Baby Bag

თუ კვების ამ წესებს დავიცავთ, ბავშვს არანაირი ვიტამინი არ დასჭირდება - პედიატრი თემურ მიქელაძე

პედიატრმა თემურ მიქელაძემ მშობლებს ურჩია ბავშვებს ვიტამინების ნაცვლად სასარგებლო საკვები პროდუქტები შესთავაზონ:

„ყველანი თევზის ქონს გაიძახიან. ერთი თევზი უდრის იმდენ ომეგა 3-ს, რაც შეიძლება ორი თვის განმავლობაში ვერ მიიღოს ბავშვმა. ბავშვს ნატურალური პროდუქტებიდან უნდა შევთავაზოთ ყველა ტიპის ჯგუფი: ხილი, ბოსტნეული, ხორცი, რძე, რძის პროდუქტები, თევზი, თევზის პროდუქტები. ამ პროდუქტებიდან მისი შეწოვა და ბიოშეღწევადობა უფრო მაღალია, ვიდრე სამკურნალო საშუალებებიდან. განსაკუთრებული ვიტამინები არ არის აუცილებელი. ნებისმიერი რესპირაციული ვირუსული მართვისას მთავარი არის ცხოვრების ჯანსაღი წესი.

ცხოვრების ჯანსაღი წესი არის ფიზიკური აქტივობა და სწორი კვება. სწორი კვება ნიშნავს, რომ დღის რაციონის 50% უნდა იყოს ბოსტნეული, 30% ხილი, 20% ცილა. თუ იქნება ეს დაცული, არანაირი ვიტამინები ბავშვს არ დასჭირდება. ვიტამინები უფრო ძვირი ღირს, ვიდრე სწორი კვება. კაცმა არ იცის რა შემოდის, რა სახის ვიტამინებია. კარგი ხარისხის ვიტამინები საკმაოდ ძვირია. სჯობს ამ თანხით რაიმე საკვები პროდუქტი ვუყიდოთ ბავშვს და იქიდან გაცილებით მეტი სარგებელი გვექნება,“- მოცემულ საკითხზე თემურ მიქელაძემ საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „ერთსულოვნების დილა“ ისაუბრა.

წყარო: ​„ერთსულოვნების დილა“

შეიძლება დაინტერესდეთ

პროდუქტების სია, რომელიც დაბერებას უშლის ხელს - როგორ ვიკვებოთ 40 წლიდან?

პროდუქტების სია, რომელიც დაბერებას უშლის ხელს - როგორ ვიკვებოთ 40 წლიდან?

როგორ ვიკვებოთ 40 წლიდან? - ამ თემაზე „დილა მშვიდობისა საქართველოს“ პირდაპირ ეთერში დიეტოლოგმა ნატალია გოგავამ ისაუბრა.

„ჯანმრთელობისთვის ჩვენს ორგანიზმს ესაჭიროება მთელი რიგი ნუტრიენტები, საჭირო რაოდენობით. თუ კვება იქნება სწორი, დაბალანსებული და მრავალფეროვანი ჩვენ ამ ამოცანას შევასრულებთ. როდესაც ეს პროცესი მწყობრშია, შესაბამისად, დაბერების პროცესიც ნელდება. სხვადასხვა დაავადებისგან და დროული ან ნაადრევი სიბერისგან თავდაცვის მიზნით ჩვენ გვჭირდება ნივთიერებები, რომლებსაც ორ ან მაქსიმუმ სამ ჯგუფად დავყოფ:

  1. ანტიოქსიდანტები - ნივთიერებები, როგორიცაა A,E,C ვიტამინები, ბეტა - კაროტინი, თუთია, ლიკოპინი. მათი მთავარი ამოცანაა ორგანიზმის თითოეული უჯრედი დაიცვან მავნე რადიკალების ზემოქმედებისგან;
  2. არანაჯერი ცხიმ-მჟავები - განსაკუთრებით ომეგა 3.
  3. ნივთიერებები, რომლებიც აფერხებენ კოლაგენის გლიკაციის პროცესს. მოგეხსენებათ, რომ კოლაგენი არის ჩვენი კანის მთავარი სტრუქტურა, რომელიც უნარჩუნებს ფორმას, სიმკვრივეს, ელასტიკურობას, ფერს. ამ პროცესის შეფერხების შემდეგ კოლაგენი კარგავს ამ თვისებებს, შესაბამისად, ჩვენი კანი ნაკლებად მკვრივი ხდება.

