Baby Bag

„თუ ფეხშიშველი ისწავლის ბავშვი სიარულს, ეს მისთვის უკეთესია,“ - ბავშვთა ქირურგი ლევან ხარაშვილი

ბავშვთა ქირურგმა ლევან ხარაშვილმა მშობლებს ურჩია, ბავშვებს ფეხშიშველი სიარულის შესაძლებლობა მისცენ:

„თუ ბავშვი სიარულს სწავლობს, ფეხზე დგება, დაყრდნობა იცის და ცდილობს, რომ იაროს, სჯობს, რომ ფეხზე საერთოდ არ ეცვას. ასე ის უკეთესად შეიგრძნობს იმ ზედაპირს, რომელზეც დგას. კონტაქტი მის სხეულსა და ზედაპირს შორის გაცილებით უკეთესად ყალიბდება. ის უკეთესად გრძნობს, რომელი ზედაპირია მყარი, რომელი რბილი, სად შეიძლება ენდოს, სად შეიძლება ფეხი დაუცურდეს. თუ ფეხშიშველი ისწავლის ბავშვი სიარულს, ეს მისთვის უკეთესია. არ არის აუცილებელი ორთოპედიული ფეხსაცმელების და სუპინატორების დამზადება.

ამდენი წელია ბავშვების ექიმი ვარ და ყოველი პაციენტის ჩემს კაბინეტში შემოყვანა იწყება ამაზე საუბრით, რომ გახადეთ ბავშვს, სცხელა. ძალიან დაეჭვებული სახით მიყურებენ ხოლმე, გახდიან, მაგრამ დარწმუნებული ვარ, როგორც კი ჩემი კაბინეტიდან გავლენ, აუცილებლად ჩააცმევენ. რომელიღაც ოჯახის წევრი, ძირითადად ბებიები, ჭკვიან ექიმად არ მომიხსენიებენ ხოლმე, მაგრამ რა ვქნა?! მე უნდა ვიბრძოლო ბავშვებისთვის,“ - მოცემულ საკითხზე ლევან ხარაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში „ჯანმრთელობის ფორმულა“ ისაუბრა.

წყარო: ​„ჯანმრთელობის ფორმულა“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

თუ მშობელი გადაჭარბებულად არის ფოკუსირებული ბავშვის გარეგნულ იერსახეზე, ეს შეიძლება კვებითი აშლილობების წამახალისებელი გახდეს - ფსიქიატრი ქეთი აბდუშელიშვილი

თუ მშობელი გადაჭარბებულად არის ფოკუსირებული ბავშვის გარეგნულ იერსახეზე, ეს შეიძლება კვებითი აშლილობების წამახალისებელი გახდეს - ფსიქიატრი ქეთი აბდუშელიშვილი

ფსიქიატრმა ქეთი აბდუშელიშვილმა მშობლების მხრიდან შვილის გარეგნული იერსახეზე ზედმეტი ფოკუსირების მანკიერ მხარეებზე ისაუბრა:

„მნიშვნელოვანია, თუ ბავშვს ადრეული ასაკიდანვე აქვს დაყენებული მოთხოვნები და მოლოდინები, თუ რას ნიშნავს მშობლის კმაყოფილება მის გარეგნულ იერსახესთან დაკავშირებით. ვთქვათ, გადაჭარბებულად არის ფოკუსირებული მშობელი მის გარეგნულ იერსახეზე, ცალსახად ყოველთვის წაახალისებს და ხაზს უსვამს, რომ აი, რა კარგად გამოიყურები, შეიფერთხე ცოტა, ასეთი ტიპის მინიშნება არცთუ ისე კარგია.“

ქეთი აბდუშელიშვილის თქმით, გარეგნობასთან დაკავშირებით ნეგატიური შენიშვნების მიცემა უარეს შედეგს იძლევა:

„კიდევ უარესია, თუ მშობელი ბავშვს ეტყვის: „ცოტა მოსუქდი პანდემიის დროს.“ მშობელი მისგან მოელის, რომ იყოს იდეალური ფორმების მქონე. მით უმეტეს, ​გარეგნობის რომელიღაც არცთუ იდეალურ მხარეზე ხაზგასმა, სულ ამის ირგვლივ ტრიალი არ არის კარგი. კვებითი აშლილობების დროს მთავარი არის, რომ ადამიანის თვითიდენტიფიცირება და მეობა ეფუძნება იმას, თუ როგორ გამოიყურება გარეგნულად.“

„გარეგნულად კარგად გამოვიყურები, თუ გამხდარი ვარ და კატასტროფის ტოლფასია, თუ მომატებული ვარ. ეს უკვე ადრეული ასაკიდანვე აქვს დასწავლილი მოზარდს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მშობლისგან მიწოდებული მხარდამჭერი სტრუქტურა, ყველაფერი ის, რასაც მშობლობა ჰქვია. აქ მცირე შეცდომების დაშვებაც კი საკმაოდ მწვავედ ვლინდება მოზარდობის ასაკში. ამას ემატება კიბერ სივრცე და თანატოლების მხრიდან აღიარება იმ შემთხვევაში, თუ გამხდარია და მოსაწონია,“ - აღნიშნულ საკითხზე ქეთი აბდუშელიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

წაიკითხეთ სრულად