Baby Bag

„დღეში ერთი საათი და კვირაში ერთი დღე დაუთმე საკუთარ თავს,“- მარინა კაჭარავას რეკომენდაცია

ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ საკუთარ თავზე ზრუნვისა და თვითეკოლოგიის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან ადამიანებს ურჩია, დღეში 1 საათი და კვირაში 1 დღე საკუთარ თავს დაუთმონ:

„დღეში ერთი საათი და კვირაში ერთი დღე დაუთმე საკუთარ თავს. „საკუთარ თავს დაუთმე“ ნიშნავს, რომ დაისვენო, განიტვირთო, იფიქრო, ყავა დალიო, აკეთო ის, რაც გინდა, მაგრამ მარტო, შენთვის და შენს სივრცეში. ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ადამიანს აქვს თავისი სივრცე. კვირაში ერთი დღეც, რომ შეგიძლია წახვიდე, დაისვენო, ისეირნო, ივარჯიშო, იცურაო, ტყეში წახვიდე, აკეთო ის, რაც ყოველდღიურობაში გაკლია, შენს თავს სიამოვნება მიანიჭო. ბავშვებთან ერთადაც წახვალ, ხან დატოვებ ბავშვებს, ეს რაღაცნაირად მოგვარებადია.

ძალიან მნიშვნელოვანია თვითეკოლოგია, საკუთარ თავზე სწორი ზრუნვა. არა ისეთი, რომ „მე ვარ და მეტი არავინ,“ არამედ სწორი ზრუნვა. მე თუ მშვიდად ვარ, მე თუ კარგად ვარ, მე თუ კეთილად ვარ განწყობილი, უკეთესად ვარ. ძალიან დიდი წილი აქვს ბოღმას, შურს, ნეგატიურ აზროვნებას გადაწვისთვის. სულ რომ დაბოღმილი ხარ, გშურს ვიღაცის, უკმაყოფილო ხარ, წუწუნებ: „ეს რა ცხოვრებაა...“ კარგავ სიხარულს. სიხარულს თუ დაკარგავ, სიმშვიდეს თუ დაკარგავ, ან იმ ხელფასს რაში იყენებ, ან იმ ცხოვრებას რაში იყენებ და ან იმ სამსახურს?!“- მოცემულ საკითხზე მარინა კაჭარავამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„სხვა შუადღე“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ღმერთი გჩუქნის დროს, სიცოცხლის წუთებს და წამებს, ამაზე ღირებული ჩვენ არაფერი გაგვაჩნია,“- დეკანოზი შალვა კეკელია

„ღმერთი გჩუქნის დროს, სიცოცხლის წუთებს და წამებს, ამაზე ღირებული ჩვენ არაფერი გაგვაჩნია,“- დეკანოზი შალვა კეკელია

დეკანოზმა შალვა კეკელიამ ადამიანის ცხოვრებაში დროის უდიდეს მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„ღმერთი გაძლევს ამ დროს, ღმერთი გჩუქნის დროს. ამ საოცარ დროს ღმერთი გჩუქნის. შენ ამ დროს იყენებ სიბოროტისთვის, ცუდისთვის. ჟანრი ლოლაშვილთან ერთად სუფრაზე ვისხედით ერთხელ და მაშინ პირველად მოვისმინე ასეთი რამ. მან დროის სადღეგრძელო დალია და თქვა: ჩვენ გვაქვს საოცარი რაღაც, ჩვენ გვაქვს ჩვენი დრო. როდესაც მე შენთან მოვდივარ და შენ ჩემთან მოდიხარ, ჩვენ ამ ყველაზე ძვირფასს რაც გაგვაჩნია, სიცოცხლის წუთებს და წამებს, რომელიც ძალიან ღირებულია და ამაზე ღირებული ჩვენ არაფერი არ გაგვაჩნია, ერთმანეთს ვჩუქნით. როდესაც შენ დღეს ჩემთან სტუმრად მოხვედი, შენი ეს ძვირფასი დრო გამოიყენე ჩემთან. მე რომ შენთან ყოფნა მინდოდა, მე შენთვის ეს დრო გადავდე, რომ ეს დრო შენთვის მეჩუქებინა. მე შენ გაჩუქე სიცოცხლე და შენ მე მაჩუქე სიცოცხლე.“

„ჩვენ რომ ამ ყველაზე ძვირფას დროს ვიყენებთ ერთმანეთის საჭმელად, ერთმანეთის გასანადგურებლად, როგორ უნდა დაისვენო?! ეს საოცარი წუთები და წამები ღმერთის შეგრძნების, ერთმანეთის შეგრძნების, საოცარი ბუნების, რომელიც ჩვენს ირგვლივაა უნდა გამოვიყენოთ. წარმოიდგინე, ამ ბუნებას, ღვთის ამ წყალობას რომ არ იყენებ. დროს ხარჯავ გაუტანლობაში, სიბილწეში, სიბოროტეში, ბოღმაში. ხომ შეიძლება, რომ ერთმანეთი ძალიან შევიყვაროთ?! ხომ შეიძლება ერთმანეთის მიმართ სითბო და სიყვარული გვქონდეს?! გაუღიმე ადამიანს, სიყვარული, სითბო აჩუქე, იცნობ თუ არ იცნობ. ვიღაც შეგხვდა ქუჩაში, გლანძღავს, შენ მაინც გაუღიმე. შეიძლება მას შეეცვალოს დამოკიდებულება, რომ გლანძღავდა და შენ გაუღიმე. ხომ არ შეიძლება, რომ ერთმანეთს სულ უარყოფითი ვუთხრათ. მინდა ერთი რამ ვუსურვო ყველას: ღმერთმა შეგვაძლებინოს სიყვარული,“ - აღნიშნულ საკითხზე მამა შალვა კეკელიამ მედიაკავშირი „ობიექტივის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​მედია-კავშირი „ობიექტივი“

წაიკითხეთ სრულად