Baby Bag

„თუ ფეხშიშველი ისწავლის ბავშვი სიარულს, ეს მისთვის უკეთესია,“ - ბავშვთა ქირურგი ლევან ხარაშვილი

ბავშვთა ქირურგმა ლევან ხარაშვილმა მშობლებს ურჩია, ბავშვებს ფეხშიშველი სიარულის შესაძლებლობა მისცენ:

„თუ ბავშვი სიარულს სწავლობს, ფეხზე დგება, დაყრდნობა იცის და ცდილობს, რომ იაროს, სჯობს, რომ ფეხზე საერთოდ არ ეცვას. ასე ის უკეთესად შეიგრძნობს იმ ზედაპირს, რომელზეც დგას. კონტაქტი მის სხეულსა და ზედაპირს შორის გაცილებით უკეთესად ყალიბდება. ის უკეთესად გრძნობს, რომელი ზედაპირია მყარი, რომელი რბილი, სად შეიძლება ენდოს, სად შეიძლება ფეხი დაუცურდეს. თუ ფეხშიშველი ისწავლის ბავშვი სიარულს, ეს მისთვის უკეთესია. არ არის აუცილებელი ორთოპედიული ფეხსაცმელების და სუპინატორების დამზადება.

ამდენი წელია ბავშვების ექიმი ვარ და ყოველი პაციენტის ჩემს კაბინეტში შემოყვანა იწყება ამაზე საუბრით, რომ გახადეთ ბავშვს, სცხელა. ძალიან დაეჭვებული სახით მიყურებენ ხოლმე, გახდიან, მაგრამ დარწმუნებული ვარ, როგორც კი ჩემი კაბინეტიდან გავლენ, აუცილებლად ჩააცმევენ. რომელიღაც ოჯახის წევრი, ძირითადად ბებიები, ჭკვიან ექიმად არ მომიხსენიებენ ხოლმე, მაგრამ რა ვქნა?! მე უნდა ვიბრძოლო ბავშვებისთვის,“ - მოცემულ საკითხზე ლევან ხარაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში „ჯანმრთელობის ფორმულა“ ისაუბრა.

წყარო: ​„ჯანმრთელობის ფორმულა“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ბავშვს შეიძლება ერთი დაყვირებითაც მივაყენოთ ტრავმა,“ - ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა

„ბავშვს შეიძლება ერთი დაყვირებითაც მივაყენოთ ტრავმა,“ - ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა

ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ იმ ტრავმების შესახებ ისაუბრა, რომლებსაც მშობლები შვილებს აყენებენ. მისი თქმით, ბავშვს ტრავმა შეიძლება ერთი დაყვირებითაც მივაყენოთ:

„ფსიქოსომატიკაში არსებობს თეორიები, რომ არის პროგრამირების ფაზა, რომელიც იწყება ჩასახვამდე ერთი წლით ადრე. ხდება გარკვეული პატერნების ჩატვირთვა ბავშვში. ​ტრავმა ისეთი რამეა, რომ შეიძლება ერთი დაყვირებით მივაყენოთ ბავშვს. თუ ფსიქიკურ დონეზე ვერ მოხდა მისი გადამუშავება, გაიტყორცნება სხეულში. სხეული ხდება მერე სამიზნე და ხშირად ეს არაადეკვატურ ქცევაში გადადის.“

მარინა კაჭარავას თქმით, ბავშვი ვერ აცნობიერებს მატრავმირებელ გამოცდილებას, რის გამოც არაადეკვატურად იქცევა:

„ბავშვი ვერ მოყვება, ვერ აცნობიერებს ამ მატრავმირებელ გამოცდილებას. მას ამის გამოხატვა ვერბალურად არ შეუძლია. ის ამას მხოლოდ არაადეკვატური ქცევით, შიშებით გამოხატავს. სწორედ წარმოსახვა, ფანტაზია, თამაში არის საოცარი თერაპიული საშუალება, რომელიც დიდთანაც ძალიან კარგად მუშაობს.“

„ერთ მაგალითს მოგიყვანთ. იყო ერთ-ერტი ჟურნალისტი, რომელმაც ასეთი რამ თქვა: როდესაც გადაცემა მიმყავს, შევამჩნიე, რომ ჩემს რესპოდენტს თვალებში ვერ ვუყურებო. ეს მან გადაცემების ნახვის მერე დააფიქსირა. თერაპიის დროს ამოტივტივდა, რომ მისთვის ავტორიტეტმა ადამიანმა ერთხელ უხეშად უთხრა, ძალიან უტიფარი თვალები გაქვს და ადამიანს თვალებში ნუ უყურებ, უნდა დახარო თვალებიო. ეს არ ახსოვდა ამ ადამიანს. როგორც კი მან ეს გააცნობიერა, ის სიმპტომი გაქრა. თურმე როგორი მატრავმირებელია, რასაც ბავშვს ვეუბნებით. ​ზოგიერთ ადამიანს ყვირილზე აქვს საშინელი რეაქცია და იქცევა არაადეკვატურად. იმიტომ, რომ ბავშვობაში უყვიროდნენ ან დაუყვირეს, ეს მან ვერ მოინელა,“ - აღნიშნულ საკითხზე მარინა კაჭარავამ საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „ზღვარი მარინა კაჭარავასთან ერთად“ ისაუბრა.

წყარო: ​„საპატრიარქოს ტელევიზია“

წაიკითხეთ სრულად