Baby Bag

„თუ ფეხშიშველი ისწავლის ბავშვი სიარულს, ეს მისთვის უკეთესია,“ - ბავშვთა ქირურგი ლევან ხარაშვილი

ბავშვთა ქირურგმა ლევან ხარაშვილმა მშობლებს ურჩია, ბავშვებს ფეხშიშველი სიარულის შესაძლებლობა მისცენ:

„თუ ბავშვი სიარულს სწავლობს, ფეხზე დგება, დაყრდნობა იცის და ცდილობს, რომ იაროს, სჯობს, რომ ფეხზე საერთოდ არ ეცვას. ასე ის უკეთესად შეიგრძნობს იმ ზედაპირს, რომელზეც დგას. კონტაქტი მის სხეულსა და ზედაპირს შორის გაცილებით უკეთესად ყალიბდება. ის უკეთესად გრძნობს, რომელი ზედაპირია მყარი, რომელი რბილი, სად შეიძლება ენდოს, სად შეიძლება ფეხი დაუცურდეს. თუ ფეხშიშველი ისწავლის ბავშვი სიარულს, ეს მისთვის უკეთესია. არ არის აუცილებელი ორთოპედიული ფეხსაცმელების და სუპინატორების დამზადება.

ამდენი წელია ბავშვების ექიმი ვარ და ყოველი პაციენტის ჩემს კაბინეტში შემოყვანა იწყება ამაზე საუბრით, რომ გახადეთ ბავშვს, სცხელა. ძალიან დაეჭვებული სახით მიყურებენ ხოლმე, გახდიან, მაგრამ დარწმუნებული ვარ, როგორც კი ჩემი კაბინეტიდან გავლენ, აუცილებლად ჩააცმევენ. რომელიღაც ოჯახის წევრი, ძირითადად ბებიები, ჭკვიან ექიმად არ მომიხსენიებენ ხოლმე, მაგრამ რა ვქნა?! მე უნდა ვიბრძოლო ბავშვებისთვის,“ - მოცემულ საკითხზე ლევან ხარაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში „ჯანმრთელობის ფორმულა“ ისაუბრა.

წყარო: ​„ჯანმრთელობის ფორმულა“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

,,ერთადერთი უალტერნატივო არის მასთან მეგობრობა" - როგორ მოვიქცეთ თინეიჯერ შვილთან ურთიერთობისას

,,ერთადერთი უალტერნატივო არის მასთან მეგობრობა" - როგორ მოვიქცეთ თინეიჯერ შვილთან ურთიერთობისას

როგორ უნდა მოიქცეს მშობელი თინეიჯერ შვილთან ურთიერთობისას და რა დეტალები უნდა გაითვალისწინოს მან იმისთვის, რომ ამ პერიოდში მოზარდთან პოზიტიური ურთიერთობა შეინარჩუნოს - ამის შესახებ ფსიქოლოგი, მარინა კაჭარავა ​საუბრობს. 

,,ამ პერიოდში ადამიანში თვითშეფასება ძალიან დაბლდება, უმეტესწილად - აქვთ გარეგნობის კომპლექსი, ჰგონიათ - რომ არაფერს წარმოადგენენ და არაღიარებულები არიან და ა.შ. ერთადერთი უალტერნატივო არის მასთან მეგობრობა. მაგალითად, თინეიჯერი შვილი უსმენს რაიმე მუსიკას, რაც მშობელს არ მოსწონს - უნდა დაჯდე მასთან ერთად და მოუსმინო; კი არ აუკრძალო და ჭკუა დაარიგო, არამედ - ინტერესი გამოხატო. როდესაც მე, მშობელი ვჯდები მასთან ერთად და რაღაცას ვაკეთებ, მისი თანატოლივით ვხდები და უფრო მენდობა, ვიდრე მაშინ, როცა დირექტივებს ვიძლევი - ეს არ გააკეთო. მშობელი ზოგჯერ კმაყოფილია, როცა ჰგონია, რომ შვილს აკონტროლებს და წარმოდგენა არ აქვს, მისი შვილი რას ფიქრობს, რას აკეთებს, სად არის. სწორედ ისეთ მშობლებს არ აქვთ ეს წარმოდგენა, რომლებიც ამბობენ, რომ ჩემი შვილი მე ამას ვერ გამიბედავს. უალტერნატივოა მეგობრობა და ავტორიტეტის შენარჩუნება. როგორ ვინარჩუნებთ ავტორიტეტს - იმით, რომ შვილმა დაინახოს, ერკვევი იმ რაღაცებში, რაშიც ის ერკვევა; რომ გაქვს სტატუსი და რაღაცას წარმოადგენ; რომ კარგად გამოიყურები... რამდენად გცემს საზოგადოება პატივს. ამას ყველაფერს ის ზომავს საკუთარი საზომით. მაგრამ მთავარი მომენტი არის ის, რომ ის თინეიჯერი მომღერალი, რომელიც შენს შვილს მოსწონს, უნდა გესმოდეს - მე მესმის შენი - ეს არის უალტერნატივო გზავნილი ადამიანისთვის. 

11 წლისას თავი უკვე დიდი ჰგონია. ამ ასაკაში ფიქრობენ, რომ ყველაფერი იციან და ყველაფრის უფლება აქვთ. შშობლის ნერვიულობა პირდაპირ გადაეცემა ბავშვს. ამ დროს მშობელს აქვს პრობლემა და არა მოზარდს. თუ მე ბავშვს მშვიდად ველაპარაკები ნებისმიერ თემაზე, მაშინ სისადავე ბევრ რამეს შველის. სინამდვილეში, ამ ასაკში აქვთ განცდა, რომ მათი არავის ესმის, არავის სჭირდება და მშობელი ჩამორჩა დროს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ხშირად იხმარეთ წინადადება - ჰო, დე, მე მესმის შენი, რა საინტერესოა. როდესაც მოზარდი გეტყვის რაიმეს და პასუხობ - სისულელეს ნუ მეუბნები, აქ უკვე კომუნიკაცია დასრულებულია. როგორც თქვენ განიცდით, ისე - ბავშვი", - აღნიშნავს კაჭარავა.

წაიკითხეთ სრულად