Baby Bag

„თუ ფეხშიშველი ისწავლის ბავშვი სიარულს, ეს მისთვის უკეთესია,“ - ბავშვთა ქირურგი ლევან ხარაშვილი

ბავშვთა ქირურგმა ლევან ხარაშვილმა მშობლებს ურჩია, ბავშვებს ფეხშიშველი სიარულის შესაძლებლობა მისცენ:

„თუ ბავშვი სიარულს სწავლობს, ფეხზე დგება, დაყრდნობა იცის და ცდილობს, რომ იაროს, სჯობს, რომ ფეხზე საერთოდ არ ეცვას. ასე ის უკეთესად შეიგრძნობს იმ ზედაპირს, რომელზეც დგას. კონტაქტი მის სხეულსა და ზედაპირს შორის გაცილებით უკეთესად ყალიბდება. ის უკეთესად გრძნობს, რომელი ზედაპირია მყარი, რომელი რბილი, სად შეიძლება ენდოს, სად შეიძლება ფეხი დაუცურდეს. თუ ფეხშიშველი ისწავლის ბავშვი სიარულს, ეს მისთვის უკეთესია. არ არის აუცილებელი ორთოპედიული ფეხსაცმელების და სუპინატორების დამზადება.

ამდენი წელია ბავშვების ექიმი ვარ და ყოველი პაციენტის ჩემს კაბინეტში შემოყვანა იწყება ამაზე საუბრით, რომ გახადეთ ბავშვს, სცხელა. ძალიან დაეჭვებული სახით მიყურებენ ხოლმე, გახდიან, მაგრამ დარწმუნებული ვარ, როგორც კი ჩემი კაბინეტიდან გავლენ, აუცილებლად ჩააცმევენ. რომელიღაც ოჯახის წევრი, ძირითადად ბებიები, ჭკვიან ექიმად არ მომიხსენიებენ ხოლმე, მაგრამ რა ვქნა?! მე უნდა ვიბრძოლო ბავშვებისთვის,“ - მოცემულ საკითხზე ლევან ხარაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში „ჯანმრთელობის ფორმულა“ ისაუბრა.

წყარო: ​„ჯანმრთელობის ფორმულა“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ბავშვებში მოწამვლის სიხშირით პირველ ადგილზეა პარაცეტამოლით მოწამვლა,“- პედიატრი მაია ჩხაიძე

„ბავშვებში მოწამვლის სიხშირით პირველ ადგილზეა პარაცეტამოლით მოწამვლა,“- პედიატრი მაია ჩხაიძე

იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის ტოქსიკოლოგმა ლია სამხარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ბავშვებში მედიკამენტური ინტოქსიკაციების გახშირებული შემთხვევების შესახებ ისაუბრა:

„რაც შეეხება მედიკამენტურ ინტოქსიკაციებს, ძირითადად არის ანტიჰიპერტენზიული, სედატიური, საძილე, ფსიქოტროპული პრეპარატებით. რაც სახლში აქვთ ძირითადად იმ მედიკამენტებით. ასევე ხშირად არის ანალგეტიკებით ინტოქსიკაცია. ქიმიური ნივთიერებებიდან ძირითადად არის, „მარგანცოვკა,“ ძმრის ესენცია (ძალიან მძიმე დამწვრობას იძლევა), თმის საღებავის გამხსნელები. ამ ბოლო დროს ხშირია მღრღნელების საწინააღმდეგო სხვადასხვა ქიმიკატებით მოწამვლა.“

პედიატრ მაია ჩხაიძის თქმით, ბავშვები ყველაზე ხშირად პარაცეტამოლით იწამლებიან:

„პირველ ადგილზე მოწამვლის სიხშირით არის პარაცეტამოლით მოწამვლა. ეს ის მედიკამენტია, რომელიც პრაქტიკულად ყველა ოჯახშია. ფსიქოტროპულების და ანტიდეპრესანტების დიდი რაოდენობით მიღებამ, შესაძლოა, სიკვდილიც გამოიწვიოს.

ერთი შემთხვევა იყო, რომ ბავშვი იყო ძილიანი, ვერ ვაღვიძებდით. 18 თვის ბავშვი იყო. მშობელს როდესაც ვკითხეთ, რაიმე მედიკამენტი ხომ არ გაქვთ სახლში, რასაც მიწვდებოდა ბავშვი, ამაზე კატეგორიული უარი მივიღეთ. გავაკეთეთ კომპიუტერული ტომოგრაფია, ვერანაირი მიზეზი ვერ ვიპოვეთ. 48 საათის შემდეგ მშობელი როგორც იქნა გამოვტეხეთ, რომ ბავშვმა მედიკამენტი მოიპარა. ძალიან მნიშვნელოვანი ანამნეზის შეკრება. მნიშვნელოვანია, მშობელმა თქვას, რომელი მედიკამენტი აქვს სახლში. შესაძლოა, 4-5 მედიკამენტი ჰქონდეს ბავშვს ერთად მიღებული. რეკომენდაცია ერთი და მკაცრი, რომ ოჯახი, სადაც ბავშვი გაჩნდება, მედიკამენტები და ქიმიური საშუალებები უნდა იყოს შენახული ისეთ ადგილას, სადაც ბავშვისთვის იქნება მიუწვდომელი,“- აღნიშნა მაია ჩხაიძემ.

წყარო:​ „იმედის დღე“

წაიკითხეთ სრულად