Baby Bag

,,თუ ბავშვს ვეუბნებით, რომ რაიმეს ვერ გააკეთებს, ის ნამდვილად ვერ გააკეთებს...თუ ვეუბნებით, რომ რამე არ შეიძლება, უნდა ავუხსნათ, რატომ არ შეიძლება...''

,,თუ ბავშვს ვეუბნებით, რომ რაიმეს ვერ გააკეთებს, ის ნამდვილად ვერ გააკეთებს...თუ ვეუბნებით, რომ რამე არ შეიძლება, უნდა ავუხსნათ, რატომ არ შეიძლება...''

რა არის ინტროექტები, რა გავლენას ახდენს და როგორ აისახება ეს ბავშვის თვითშეფასებაზე? - ​MomsEdu.ge-ს ამ და სხვა კითხვებს ფსიქოლოგმა მარიამ ბასოშვილმა უპასუხა. 

- ქალბატონო მარიამ, პირველ რიგში განგვიმარტეთ ინტროექტების მნიშვნელობა?

- ინტროექცია ფსიქოლოგიაში, ეს არის არაცნობიერის და გარე რეალობის ურთიერთქმედება. მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის მექანიზმი, რომლის საშუალებითაც ადამიანი იღებს სხვადასხვა ​ქცევის პატერნებს. ნებისმიერი რამის ათვისება იწყება პროდუქტის დაშლით. მაგალითად, ჩვენ სანამ საკვებს გადავყლაპავთ, ვღეჭავთ. თუ დამუშავების გარეშე მოხდა გადაყლაპვა, შესაძლოა, ადამიანს დაეწყოს, როგორც წესი, კუჭის პრობლემა ან რაიმე სახის სიმპტომები გამოიწვიოს, როგორიც არის ღებინება, სუნთქვის გაძნელება და სხვა. ასევე ხდება ინტროექტების შემთხვევაში, ნებისმიერი იდეა, აზრი, ქცევა თუ არის ,,დაუღეჭავად გადაყლაპული", შემდგომში თავისთავად როგორც პრობლემა ისე აღმოცენდება. შეხედულებები, ღირებულებები, ნორმები ადამიანში თავდაპირველად გარედან ხვდება. ზრდასთან და სოციუმთან შეხებასთან ერთად, ადამიანი იღებს ინფორმაციას გარედან და ეს შინაგანი სამყაროს საფუძველი ხდება. თუ ადამიანი კრიტიკის გარეშე, კონტექსტიდან გამომდინარეობის არ გათვალისწინებით იღებს რაიმე ინფორმაციას, ის ახდენს საკუთარ შინაგან სამყაროში ინტროექტების მოთავსებას.

პირველადი ინტროექტები ბავშვში თავსდება პირველი ორი წლის განმავლობაში. 3-4 წლის ასაკში ჩნდება ,,ცუდის'' და ,,კარგის" ცნებები. დაახლოებით 6-12 წლის ასაკში საბოლოოდ ხდება თვითიდენტიფიკაციის დასრულება. არსებობს კვლევები, რომლებმაც აჩვენა, რომ მორალური და ემოციური მახასიათებლების ჩამოყალიბება 2-3 წლის ასაკში ხდება.

