Baby Bag

„დღეში ერთი საათი და კვირაში ერთი დღე დაუთმე საკუთარ თავს,“- მარინა კაჭარავას რეკომენდაცია

ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ საკუთარ თავზე ზრუნვისა და თვითეკოლოგიის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან ადამიანებს ურჩია, დღეში 1 საათი და კვირაში 1 დღე საკუთარ თავს დაუთმონ:

„დღეში ერთი საათი და კვირაში ერთი დღე დაუთმე საკუთარ თავს. „საკუთარ თავს დაუთმე“ ნიშნავს, რომ დაისვენო, განიტვირთო, იფიქრო, ყავა დალიო, აკეთო ის, რაც გინდა, მაგრამ მარტო, შენთვის და შენს სივრცეში. ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ადამიანს აქვს თავისი სივრცე. კვირაში ერთი დღეც, რომ შეგიძლია წახვიდე, დაისვენო, ისეირნო, ივარჯიშო, იცურაო, ტყეში წახვიდე, აკეთო ის, რაც ყოველდღიურობაში გაკლია, შენს თავს სიამოვნება მიანიჭო. ბავშვებთან ერთადაც წახვალ, ხან დატოვებ ბავშვებს, ეს რაღაცნაირად მოგვარებადია.

ძალიან მნიშვნელოვანია თვითეკოლოგია, საკუთარ თავზე სწორი ზრუნვა. არა ისეთი, რომ „მე ვარ და მეტი არავინ,“ არამედ სწორი ზრუნვა. მე თუ მშვიდად ვარ, მე თუ კარგად ვარ, მე თუ კეთილად ვარ განწყობილი, უკეთესად ვარ. ძალიან დიდი წილი აქვს ბოღმას, შურს, ნეგატიურ აზროვნებას გადაწვისთვის. სულ რომ დაბოღმილი ხარ, გშურს ვიღაცის, უკმაყოფილო ხარ, წუწუნებ: „ეს რა ცხოვრებაა...“ კარგავ სიხარულს. სიხარულს თუ დაკარგავ, სიმშვიდეს თუ დაკარგავ, ან იმ ხელფასს რაში იყენებ, ან იმ ცხოვრებას რაში იყენებ და ან იმ სამსახურს?!“- მოცემულ საკითხზე მარინა კაჭარავამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„სხვა შუადღე“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„თუ მე ვიტყვი, რომ პირბადე ხელს მიშლის გამოცდაზე და არ გავიკეთებ, შეიძლება, ვინმე დავაზიანო,“- ფსიქოლოგის რჩევები აბიტურიენტებს

ფსიქოლოგი ხათუნა გოგელია გადაცემაში „პირადი ექიმი“ აბიტურიენტებს საგამოცდო მღელვარების დასაძლევად საინტერესო რჩევებს აძლევს:

„საკუთარი სუნთქვის სმენა არის ის დამამშვიდებელი ფაქტორი, რომელიც გარეშე შფოთვისგან გათავისუფლებს და შენს სხეულთან გტოვებს. ელემენტარულია, რომ ადამიანი მიყვება ჩასუნთქვისა და ამოსუნთქვის პროცესს, თითქოს შეაქვს სიმშვიდე და თავისუფლდება დაძაბულობისგან. ეს აბიტურიენტმა გამოცდაზე პირველად რომ გააკეთოს, მაინც წაეხმარება, მაგრამ თუ რამდენიმე დღით ადრე ამ ტექნიკას გამოიყენებს, უკეთესია. სუნთქვა არის ის მომენტი, რომელიც გაბრუნებს აქ და ამჟამად.“

ხათუნა გოგელიას თქმით, გამოცდების დროს ყველა განსხვავებული მიზეზით ღელავს:

„ძალიან ბევრს აქვს კატასტროფიზაციის შეგრძნება, ფიქრობენ, რა მოხდება, ამდენი ნაშრომია და ა.შ. ბევრი გვისაუბრია მშობლებთან და ბავშვებთან, რომ ყველას თავისი პრობლემა აქვს. გოგონები უფრო მარტივად მსჯელობენ, თუ ვერ ჩავაბარებ, ვიმუშავებ, მოვემზადები და მომავალ წელს ვცდიო. ბიჭებს ჯარის პრობლემა აქვთ, ეს დამატებითი ტვირთებია, მაგრამ გამოცდა ძალიან რთული ეტაპია, როდესაც შენ უნდა გამოავლინო ყველაფერი, რაც ისწავლე. რომ ისუნთქო, დახარჯო ამაზე თუნდაც წუთი, თუ წამებში ვერ ჩაეტიე, ეს წუთი და ორი წუთი დანაკარგი არ არის, როდესაც შენ მოიპოვებ გონებრივ მზაობას გამოცდის ჩასაბარებლად, ხოლო ემოციური შფოთი გადაიწევს მეორე პლანზე. კიდევ არის ასეთი ხერხი, აბიტურიენტი კალმისტარს რომ დაინახავს, მასთან ჰქონდეს სუნთქვის მომენტის ან სიმშვიდის მიბმა. გარკვეული სავარჯიშოს ჩატარება შეიძლება, რომ შენ გქონდეს რაღაც ნივთი, რომელთანაც წინა გამოცდილებაზე იყავი მშვიდად.“

„ჩვენ ვცხოვრობთ კოვიდის მოცემულობაში. ერთი პერიოდში შევშფოთდით, შეგვეშინდა, ზოგმა დაიჯერა, ზოგმა - არა. ჩვენ მაინც ინერციით ვცხოვრობთ, რომ ხვალინდელი დღე ისეთი იქნება, როგორიც იყო გუშინდელი დღე. სანამ გაირკვევა რა იქნება და როგორ ჩატარდება გამოცდები, მე ვურჩევდი აბიტურიენტს, იმეცადინოს სახლში პირბადით. ვიღაცას მეტი შფოთი აქვს, ურჩევნია დაცულად იყოს, ვიღაცას არ აქვს მაღალი შფოთვა და არ უნდა, რომ ეკეთოს პირბადე. მე როდესაც გავიკეთებ პირბადეს წინასწარ, მეცოდინება, ეს 4 საათი ერთი პირბადეა საკმარისი, თუ მეორეც მჭირდება. ჩვენი პასუხისმგებლობა და გამოცდა გრძელდება, კოვიდ - 19 ახალი მოცემულობაა. ეს ვირუსი იქნება, ჩვენი ადაპტირება მასთან მიმართებაში და ჩვენი ქცევა განაპირობებს რამდენად მწვავე და დამაზიანებელი იქნება ის თითოეული ჩვენგანისთვის. თუ მე ვიტყვი, რომ პირბადე ხელს მიშლის გამოცდაზე და არ გავიკეთებ, შეიძლება, ვინმე დავაზიანო. აბიტურიენტებს ვურჩევ გაივარჯიშონ პირბადით აზროვნება, წერა, სუნთქვა, რომ ეს მათთვის დამძაბავი არ იყოს,“ - აღნიშნავს ხათუნა გოგელია.

წაიკითხეთ სრულად