Baby Bag

„დღეში ერთი საათი და კვირაში ერთი დღე დაუთმე საკუთარ თავს,“- მარინა კაჭარავას რეკომენდაცია

ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ საკუთარ თავზე ზრუნვისა და თვითეკოლოგიის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან ადამიანებს ურჩია, დღეში 1 საათი და კვირაში 1 დღე საკუთარ თავს დაუთმონ:

„დღეში ერთი საათი და კვირაში ერთი დღე დაუთმე საკუთარ თავს. „საკუთარ თავს დაუთმე“ ნიშნავს, რომ დაისვენო, განიტვირთო, იფიქრო, ყავა დალიო, აკეთო ის, რაც გინდა, მაგრამ მარტო, შენთვის და შენს სივრცეში. ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ადამიანს აქვს თავისი სივრცე. კვირაში ერთი დღეც, რომ შეგიძლია წახვიდე, დაისვენო, ისეირნო, ივარჯიშო, იცურაო, ტყეში წახვიდე, აკეთო ის, რაც ყოველდღიურობაში გაკლია, შენს თავს სიამოვნება მიანიჭო. ბავშვებთან ერთადაც წახვალ, ხან დატოვებ ბავშვებს, ეს რაღაცნაირად მოგვარებადია.

ძალიან მნიშვნელოვანია თვითეკოლოგია, საკუთარ თავზე სწორი ზრუნვა. არა ისეთი, რომ „მე ვარ და მეტი არავინ,“ არამედ სწორი ზრუნვა. მე თუ მშვიდად ვარ, მე თუ კარგად ვარ, მე თუ კეთილად ვარ განწყობილი, უკეთესად ვარ. ძალიან დიდი წილი აქვს ბოღმას, შურს, ნეგატიურ აზროვნებას გადაწვისთვის. სულ რომ დაბოღმილი ხარ, გშურს ვიღაცის, უკმაყოფილო ხარ, წუწუნებ: „ეს რა ცხოვრებაა...“ კარგავ სიხარულს. სიხარულს თუ დაკარგავ, სიმშვიდეს თუ დაკარგავ, ან იმ ხელფასს რაში იყენებ, ან იმ ცხოვრებას რაში იყენებ და ან იმ სამსახურს?!“- მოცემულ საკითხზე მარინა კაჭარავამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„სხვა შუადღე“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„რაც ნაკლებს ტირის ბავშვი, მით უკეთესად ვითარდება ის, ამიტომ ჩვენ მყისიერად უნდა ვუპასუხოთ მის ტირილს,“ - ქეთი ნემსაძე

„რაც ნაკლებს ტირის ბავშვი, მით უკეთესად ვითარდება ის, ამიტომ ჩვენ მყისიერად უნდა ვუპასუხოთ მის ტირილს,“ - ქეთი ნემსაძე

პედიატრმა ქეთი ნემსაძემ მშობლების მხრიდან ბავშვის განვითარების ხელშეწყობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ უფროსებს პატარების შექების არ უნდა შეეშინდეთ:

​ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს შექების. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ შექება არის ყველაზე კარგი სტიმული განვითარებისთვის. ადამიანს შექება ყოველთვის სჭირდება. როდესაც არის ხასიათობრივი აფეთქება, ბავშვმა ვერ მიაღწია იმას, რაც უნდოდა, ის არის უმწეო ამ შემთხვევაში. რას აკეთებს ის ამ დროს? წვება იატაკზე და გამოხატავს თავის პროტესტს, სხვანაირად ვერ მართავს, სხვანაირად ვერ მიდის საბოლოო მიზნამდე. რაც ნაკლებს ტირის ბავშვი, მით უკეთესად ვითარდება ის. ამიტომ ჩვენ მყისიერად უნდა ვუპასუხოთ მის ტირილს, შევძლოთ მისი გონივრული კორეგირება.“

ქეთი ნემსაძემ აღნიშნა, რომ ჯანმრთელობის პრობლემების მხრივ ბიჭები უფრო სუსტები არიან, ვიდრე გოგონები:

​ჯანმრთელობის პრობლემების თვალსაზრისით, ბიჭები ბიოლოგიურად უფრო სუსტები არიან, ეს ფაქტია. აქედან გამომდინარე, შესაძლებელია, რომ ისინი უფრო ხშირად ავადობდნენ. მინდა გითხრათ კვლევის შესახებ, რომელიც ჩატარდა პენსილვანიის უნივერსიტეტში. მათ შეისწავლეს რა ტიპის სიმსივნეები იყო ქალბატონებში გავრცელებული გარკვეულ ასაკში. აღმოჩნდა, რომ ქალბატონებს, რომლებსაც ჰყავდათ ვაჟები, მათში უფრო ნაკლები იყო ონკოლოგიური დაავადებები და უფრო ნაკლები აგრესიულობით მიდიოდა. შემდგომში მათ აღმოაჩინეს ის ღეროვანი უჯრედები, რომლებსაც ნაყოფი ბიჭი აძლევს დედას, რაც მისი პროტექტორია მომავალი ონკოლოგიური სიმსივნეებისგან.“

ქეთი ნემსაძის თქმით, ყველა ბავშვი ინდივიდუალურია და ის სხვა ბავშვს არასდროს უნდა შევადაროთ:

„ბავშვს აქვს უფლება იყოს განსაკუთრებული, ინდივიდუალური. არასდროს ის არ უნდა შეადარონ სხვა ბავშვს. ​ბავშვს უნდა ჰქონდეს არჩევანის უფლება, მას უნდა ჰქონდეს საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება, თუნდაც ის იყოს წლინახევრის ასაკის. როდესაც ამ ადამიანს უკვე ეძახიან უფროსს და როდესაც მისი მორალური კრედო ჯერ არის: „რაც კარგია, ჩემია,“ უკვე ჩნდება უმცროსი და უხსნიან, რომ მას უნდა დაუთმოს ან იქ უფრო მეტი მოფერებაა, ის ეჭვიანობს. მე ვფიქრობ, მას უნდა აუხსნან, რომ უმცროსი არის სხვა, მას აქვს თავისი განსაკუთრებული ადგილი, რომელსაც ვერასდროს ვერავინ ვერ დაიკავებს. ჩვენ ბავშვს უნდა მოვუსმინოთ და მისი აზრი გავითვალისწინოთ.“

​ბავშვები ძალიან კარგ აზრებს გამოთქვამენ. არასდროს არ უნდა ვეცადოთ, რომ ბავშვს მოვახვიოთ ჩვენი აზრი. ჯერ მოვუსმინოთ ბავშვს და შემდეგ გონივრული კორეგირება მოვახდინოთ. ამ შემთხვევაში მე მახსენდება ნიუტონი, რომელმაც აღმოაჩინა მიზიდულობის კანონი. ამბობენ, რომ მან ეს კანონი აღმოაჩინა უფრო ადრე, მაგრამ მასწავლებელი გაუჯავრდა, ნუ უყურებ ვაშლის ხეს, გაკვეთილზე შემოდიო,“ - აღნიშნულ საკითხებზე ქეთი ნემსაძემ ტელეკომპანია „პულსის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​„პულსი“

წაიკითხეთ სრულად