- რა გავლენას ახდენს ინტრეოქტები პიროვნების ჩამოყალიბების პროცესში, საჭირო და გარდაუალია მათი გავლენა?
- ადამიანის განვითარების ადრეულ ეტაპზე პრაქტიკულად შეუძლებელია ინტროექციისთვის თავის არიდება. ეფექტური მიღებისთვის საჭიროა ინფორმაციის დაშლა, გაანალიზება, ზედმეტის მოშორება და ისე ათვისება. თავდაპირველად ბავშვს არ აქვს ინფორმაციის დაშლის და გაანალიზების უნარი, ამიტომ ნებისმიერი სიტყვა ან ფრაზა წარმოადგენს ინტროექტს. გამოდის რომ ინტროექტების საშუალებით (ის რასაც მშობლები ბავშვს ეუბნებიან საკუთარი თავის ან გარე სამყაროს შესახებ) შეიცნობს სამყაროს და საკუთარი თავის მიმართ ინტროექტების საფუძველზე უჩნდება სხვადასხვა დამოკიდებულება და განცდები, რაც პირდაპირ კავშირშია შემდგომ მის თვითშეფასებასთან.
ბავშვი გადის განვითარების ეტაპებს, რომლებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს სუპერ-ეგოს ფორმირებაში. მათ შორის შეიძლება, გამოვყოთ საკუთარი თავის სხვებისაგან განსხვავება. ექვსი თვის ასაკში ბავშვი ფსიქოლოგიურად მზადაა განასხვავოს ერთმანეთისგან დედის ემოციები, რომლებიც აუცილებელია მისი ქცევითი რეაქციებისთვის. შემდეგ ბავშვს უყალიბდება აკრძალვისა და მითითებების გაგების უნარი. დედის მხრიდან ცხრა თვიდან დაწყებული აკრძალვები ბავშვში ხელს უწყობს ინტროექტების ჩამოყალიბებას.
- ინტროექტების დადებით და უარყოფით გავლენაზე რომ ვისაუბროთ...
- ზრდასთან ერთად ბავშვს გადაეცემა მშობლის გამოცდილება და დამოკიდებულება, როგორც მიზანმიმართულად, ასევე გაუცნობიერებლად. ეს მნიშვნელოვანი პირობაა ბავშვის პიროვნებად ჩამოყალიბებისთვის. იმის გასაცნობიერებლად თუ რამდენად სასარგებლოა ის, თუ რას ეუბნებიან მშობლები შვილებს, უნდა დავაკვირდეთ თუ როგორ შეისმენენ ბავშვები მშობლების, მასწავლებლების და სხვა უფროსების ნათქვამს. როგორც წესი, ბავშვი ხშირად სვამს შეკითხვებს როგორიცაა: „რატომ უნდა გავაკეთო ასე და არა სხვაგვარად“... თუ უფროსის მიერ მიწოდებული ინფორმაცია შეკითხვის და გაანალიზების გარეშე ხდება გათავისებული, შედეგად ყალიბდება ინტროექტები.
როგორც ზემოთ აღვნიშნე, ბავშვისთვის ადრეულ ეტაპზე საკუთარ თავს და გარემოს ინტროექტების საშუალების შეიცნობს, რამდენად დადებითი ან უარყოფითია ამა თუ იმ ინტროექტის შინაარსი, სწორედ ეს განსაზღვრას მის სარგებლიანობას და უსარგებლობას. ინტროექტები ხელს უშლის ადამიანს იმყოფებოდეს სივრცეში „აქ და ამჟამად“. ვინაიდან შინაგან სამყაროში არსებული გარკვეული პროგრამის არსებობა რთული გასაცნობიერებელი და საგრძნობია. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გაიხსენოს ყოველდღიურ ცხოვრებაში დამკვიდრებული მოსაზრებები, რომლებიც მყარად დამკვიდრდნენ ჩვენს მსოფლმხედველობაში. ჩვენ მათ ვეყრდნობით და აზრადაც არ მოგვდის მათი გადახედვა. მაგალითად „უფროსებს უნდა დაუჯერო“, „კაცები არ ტირიან“, „ქმარს უფრო მეტი შემოსავალი უნდა ჰქონდეს, ვიდრე ცოლს“, „არავის ნდობა არ შეიძლება“, „უმაღლესი განათლების გარეშე კარგ სამსახურს ვერ იპოვი",„დიდ ფულს კეთილსინდისიერად ვერ იშოვი“ და სხვა უამრავი უარყოფითი ინტროექტი.
ინტროექცია არის ის, რასაც ბავშვებს „აჭმევენ“ მათი აზრის უკითხავად. „მიესალმე უფროსებს“ – „რატომ?“ – „იმიტომ“. როგორც წესი ინტროექცირებისადმი მიდრეკილი ადამიანი აგრძელებს ყველაფრის დაუღეჭავად და გაუფილტრავად გადაყლაპვას. ასეთ ადამიანს არ აქვს კრიტიკული აზროვნების უნარი ჩამოყალიბებული. ამ ადამიანებისთვის მნიშვნელოვანია გარეგანი თანხმობის მიღება, ამიტომაც თერაპიის დასაწყისში ისინი ხშირად კითხულობენ „ეს სწორად გავაკეთე?“ „როგორია სწორი საქციელი?“.
ინტროექტი ასევე შეიძლება, აღმოცენდეს როგორც ტრავმის შედეგი. „ყოველთვის უნდა მიესალმო ქუჩაში მოხუცებს. თუ ამას არ იზამ, მაშინ შეიძლება, მანქანა დამეჯახოს, ერთხელ სწორედ ასე შემემთხვა.“ ტრავმატული ინტროექტი თითქმის ყოველთვის გაუცნობიერებელია. თავისი შინაარსით ის პოსტ ტრავმული სტრესული აშლილობის ერთ-ერთი სიმპტომია და ამ სახის ინტროექტებთან ისე მუშაობენ, როგორც ტრავმებთან.
- რა ზომების მიღებაა საჭირო, რომ ინტროექტების გავლენა ცუდი არ იყოს, განსაკუთრებით ბავშვებში?

