Baby Bag

​„მსუქანი ვარ“, „დიდი ცხვირი მაქვს“, „რას ვგავარ“ - ფსიქოლოგის რჩევები, ​როგორ ავარიდოთ პროტესტი ბავშვებს საკუთარი სხეულის მიმართ

​„მსუქანი ვარ“, „დიდი ცხვირი მაქვს“, „რას ვგავარ“ - ფსიქოლოგის რჩევები, ​როგორ ავარიდოთ პროტესტი ბავშვებს საკუთარი სხეულის მიმართ

„მსუქანი ვარ“, „დიდი ცხვირი მაქვს“, „რას ვგავარ“ - მსგავსი ფრაზები ხშირად გვესმის ბავშვებისგან. როგორ ავარიდოთ პროტესტი ბავშვებს საკუთარი სხეულის მიმართ? - ამ თემაზე ​MomsEdu.ge ფსიქოლოგ ლელა კლდიაშვილს ესაუბრა.

-  ქალბატონო ლელა, როდის იწყებს ბავშვი საკუთარ სხეულზე დაკვირვებას და საიდან მოდის პროტესტის სურვილი?

- ბავშვები საკუთარ სხეულზე დაკვირვებას საკმაოდ პატარა ასაკში იწყებენ, თუმცა განსაკუთრებული ინტერესი საკუთარი გარეგნობისადმი და სხეულით უკმაყოფილება ძირითადად გარდატეხის ასაკს უკავშირდება. გარდატეხის ასაკი ერთ-ერთი რთული ეტაპია ადამიანის ცხოვრებაში. ის ემთხვევა სქესობრივი მომწიფების პერიოდს, როცა მოზარდის ორგანიზმში ხდება სერიოზური ჰორმონალური ცვლილებები. ამ დროს სხეულებრივი ცვლილებები სწრაფად მიმდინარეობს - სიმაღლეში ზრდა, სხეულის ფორმების ცვლილება. სწრაფი ზრდის გამო სხეულის დისპროპორციულობობა, მეორადი სასქესო ნიშნების აღმოცენება და ა.შ. სწრაფად და მნიშვნელოვნად შეცვლილი ფიზიკური გარეგნობა შეიძლება ვერ მიიიღოს მოზარდმა და უსიამოვნო აღმოჩნდეს მისთვის.

- რა სახის უკმაყოფილება შეიძლება გამოთქვას ბავშვმა, რა არის მათი ყურადღების ობიექტი?

- ზოგადად, საკუთარი გარეგნობით დაინტერესება და გარკვეული უკმაყოფილება მოზარდისათვის დამახასიათებელია. მოზარდი საკმაოდ ბევრს ფიქრობს საკუთარი თავის შესახებ, დაინტერესებულია საკუთარი გარეგნობით და ყველა დეტალს აქცევს ყურადღებას; გარდატეხის ასაკში მისი ფსიქოლოგიური და ემოციური ფონი ისედაც დამძიმებულია, ამიტომ მტკივნეულად აღიქვამს და განიცდის გარეგნობის შესახებ შენიშვნებს და კომენტარებს.

- რა შედეგამდე შეიძლება მიგვიყვანოს პროტესტმა?

- მეცნიერების აზრით, გარეგნობით უკმაყოფილებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მოზარდის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. შეიძლება გახდეს მიზეზი დეპრესიის, შფოთვის, კვებითი ან ფსიქოსომატური დარღვევების განვითარების.

- გოგონებში უფრო ხშირია მსგავსი უკმაყოფილება თუ ბიჭებში?

- ორივე სქესთან გვხვდება, თუმცა პროცენტულად გოგონებისათვის უფრო მეტად დამახასიათებელია.

- როგორი უნდა იყოს მშობლის რეაქცია მსგავს სიტუაციაში? რა სჩევებს მისცემდით მათ, რომ ისეთები შეაყვარონ ბავშვებს თავი, როგორებიც არიან და პრობლემის შემთხვევაში (მაგალითად, წონა) დაეხმარონ მათ გამოსწორებაში.