პროდუქტების არჩევანი საკმაოდ დიდი გვაქვს, თუმცა, მთავარია როგორ არის მოყვანილი, რამდენად ვარგისიანია და ბევრი სხვა დეტალი. არ შემიძლია არ აღვნიშნო პომიდორი, რომელიც შეიცავს ლიკოპინს. ლიკოპინი არის ნივთიერება, რომელიც ებრძვის ულტრაიისფერ გამოსხივებას, რაც ხელს უწყობს ჩვენი კანის სიჯანსაღეს და ახალგაზრდობას. ლიკოპინი არ იშლება თერმული დაზიანების დროს და პირიქით, უკეთესადაც კი ხდება მისი ათვისება. თუ ადამიანს პრობლემა არ აქვს ნაღვლის ბუშტზე, პომიდორის მიღება შეუძლია კანით, როგორც ცოცხლად, ასევე, გამომცხვარი. ლიკოპინს გააჩნია კიდევ ერთი ძალიან კარგი თვისება, ის ამცირებს თრომბების წარმოქმნის რისკს, ამკვრივებს ჩვენი სისხლძარღვების კედლებს, ქოლესტერინის დონეს დაბლა წევს. რადგან ლიკოპინზე ვსაუბრობთ, აუცილებელია ვახსენოთ წითელი ბულგარული წიწაკა. წითელი ბულგარული წიწაკაც შეიცავს დიდი რაოდენობით ლიკოპინს და ასევე, ბეტა-კარატინოიდებს, რომელიც ებრძვის დაბერებას;

კომბოსტო - მას აქვს ბევრი დადებითი თვისება, C ვიტამინის და კალცის მაღალი დონე. განსაკუთრებით სასარგებლოა ბროკოლი, რომელიც ყველა სხვა კომბოსტოსგან განსხვავებით E ვიტამინსაც შეიცავს ( უმიც დასაშვებია და ოდნავ თერმულად დამუშავებულიც - არ უნდა იყოს ძალიან გადახარშული, დადებითი თვისებების შესანარჩუნებლად). ისპანახი, ოხრახუში (აკავებს კალცს, ებრძვის შეშუპებას, შეიცავს დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტებს, შეიცავს უჯრედისს, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ნაწლავების მიკროფლორისთვის);

კაკაო და შავი შოკოლადი - განსაკუთრებულ ნივთიერებებს შეიცავს, ებრძვის ანთებით პროცესებს, აფერხებს ზოგიერთი სახეობის სიმსივნის განვითარებას. თუმცა, ზომიერება არ უნდა დაგვავიწყდეს. შოკოლადის მიღების დროს, ორგანიზმში გამოიყოფა ენდორფინები, ამიტომ ხშირად სტრესის დროს ვიღებთ ხოლმე.

თხილეული და სხვადასხვა სახის თესლი - ჯანსაღი ცხიმის შემცველი პროდუქტები. ომეგა 3-ის შემცველობით პირველ ადგილზეა სელის თესლი, რომელიც შეიცავს კალიუმს, მაგნიუმს, B ჯგუფის ვიტამინებს, უჯრედისს, ამცირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში, სასარგებლოა საჭმლის მონელებისთვის. გოგრის თესლი - მის შემადგენლობაშია ისეთი ნივთიერებები, რომლებიც ებრძვის სიმსივნეს. ნუში - ჯანსაღი ცხიმების შემცველობასთან ერთად, ცილის წყაროა და ამასთან, შეიცავს დიდი რაოდენობით მაგნიუმს.

ჯანსაღი ცხიმის შემცველ პროდუქტებს დავამატოთ - ზეითუნის ზეთი, ცხიმიანი თევზი (ქაშაყი, სარდინები, სკუმბრია, ორაგული).

ანტიოქსიდანტები - კენკრა (ჟოლო, მოცვი, მარწყვი, შტოში); სხვადასხვა მწვანილი(სალათის ფურცელი, რუკოლა, აისბერგი).

მთავარია, ჩვენი კვება იყოს დაბალანსებული და მრავალფეროვანი, სხვადასხვა ელემენტით და ნივთიერებით'' - აღნიშნა დიეტოლოგმა ნატალია გოგავამ. 

წყარო: ​,,დილა მშვიდობისა საქართველო''

წაიკითხეთ სრულად