოლა და აქ არის საჭირო სიყვარული, რომ შენ რეალური ადამიანი შეიყვარო, ვინც არის ის და არა ის, ვინც შენ გეგონა, რომ იყო ის ადამიანი. ის რეალური უნდა შეიყვარო, თავის ნაკლიან-ღირსებიანად. როდესაც ეს დაპირისპირება იწყება, იქ დგება უკვე სიყვარულის პრობლემა. თუ ადამიანმა კუთვნილებითი ნიშნით მოიყვანა ცოლი, რომ ის საუკეთესოა და ის არის, ვინც მე მჭირდება, მერე აღმოაჩენს, რომ ისეთი არ არის. შემდეგ ის მიდის დასკვნამდე, რომ მას შეეშალა.“

დეკანოზის თქმით, ადამიანები ოჯახს ეგოიზმის გამო ანგრევენ:

„რატომ ანგრევენ ადამიანები ოჯახს? ზუსტად ეგოიზმი აკეთებს ამ ყველაფერს. როდესაც ეგოისტური დამოკიდებულებით არის ოჯახი შექმნილი, საფუძველი არის არასწორი. შენ ოჯახს ქმნი იმისთვის, რომ კომფორტული ზონა შეიქმნა. როგორც კი ​ეს კომფორტული ზონა ირღვევა და პრობლემებს ქმნის მეორე ნახევარი, იწყება: „რაღაც არ მომწონს, აღარ მიყვარხარ.“ სიყვარული არის, როდესაც ქალიც და ვაჟიც მომართული არის სულ სხვანაირად. ვაჟი ფიქრობს, მინდა დავოჯახდე, რომ ვიყო კარგი ქმარი, მამა, გოგოც ფიქრობს, მე მინდა ვიყო კარგი დედა, კარგი მეუღლე. რადიკალურად განსხვავებული დამოკიდებულებაა ამ შემთხვევაში. შენ გწყურია, რომ მსხვერპლი გაიღო. შენთვის თავიდანვე ოჯახი კომფორტის და სიამოვნების ზონა კი არ არის, არამედ ღვაწლის ასპარეზია. შენ გინდა, რომ შენ დაიხარჯო. აი, ეს არის სიყვარული. შენ გინდა, რომ მისთვის იცხოვრო. ამ დროს შენ სრულყოფილს აღარ ეძებ მასში. პირიქით, იცი, რომ ის ჩვეულებრივი ადამიანია. შენ იცი, რომ არც შენ ხარ სრულყოფილი. შენთვის ოჯახური ურთიერთობა სულიერი გაზრდის ასპარეზია.“

დეკანოზმა საბა ჭიკაიძემ აღნიშნა, რომ მეუღლეები ერთმანეთს საკუთარი თავის დანახვასა და შეცნობაში უნდა ეხმარებოდნენ:

„შენ შენს მეუღლეში, როგორც სარკეში უნდა დაინახო შენი ნაკლი. შეიძლება შენ ვერ ხედავ, მაგრამ მეორე ადამიანთან ურთიერთობაში ეს უკვე აისახება ძალიან ნათლად. ჩვენ ერთმანეთისთვის სარკეები ვართ. ​ეს არის ნამდვილი სიყვარული, როდესაც შენ წინასწარი განწყობა გაქვს იმისა, რომ შენ უნდა მოითმინო, უნდა მიუტევო, აპატიო. შენ შენი უნდა დათმო. შენ ფიქრობ იმაზე, რომ შენი ბედნიერება ის იქნება, ის რომ კარგად იგრძნობს თავს შენს გვერდით. მაშინ ხარ შენ კარგი მეუღლე, როდესაც ის ჩათვლის ბედნიერად შენს გვერდით თავს. როდესაც ორივე მხრიდან ასეთი დამოკიდებულებაა, ასეთი ოჯახი იქნება ბედნიერი. ასეთი ოჯახი იქნება მშვიდი, ტკბილი.“

„ერიხ ფრომი არის საოცარი გერმანელი ფსიქოლოგი, ის ამბობს, რომ როდესაც ოჯახი ინგრევა, ეს არ არის არჩევანის პრობლემა, ეს არის სიყვარულის არცოდნის პრობლემა. შენ არ იცი, რომ ​სიყვარული თავგანწირვაა. სიყვარული მისთვის ცხოვრება და აქედან სიხარულის, ბედნიერების მიღებაა,“ - აღნიშნულ საკითხზე დეკანოზმა საპატრიაქროს ტელევიზიის გადაცემაში „განთიადი“ ისაუბრა.

წყარო: ​საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნება

წაიკითხეთ სრულად