- ამ შემთხვევაში აუცილებელია, მშობელმა იცოდეს იმ სიტყვას თუ ფრაზას, რომელსაც იყენებს ბავშვთან რა დატვირთვა და შინაარსი აქვს. ხალხური ბევრი გამოთქმა გვაქვს, მაგალითად, ,,შეძახილმა ხე გაახმო", ,,ქვევრს რასაც ჩასძახებ, იმას ამოგძახებს"... ეს კარგად გამოხატავს ინტროექტების მნიშვნელობას და შედეგს. ინტროექტების ანუ შეძახილების მიზანი აუცილებელია, რომ მშობელმა იცოდეს. თუ ვეუბნებით ბავშვს, რომ რამე არ შეიძლება უნდა ავუხსნათ რატომ არ შეიძლება. თუ ვეუბნებით რომ რაიმეს ვერ გააკეთებს, ის ნამდვილად ვერ გააკეთებს. რაც მეტი პიზიტიური და დადებითი ინტროექტები მიეწოდება ბავშვს, მით მეტია იმის, შანსი რომ ბავშვი იყოს თავდაჯერებული და მაღალი, ადეკვატური თვითშეფასებით.
- და ბოლოს, რა გავლენას ახდენს ინტროექტები თვითშეფასებაზე?
- ზემოთ აღწერილიდან გამომდინარე, ნათლად ჩანს რამდენად კავშირშია ერთმანეთთან ინტროექტები და თვითშეფასება. ბავშვს თვითშეფასება, საკუთარი თავის აღქმა უყალიბდება ისეთი, როგორსაც ხედავენ მშობლები. თუ ბავშვს აწვდიან მუდმივად ნეგატიურ ინტროექტებს ( ,,რანაირად გამოიყურები", ,,ასე არ გიხდება", ,,რით ვერ ისწავლე, ,,არაფრის მაქნისი არ ხარ" და სხვა...) მაშინ მისი თვითშეფასება არის დაბალი. უარყოფით ინტროექტები ხელს უშლის ბავშვს, რომ ჰქონდეს ადეკვატური დამოკიდებულება საკუთარი თავისა და სოციუმის მიმათ. ბავშვობის პერიოდში დაბალი თვითშეფასება ყველაზე ადვილად დასაძლევია, ვინაიდან სწორედ დადებითი ინტროექტებით მშობლებისა და გარემოს მხრიდან ბავშვში შესაძლოა, გაჩნდეს თავდაჯერებულობის განცდა და თვითშეფასება მარტივად ამაღლდეს. კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ, სანამ ბავშვს რაიმე ფრაზას, სიტყვას ვეტყვით, კარგად დავფიქრდეთ და გავიაზროთ, რა შედეგს მოგვცემს ის. 

