Baby Bag

რატომ უნდა დავლიოთ ყოველდღიურად ლიმონიანი წყალი? - გიორგი ღოღობერიძის პასუხი

ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ ლიმონიანი წყლის მიღების დადებით შედეგებზე ისაუბრა:

„რატომ უნდა დავლიოთ ყოველდღიურად ლიმონიანი წყალი? ამას ბევრი მიზეზი აქვს, მაგრამ მე შევეცდები, რომ 5 ძალიან საკვანძო მიზეზი გითხრათ საამისოდ.

ლიმონიანი წყლის ყოველდღიურად დალევა თქვენს ორგანიზმს C ვიტამინზე მოთხოვნის 70%-ს შეუვსებს. C ვიტამინი ჩვენს ორგანიზმს სჭირდება ძალიან მნიშვნელოვანი ცილის - კოლაგენის სინთეზში. თუ კოლაგენი არ წარმოიქმნება, ეს გამოვლინდება ძალიან ბევრი დარღვევით, მათ შორის, ღრძილებიდან სისხლდენით, კანის ნაადრევი დაბერებით.

ასაკოვან ადამიანებს კუჭში უქვეითდებათ მარილმჟავას რაოდენობა, მათ უგროვდებათ აირები და აწუხებთ შებერილობა. ლიმონიან წყალში არის მნიშვნელოვანი კომპონენტი - ლიმონმჟავა. ლიმონმჟავა ჩვენ გვეხმარება საკვების უკეთ მონელებაში.

ზაფხულში ჩვენი სხეული ყოველდღიურად კარგავს დაახლოებით 2-3 ლიტრ წყალს. თუ გამოშრებით, ეს განსაკუთრებით მძიმედ აისახება თქვენს თირკმლებზე. თუ ჩვენს თირკმლებში წყალი საკმარისი რაოდენობით ვერ იქნება და თირკმლებში ლიმონმჟავის რაოდენობა არ იქნება 320 მილიგრამის ტოლი დღე-ღამეში, ეს გამოიწვევს კენჭების ფორმირებას. კენჭების დაახლოებით 2/3 სწორედ ამ პრობლემით არის გამოწვეული.

ლიმონიან წყალში ძალიან ბევრი კალიუმიც არის. კალიუმი ჩვენს ორგანიზმს განსაკუთრებით სჭირდება ნერვული ქსოვილისა და კუნთოვანი ქსოვილის აქტიურობისთვის.

ლიმონიან წყალში არის ანტიოქსიდანტების დიდი რაოდენობა. ეს ჩვენს ორგანიზმს იცავს დაბერებისგან.

ლიმონიანი წყლის მიღებას ბევრი სარგებელი შეიძლება ჰქონდეს. ამით შეკრულობის პრევენციაც შეიძლება,“- მოცემულ საკითხზე გიორგი ღოღობერიძემ „მთავარი არხის“ გადაცემაში „მთავარი დიაგნოზი“ ისაუბრა.

წყარო:​ „მთავარი დიაგნოზი“

შეიძლება დაინტერესდეთ

„მშობლების უმეტესობა ავტორიტარული აღზრდის სტილს ამჯობინებს, ავტორიტარულ სტილში შედის ისიც, რომ მე შენ ყველაფერს გისრულებ,“ - ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე

„მშობლების უმეტესობა ავტორიტარული აღზრდის სტილს ამჯობინებს, ავტორიტარულ სტილში შედის ისიც, რომ მე შენ ყველაფერს გისრულებ,“ - ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე

​ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე თანამედროვე სამყაროში პოპულარული აღზრდის სტილების შესახებ საუბრობს. მისი თქმით, მშობლების დიდი ნაწილი უპირატესობას ავტორიტარული აღზრდის სტილს ანიჭებს:

„კვლევებით გამოჩნდა, რომ მშობლების უმეტესობა სხვადასხვა მიზეზის გამო ​ავტორიტარული აღზრდის სტილს ამჯობინებს. თითქოს ეს დროის თვალსაზრისით უფრო ეკონომიურია. მე გეტყვი და შენ უნდა შეასრულო. ავტორიტარულ სტილში შედის ისიც, რომ მე შენ ყველაფერს გისრულებ. მე რაც შემიძლია უარს არაფერზე გეუბნები, მატერიალურს ვგულისხმობ და შენც ყველაფერი უნდა შემისრულო. მე არ მაინტერესებს არც შენი არჩევანი, არც ინტერესი.“

თამარ გაგოშიძის თქმით, მშობლები ბავშვის მეგობარი არ უნდა იყოს, ის მისთვის ავტორიტეტს უნდა წარმოადგენდეს:

