Baby Bag

„საკეისრო კვეთა არის ნელი მოქმედების ნაღმი, რომელიც რჩება ქალის ორგანიზმში,“- მეან-გინეკოლოგი ზაზა სინაურიძე

მეან-გინეკოლოგმა ზაზა სინაურიძემ საქართველოში საკეისრო კვეთის მაღალი მოთხოვნის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ინფორმაციის ნაკლებობის გამო ხდება:

„საკეისროს მაღალი მოთხოვნა არის ჩვენი, ექიმების ბრალი. შესაბიმის ინფორმაციას არ ვაწვდით პაციენტს. ერთი შეხედვით საკეისრო კვეთა ადვილია, მაგრამ ეს ასე არ არის. 15-20 წუთი გვჭირდება დასამთავრებლად. ჩვენ ორ საათში ვაყენებთ ქალს ფეხზე საკეისროს შემდეგ. საკეისრო კვეთა არის ნელი მოქმედების ნაღმი, რომელიც რჩება ქალის ორგანიზმში.

საკეისრო კვეთა არის ჩარევა, იხსნება მუცლის ღრუ, იხსნება საშვილოსნოს ღრუ. რაც მთავარია, საშვილოსნოზე ჩნდება ის ნაწიბური, რომელიც ძალიან სახიფათოა შემდგომი ორსულობისთვის. ჩვენთან საკმაოდ მაღალი, დაახლოებით 38% გვაქვს ნაკეისრალების მშობიარობა. საშვილოსნო არის კუნთი. როდესაც კუნთი იზრდება, შემაერთებელი ქსოვილი ვერ მიჰყვება. ამიტომ ხდება ისეთი არასასიამოვნო შემთხვევები, როდესაც ხდება გახევა და მას მოჰყვება ძალიან ცუდი მდგომარეობები, როგორც ქალისთვის, ასევე ბავშვისთვის.

XXI საუკუნეში გამოიცა ახალი მიმართულება, რომელსაც შეარქვეს „მეანების ბიბლია.“ იქ არის ათი მცნება. პირველი მცნება არის მშობიარობის პროცესის დემედიკალიზაცია. მათ შორის არის ზედმეტი ჩარევა ეპიდურის თვალსაზრისით. დაზიანების გამო, რომ წელს ქვევით მოწყდე, ასეთი რამ არ არსებობს, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეებიც. მნიშვნელოვანია, ეს იყოს ერთობლივი გადაწყვეტილება. საქართველოში ძალიან პოპულარული გახდა: „მოდი, გამიყუჩე რა.“ არის ვითარება, როდესაც ჩვენ თვითონ ვეუბნებით, რომ ამ შემთხვევაში ეპიდულარული გაყუჩება უკეთესია, ვინაიდან გასავლელი დიდი გზა აქვს, ბევრი ტკივილი ელოდება წინ. ტკივილი მნიშვნელოვნად მოქმედებს ნაყოფზეც. თეთრი ჰიპოქსიები ზუსტად ამით არის გამოწვეული. ნაყოფსაც აქვს ტკივილის შეგრძნების უნარი,“ - აღნიშნულ საკითხზე ზაზა სინაურიძემ „ტელეკომპანია პირველის“ გადაცემაში „ოჯახის ექიმი“ ისაუბრა.

წყარო: ​ოჯახის ექიმი

შეიძლება დაინტერესდეთ

„ერთი წლის ასაკის შემდეგ მე თვითონ ვნიშნავ ყველა ბავშვთან თაფლს,“ - პედიატრი თემურ მიქელაძე ბავშვებში ფუტკრის პროდუქტების გამოყენების შესახებ

პედიატრმა თემურ მიქელაძემ ბავშვებში ფუტკრის პროდუქტების გამოყენების შესახებ ისაუბრა და განმარტა რა შემთხვევაში არ უნდა გამოიყენონ მშობლებმა მსგავსი ტიპის პროდუქტები:

„წლამდე ასაკის ბავშვებში არ არის ფუტკრის პროდუქცია მოწოდებული, რომ არ განვითარდეს ალერგია. ზოგიერთ შემთხვევაში ბოტულიზმის ჩხირებით შეიძლება იყოს დაბინძურებული თაფლი და წლამდე ასაკის ბავშვების ბოტულიზმის ერთ-ერთი წყარო არის თაფლი. ერთი წლის ასაკის შემდეგ მე თვითონ ვნიშნავ ყველა ბავშვთან თაფლს. ხანდახან თაფლს, ლიმონს და ალოეს ვუმატებ ხოლმე ერთმანეთს და ყველა პაციენტს ამას ვთავაზობ, რომ მიიღონ დილას და საღამოს.

რაც შეეხება ყვავილის მტვერს, გირჩის მურაბას, ეს არის აბსოლუტური მითები. ეს მტვერი შეიძლება იყოს ალერგენი. მე ხშირად მინახავს მოყვავილე ყვავილებზე ალერგიის მქონე პაციენტები დამტვერვის პერიოდში მიჰყავთ ხოლმე კურორტებზე. თუ ეს ალერგია გვაქვს, ის პირიქით, შეიძლება გამწვავდეს. გირჩის მურაბა, ყვავილის მტვერი, ასეთი რეკომენდაციები არ არსებობს.

იმუნომოდულაციური და იმუნოსტიმულაციური საშუალებები არ არსებობს. რომ იყოს ასეთი საშუალება, არც ექიმი იქნებოდა, არც აფთიაქი. სწორი, ჯანსაღი ცხოვრება, ფიზიკური აქტივობა გამოიწვევს იმუნოსტიმულაციას და ბავშვები იქნებიან ჯანმრთელები,"- აღნიშნა თემურ მიქელაძემ. 

წყარო:​ LIFE FM

წაიკითხეთ სრულად