ესაუბრა მაკა ქაფიანიძე 


არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების​ ჯგუფი“)

შეიძლება დაინტერესდეთ

„ბავშვს რომ აიძულებ საყვარელი სათამაშო აჩუქოს სტუმარ ბავშვს, ბავშვისთვის ის ნივთი არის, როგორც ზრდასრულისთვის სახლი,“ - მარინა კაჭარავა იძულების ნეგატიურ შედეგებზე

„ბავშვს რომ აიძულებ საყვარელი სათამაშო აჩუქოს სტუმარ ბავშვს, ბავშვისთვის ის ნივთი არის, როგორც ზრდასრულისთვის სახლი,“ - მარინა კაჭარავა იძულების ნეგატიურ შედეგებზე

ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ ბავშვზე იძულების ნეგატიური ზეგავლენის შესახებ ისაუბრა და მშობლებს ურჩია, რომ შვილებს არას თქმა ასწავლონ:

„არ შეიძლება იმის თქმა, რომ ბავშვმა ვინმეს არ გაუყოს რამე და არ გაუნაწილოს, მაგრამ ეს არ უნდა იყოს იძულებითი. ეს უნდა ისწავლოს ბავშვმა, რომ დიახ, აირჩიოს და გაუნაწილოს და არა იმიტომ, რომ იძულებულია. თუ ის სულ იძულებულია, თუ სულ ამას ვაიძულებ, მერე სხვასთან იქნება იძულებული გააკეთოს რაღაც. ერთ-ერთი ფსიქოლოგი წერს ასეთი რამეს: ბავშვს რომ აიძულებ საყვარელი სათამაშო აჩუქოს სტუმარ ბავშვს, რომელიც მოთქვამს, რომ აჩუქოს. წარმოიდგინეთ, რომ მეუღლემ, საყვარელმა ადამიანმა გაჩუქოთ ძვირფასი რაღაც. მოვიდეს დედათქვენის მეგობრის შვილი, თქვენი ასაკის და ატეხოს წივილ-კივილი, რომ აჩუქოთ. რამდენად ადეკვატურია ეს რომ აჩუქოთო, წერს ეს ფსიქოლოგი.

ბავშვისთვის ის ნივთი არის, როგორც ზრდასრულისთვის სახლი. ბავშვისთვის ძვირფასობა იმაში არ გამოიხატება, რამდენი აქვს მშობელს ამ ნივთში მიცემული. ეს მშობელი აწვდის მას ამ ინფორმაციას, რომ ძვირი ღირს. ბავშვმა საიდან უნდა იცოდეს, რა რა ღირს. არც უნდა იცოდეს მან ეს. მისთვის ეს რომ ძვირფასია და მას აიძულებ რაღაცას, მერე ვიღაც სხვა აიძულებს. მე იმის მომხრე ვარ, რომ ბავშვმა წინააღმდეგობის გაწევა ისწავლოს. მე არ ვარ იმის მომხრე, რომ გაზიარება არ იცოდეს. მნიშვნელოვანია, რომ მან არას თქმა ისწავლოს. თუ მან ეს არ იცის, ის ვერ გაუწევს წინააღმდეგობას ცხოვრებისეულ გამოწვევებს. მერე ეზოში ჩადის ბავშვი, ეტყვიან სიგარეტი მოვწიოთ, ყველა ეწევა. არ უნდა, მაგრამ მოწევს. მერე მარიხუანას მოაწევინებენ, არ უნდა, მაგრამ ამას აკეთებს. მერე შეიძლება ჩხუბში აღმოჩნდეს, არ უნდოდა, მაგრამ წაყვა. ეს ტენდენციაა ასეთი, რომ ადამიანი თუ ერთხელ არ ამბობს უარს, მერე უარს აღარ ამბობს,“- აღნიშნა მარინა კაჭარავამ.

წყარო: ​„აზროვნების აკადემია“

წაიკითხეთ სრულად