„ამის საპირისპიროდ არსებობს ავტორიტეტული აღზრდის სტილი. მშობელი არ უნდა იყოს ბავშვის მეგობარი, არ არის სავალდებულო. შენ უნდა იყო ავტორიტეტი. ​იმისთვის, რომ ბავშვმა გცეს პატივი, შენ უნდა სცე მას პატივი. თუ ბავშვს მშობლის ეშინია, ესეც ავტორიტარული სტილის გამოხატულებაა. მე ყურადღებას გავამახვილებდი ასევე ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე, ვის მიმართავენ მშობლები და ყმაწვილები პრობლემის შემთხვევაში დახმარებისთვის. ეს შეიძლება იყოს ახლობელი, შეიძლება იყოს სასულიერო პირი, რაც მნიშვნელოვანია. ყველაზე ნაკლებად მიდიან ფსიქოლოგთან. ეს სერვისები საქართველოში არ არის განვითარებული, განსაკუთრებით, როდესაც საუბარია რეგიონებზე. თბილისშიც კი სერვისი გარდატეხის ასაკში მყოფი მოზარდების, მშობლების დახმარების არ არსებობს, არ არსებობს სახელმწიფო პოლიტიკა. ის, რასაც დღეს ვხედავთ ჩვენ, სერიოზულ მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებს ბავშვებში, მოზარდებში, წამალდამოკიდებულებას, ჩაგვრას, აგრესიას, ამ ყველაფერს ვხედავთ იმიტომ, რომ ჩვენ ვერ ვუმკლავდებით ჩვენი შვილების საჭიროებებს, მოთხოვნილებებს. ჩვენ ვერ ვართ მხარდამჭერები ჩვენი შვილებისთვის. ჩვენ გვჭირდება დახმარება თვითონ.“

თამარ გაგოშიძე იმ პრობლემებზე საუბრობს, რომლებიც ქართველ მშობლებს ძალიან აწუხებთ:

​დღეს მშობლებს, განსაკუთრებით ჩვენს ქვეყანაში, ძალიან უჭირთ. მათ სერიოზული პრობლემები აქვთ თვითონაც დროის უქონლობის, სამსახურის შენარჩუნების, ემიგრანტობის, რაც ძალიან დიდი პრობლემაა უკვე საქართველოში. ბავშვები მშობლების გარეშე იზრდებიან, რაც გარდატეხის ასაკში სერიოზულ კატაკლიზმებთან არის დაკავშირებული.“

თამარ გაგოშიძის თქმით, მშობელი ბავშვისთვის, პირველ რიგში, ეთიკური ჩარჩოს შემქმნელი უნდა იყოს:

„მეგობარი მნიშვნელოვანია, მაგრამ მშობელი არის, პირველ რიგში, ჩარჩოს შემქმნელი. მეგობარი ასეთ ჩარჩოს არ გიქმნის. მეგობარი ხარ ბავშვისთვის იმ მხრივ, რომ მას არ ეშინოდეს შენთან ღიად განხილვა იმ საკითხების, რაც მას აწუხებს. ​ეს დიდი პრობლემაა დღეს. ბავშვები ფიქრობენ, რომ მშობლები ვერ გაუგებენ, ატყდება ჩხუბი, იქნება უსიამოვნება, რის გამოც ისინი მშობლებთან ღიად არ საუბრობენ. ამ გაგებით მშობელი არის ბავშვის მეგობარი, მაგრამ შენ, როგორც მშობელი, პირველ რიგში, ხარ ეთიკური ჩარჩოს , ღირებულებითი ჩარჩოს დამდები. ჩარჩო აუცილებელია, მაგრამ არა ავტორიტარული ჩარჩო, გარედან თავსმოხვეული კი არა, ერთობლივად შემუშავებული.“

„წარმოვიდგინოთ, რომ 12 წლის ბავშვი მოდის და ამბობს, რომ კლუბში მიდის მეგობრებთან ერთად. შენ შეგიძლია უყვირო, ეჩხუბო და არ გაუშვა, მაგრამ შეგიძლია მშვიდად დაელაპარაკო, ამ გადაწყვეტილების დადებითი და უარყოფითი მხარეები განიხილო მასთან ერთად. საბოლოოდ ის თავად მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, საითკენაც შენ უბიძგებ. ამაზე მ​არტივია, რომ კარი ჩაუკეტო, ეჩხუბო​, 12 წლისას მოერევი, მაგრამ 15 წლისას ვერა. „რაც გინდა ის გიქნია,“ დღევანდელ მოზარდებთან არ ჭრის. გარდატეხის ასაკში მშობელს ეშინია და ურჩევნია ბავშვის მეგობრად დარჩეს. რაღაც კომპლექსი აქვთ დღევანდელ მშობლებს. მშობელი თვლის, რომ უნდა იყოს თავისი შვილის მეგობარი, არ უნდა აწყენინოს. ამიტომ გვაქვს ორი უკიდურესობა: ან ავტორიტარული სტილი, ან დამოკიდებულება: „ყველაფერზე თანახმა ვარ, გააკეთე რაც გინდა, რაც გაგიხარდება.“ მერე ბავშვი მეუბნება, რომ მშობლისთვის სულ ერთია, თუ სად წავა ის, რადგან არასდროს არაფერს ეუბნება. ეს უკვე უგულებელყოფაა ბავშვის,“ - აღნიშნავს თამარ გაგოშიძე.

წყარო:​ ნაშუადღევს

წაიკითხეთ სრულად