- ბავშვები საკუთარი სხეულის ხატის შესახებ იგებენ და სწავლობენ მრავალ წყაროზე დაყრდნობით, მათ შორის, დიდი ადგილი უჭირავს მშობლებს, თანატოლებს და მედიას. 

მშობლებს შეუძლიათ კრიტიკულად მნიშვნელოვანი როლი ითამაშონ ამ პროცესში, რათა დაეხმარონ ბავშვს სხეულის პოზიტიური ხატისა და თვითშეფასების ჩამოყალიბებაში:

  • ესაუბრეთ შვილებს; გარდატეხის ასაკში სხეულის უცაბედმა ცვლილებებმა ბავშვები შესაძლოა, შეაშინოს და დააბნიოს. შფოთვის შესამცირებლად, ესაუბრეთ არა მხოლოდ განვითარების იმ ეტაპზე, რომელზეც იმყოფებიან, არამედ შემდეგ ეტაპებზეც. ბავშვებმა წინასწარ უნდა იცოდნენ, როგორ შეიცვლება მათი სხეულები.
  • ნუ გააკრიტიკებთ მოზარდის გარეგნობას. მაგალითად, თუ თქვენ შვილს წონის პრობლემა აქვს, მან ისედაც იცის ამის შესახებ. თქვენი კომენტარებით მხოლოდ გულს ატკენთ და გაართულებთ პრობლემას. ამის ნაცვლად, უთხარით შესაბამისი კომპლიმენტი თქვენს მოზარდ შვილს. უთხარით, რა ლამაზი ღიმილი აქვს მას, ან როგორ უხდება ეს კაბა მისი თვალის ფერს. პოზიტიური უკუკავშირის თქმით, თქვენ მას ეხმარებით პოზიტიური სხეულის ხატის ფორმირებაში. წაახალისეთ სხვა ჯანსაღი ჩვევები, როგორიცაა კარგი პირადი ჰიგიენა, ჯანსაღი ძილის ჩვევები და სხვა.
  • იყავით როლური მოდელი. ბავშვები ბევრ რამეს იგებენ თქვენი ცხოვრების სტილზე, ჭამის ჩვევებზე და დამოკიდებულებებზე დაკვირვებით. ბავშვი უსმენს მშობელს და სწავლობს მისგან. დამტკიცებულია, რომ თავიანთი გარეგნობა არ მოსწონს იმ ბავშვების უმეტესობას, რომელთა მშობლებიც უკმაყოფილოები არიან საკუთარი სხეულით. დააკვირდით - რა მაგალითს აძლევთ ბავშვს; რას ამბობთ, თუნდაც საკუთარ გარეგნობასთან დაკავშირებით. თუ არ მოგწონთ, დაიწყეთ ცვლილებები საკუთარი თავიდან - ეს შეიძლება იყოს ვარჯიში, ჯანსაღი კვება და ა. შ.
  • შეეცადეთ, ყურადღება არ გაამახვილოთ გარეგნობაზე. ნუ ისაუბრებთ ადამიანების გარეგნობაზე და მათ სხეულებზე; აქცენტი გააკეთეთ უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე, ადამიანის პიროვნულ ღირსებებზე და კარგ თვისებებზე.
  • დაეხმარეთ თქვენს შვილს, კრიტიკულად შეხედოს იმას, რასაც ხედავს ჟურნალში, ტელევიზორში და ინტერნეტში. ისაუბრეთ სხეულთან დაკავშირებულ სტერეოტიპებზე რეკლამებსა და მედიაში. დარწმუნდით, რომ მოზარდს ესმის ის ხრიკები (მაგალითად, ფოტორედაქტირება), რომელსაც მიმართავენ არარეალისტური გარეგნობის მისაღწევად.
  • ყურადღება გაამახვილეთ ცხოვრების ჯანსაღ წესზე, ვარჯიშზე და ჯანსაღ კვებაზე. გაატარეთ დრო აქტიურად, ითამაშეთ მოძრავი თამაშები, მაგალითად, კარგია ველოსიპედით სიარული, სეირნობა, ცურვა და სხვა სპორტული ატივობები. საყიდლების ყიდვისას ბავშვებს დაეხმარეთ აირჩიონ ჯანსაღი საკვები: ხილი და ბოსტნეული, ერთად წაიკითხეთ საკვებზე დატანილი ეტიკეტები, ეს ყველაფერი დაეხმარება ბავშვს ჯანსაღი ჩვევების ჩამოყალიბებაში.

