Baby Bag

„თუ ფეხშიშველი ისწავლის ბავშვი სიარულს, ეს მისთვის უკეთესია,“ - ბავშვთა ქირურგი ლევან ხარაშვილი

ბავშვთა ქირურგმა ლევან ხარაშვილმა მშობლებს ურჩია, ბავშვებს ფეხშიშველი სიარულის შესაძლებლობა მისცენ:

„თუ ბავშვი სიარულს სწავლობს, ფეხზე დგება, დაყრდნობა იცის და ცდილობს, რომ იაროს, სჯობს, რომ ფეხზე საერთოდ არ ეცვას. ასე ის უკეთესად შეიგრძნობს იმ ზედაპირს, რომელზეც დგას. კონტაქტი მის სხეულსა და ზედაპირს შორის გაცილებით უკეთესად ყალიბდება. ის უკეთესად გრძნობს, რომელი ზედაპირია მყარი, რომელი რბილი, სად შეიძლება ენდოს, სად შეიძლება ფეხი დაუცურდეს. თუ ფეხშიშველი ისწავლის ბავშვი სიარულს, ეს მისთვის უკეთესია. არ არის აუცილებელი ორთოპედიული ფეხსაცმელების და სუპინატორების დამზადება.

ამდენი წელია ბავშვების ექიმი ვარ და ყოველი პაციენტის ჩემს კაბინეტში შემოყვანა იწყება ამაზე საუბრით, რომ გახადეთ ბავშვს, სცხელა. ძალიან დაეჭვებული სახით მიყურებენ ხოლმე, გახდიან, მაგრამ დარწმუნებული ვარ, როგორც კი ჩემი კაბინეტიდან გავლენ, აუცილებლად ჩააცმევენ. რომელიღაც ოჯახის წევრი, ძირითადად ბებიები, ჭკვიან ექიმად არ მომიხსენიებენ ხოლმე, მაგრამ რა ვქნა?! მე უნდა ვიბრძოლო ბავშვებისთვის,“ - მოცემულ საკითხზე ლევან ხარაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში „ჯანმრთელობის ფორმულა“ ისაუბრა.

წყარო: ​„ჯანმრთელობის ფორმულა“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

აქვს თუ არა დადებითი მხარეები პანდემიას? - ფსიქოლოგ ზურა მხეიძის შეფასება

აქვს თუ არა დადებითი მხარეები პანდემიას? - ფსიქოლოგ ზურა მხეიძის შეფასება

ფსიქოლოგმა ზურა მხეიძემ პანდემიის დადებითი მხარეების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ნებისმიერ კრიზისს შეუძლია, რომ ადამიანს გარკვეული სარგებელი მოუტანოს:

„ადამიანს უფრო ეძვირფასება ის, რაც არ აქვს. ის ნაკლებად აფასებს იმას, რაც აქვს. ურთიერთობების ფასი, რაც ადამიანს პანდემიის დროს მოაკლდა, გაცილებით გაიზარდა. როდესაც ჯანმრთელობა გაქვს და კარგად ხარ, მისი ფასი ნაკლებად იცი. როდესაც არ გაქვს, ამ ფასს იგებ. ეს დაფასება ცუდი არ არის. მიხვდი, რომ მნიშვნელოვანია ის საკითხები, რომლისთვისაც არ გეცალა.

მეორე კარგი, რაც მოხდა ის არის, რომ სამსახურები გადავიდნენ ონლაინ რეჟიმში და აღმოაჩინეს, რომ ზოგიერთი ფუნქცია ონლაინ რეჟიმში უფრო კარგად სრულდება. მე ვიცი სამსახურები, რომლებმაც დატოვა თანამშრომლები ონლაინ რეჟიმში. ეს აღმოჩენები გაკეთდა მთელ რიგ სამსარუხებში. თავიდან ერთი რეჟიმიდან მეორეზე გადასვლა გაძნელდა. ახლა ეს ჩვეულებრივი ამბავია.

იაპონელებზე ვკითხულობდი. წარმოიდგინეთ, რა დღეში არიან. არც ბუნებრივი რესურსი აქვთ, სულ ტაიფუნები და მიწისძვრებია. ეს ხალხი არათუ ცხოვრობს, ტექნოლოგიური განვითარება ნახეთ რა დონეზეა. გაძლიერდნენ იმ პირობებში, რა პირობებიც ჰქონდათ. მათი საქმიანობა, ფსიქოლოგიური თვისებები მოერგო იმ პირობებს და აწყობილია ისე, რომ არათუ ადაპტაცია შეძლოს, არამედ სერიოზულ პროგრესზეა ლაპარაკი. ნებისმიერი კრიზისი, ნებისმიერი რაღაც მსგავსი, გვეხმარება რაღაც ღირებულებების გადაფასებაში. რაც მანამდე არ ფასდებოდა მეტი ფასი ეძლევა, ხდება დამატებითი რესურსების შეძენა. ეს პლუსები ყველა კრიზისს ახასიათებს,“- აღნიშნულ საკითხზე ზურა მხეიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

წაიკითხეთ სრულად