    ​ესაუბრა მაკა ქაფიანიძე

შეიძლება დაინტერესდეთ

„ბავშვების ნაწილს აქვს სეპარაციის შფოთვა. ძალიან რთულია ამ მდგომარეობის გადალახვა,“ - თამარ გაგოშიძე

ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ ბავშვებში შფოთვითი აშლილობების სხვადასხვა ფორმაზე ისაუბრა. მისი თქმით, ბავშვების ნაწილს მშობლებთან განშორება და სასწავლო გარემოსთან შეგუება ძალიან უძნელდება:

„საბავშვო ბაღში წასვლაზე, სკოლაში წასვლაზე, სკოლაში დარჩენაზე ​ძალიან დიდი სიფრთხილზე გვმართებს ჩარჩოების დაწესებასთან დაკავშირებით. ყველა ბავშვი ვალდებულია და უნდა წავიდეს სკოლაში, უნდა დარჩეს იქ, მაგრამ ყველა ბავშვი ამას ვერ ახერხებს, იმიტომ არა, რომ არის განებივრებული, იმიტომ არა, რომ არის თავხედი, იმიტომ არა, რომ არ ემორჩილება დაწესებულ წესებს, უბრალოდ ნაწილს აქვს ე.წ. სეპარაციის შფოთვა. ბავშვი არ რჩება სასწავლო გარემოში უფროსის, ახლობლის გარეშე. ჩვენ ვიცით ასეთი ბავშვები და ძალიან რთულია ამ მდგომარეობის გადალახვა.“

თამარ გაგოშიძის თქმით, ზოგიერთი ბავშვისთვის მშობლის გარეშე დარჩენა პანიკური შეტევის ტოლფასია:

​ბავშვს ეჩვენება, რომ მას დატოვებენ საყვარელი ადამიანები და აღარ მიაკითხავენ. პანიკური შეტევის ტოლფასია ზოგიერთი ბავშვისთვის მშობლის გარეშე დარჩენა. მე არ ვარ მომხრე, როდესაც მასწავლებლები საბავშვო ბაღში მშობელს ეუბნებიან: „მოკეტე კარი, იტირებს და გაჩერდება.“ ეს არ არის ის სიტუაცია, როდესაც ბავშვს კანფეტი უნდა, ჩვენ არ ვაძლევთ კანფეტს, იტირებს და გაჩერდება. ვიცით ბავშვები, რომლებიც მთელი წელი, ზოგიერთი ორი წელიც კი, მშობლის გარეშე არ ჩერდება სკოლაში.“

„არის მეორე ტიპის შფოთვითი აშლილობის ფორმა, რომელიც ჩვენ ხშირად გვხვდება ბავშვებში. ​ეს არის სასკოლო შფოთვა. ბავშვს უხარია სკოლაში წასვლა. სკოლა არ აძლევს იმის საბაბს, რომ არ წავიდეს სკოლაში, უნდა ბავშვს წასვლა, მიდის კარებამდე და იქ იწყებს ტირილს. ესეც არის პანიკური შიშის ტოლფასი. დედა კარგად იქცევა, როდესაც ამ დროს უკან მოჰყავს ბავშვი. ეს არის ირაციონალური შფოთვა, რომელსაც სჭირდება მკურნალობა და მხარდაჭერა. ასეთ ბავშვებს სჭირდებათ ფსიქოთერაპია. მშობელი მარტო ვერ გაუმკლავდება ამას,“- აღნიშნულ საკითხებზე თამარ გაგოშიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“

წაიკითხეთ სრულად