Baby Bag

„თუ მდედრობითი სქესის ხარ, 25 წლის ზევით უკვე უნდა დაიწყო საშვილოსნოს ყელის გამოკვლევა ონკოლოგიური კუთხით,“- გიორგი ღოღობერიძე

ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ ონკოლოგიური რისკების თავიდან ასაცილებლად, ადამიანებს ურჩია ასაკის შესაბამისად გარკვეული კვლევები ჩაიტარონ:

„მინდა, კარგად დაიმახსოვრო, როდესაც ასაკით გახდები 25 წელს ზევით, თუ მდედრობითი სქესის ხარ, უკვე უნდა დაიწყო საშვილოსნოს ყელის გამოკვლევა ონკოლოგიური კუთხით. რაც უფრო მალე შეისწავლი პრობლემას, მანამ, სანამ კლინიკური ნიშნები გამოვლინდება, მით მეტი გაქვს გამარჯვების შანსი. 25 წლიდან შეიძლება ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევაც. თუ ქალი უახლოვდება 40 წელს, 40 წლიდან უკვე სარძევე ჯირკვლის შესწავლა უნდა დაიწყოს. საქართველოში უამრავი უფასო პროგრამაა, რომელიც ადამიანებს ეხმარება, რომ დროულად იპოვონ პრობლემა. ეს ნიშნავს, რომ გაიმარჯვებ. თუ შენი ასაკი 50 წელს ზევითაა, საჭიროა, მსხვილი ნაწლავის გამოკვლევა.

თუ მამრობით სქესის ხარ, ან მამა გყავს, რომელიც 50 წელს გადაცდა, საჭიროა, წინამდებარე ჯირკვლის გამოკვლევა. ასაკები ყურადღებით დაიმახსოვრე. როგორც კი ამ ასაკებს მიაღწევ, წელიწადში ერთხელ, ორ წელიწადში ერთხელ შენი პასუხისმგებლობაა ოჯახის წევრების მიმართ, რომ ეს გამოკვლევა, რომელიც უფასოა და სახელმწიფო მას გიფინანსებს, გაიკეთო და საკუთარ თავს პატივი სცე.

არავინ არ ფიქრობს, რომ მას ექნება ონკოლოგიური დაავადება. ყველა ფიქრობს, რომ ის ჯანმრთელია. ონკოლოგია მაშინ ვლინდება, როდესაც თითქმის ბოლოშია მდგომარეობა გასული,“- აღნიშნა გიორგი ღოღობერიძემ.

წყარო: ​Usmle მოსამზადებელი ცენტრი

შეიძლება დაინტერესდეთ

დისციპლინის 9 მეთოდი, რომელიც ბავშვის თვითშეფასებას არ დააზიანებს

დისციპლინის 9 მეთოდი, რომელიც ბავშვის თვითშეფასებას არ დააზიანებს

ყველა მშობლის სურვილია, რომ თავდაჯერებული შვილები აღზარდოს. აღნიშნული მიზნის მისაღწევად მნიშვნელოვანია, რომ ბავშვების დისციპლინისთვის დაშინების მეთოდი არ გამოვიყენოთ, რათა მათ თავი დაუცველად არ ვაგრძნობინოთ.

1. თუ ბავშვი შეცდომას უშვებს, მას აუცილებლად დაელაპარაკეთ

თუ ბავშვმა შეცდომა დაუშვა, მასთან საუბარი დაიწყეთ წინადადებით: „ვიცი, რომ შენ ამის გაკეთება არ გინდოდა...“ თქვენი შვილი მიხვდება, რომ მიუხედავად მის მიერ დაშვებული შეცდომისა, თქვენ მისი კარგი განზრახვის გჯერათ. ამის შემდეგ ბავშვს მისი ნეგატიური ქცევის შედეგებზე ესაუბრეთ და განუმარტეთ, რა გავლენას ახდენს მისი უარყოფითი ქცევა სხვა ადამიანებზე. ბავშვი უნდა დაარწმუნოთ, რომ ის კარგი ადამიანია, მაგრამ მეტი სიფრთხილე და დაკვირვებულობა მართებს.

2. ნუ გაახსენებთ ბავშვს წასულში დაშვებულ შეცდომებს

წარსულ შეცდომებზე მითითებას კარგი შედეგი არავისთვის მოაქვს. ბავშვი ჩადენილ ქცევას ვეღარ გარდაქმნის და წარსულის შეცვლის უნარი არ აქვს. მსგავსი შენიშვნები მას საკუთარი თავისადმი უარყოფითად განაწყობს. ნაცვლად ამისა, ბავშვთან ერთად მომავლის გეგმები დასახეთ და იმსჯელეთ, რა უნდა გააკეთოს ბავშვმა შეცდომების გამოსასწორებლად.

3. დაეხმარეთ ბავშვს პრობლემის გადაჭრის გზების ძიებაში

აზროვნების უნარის განვითარებისთვის ბავშვს პრობლემის გადაჭრის სხვადასხვა ალტერნატივა უნდა გააცნოთ. ამ გზით ბავშვი რთული ვითარებიდან გამოსავლის ძიებას ისწავლის. თუ ის პრობლემის მოგვარებას შეძლებს, შეაქეთ მისი მიღწევები. ეს ბავშვს თავდაჯერებას შეჰმატებს.

4. იარლიყები არასდროს გამოიყენოთ

„ზარმაცი გოგო ხარ,“ „ჯიუტი ბიჭი ხარ,“ - მსგავსი ფრაზები ბავშვს საკუთარი თავისადმი დამოკიდებულებას უცვლის. ყურადღება ყოველთვის ბავშვის ქცევაზე გაამახვილეთ. ბავშვს აუხსენით, რომ ის კარგი ადამიანია, რომელმაც კონკრეტულ შემთხვევაში ცუდი არჩევანი გააკეთა.

5. ყოველთვის მოუსმინეთ ბავშვს

ბავშვისადმი ყურადღება აუცილებლად უნდა გამოიჩინოთ, რათა მან იგრძნოს, რომ ის თქვენთის მნიშვნელოვანია. მოუსმინეთ თქვენს შვილს, როდესაც ის ცდილობს აგიხსნათ, რა მოხდა. ამგვარად მისი ნეგატიური ქცევის რეალურ მიზეზს უკეთ გაიგებთ და ბავშვის განცდებში უკეთ გარკვევით.

6. დისციპლინა სწავლებას უნდა დაეფუძნოს და არა - დასჯას

უპირატესობა სწავლებას მიანიჭეთ და არა - დასჯას. ბავშვებს ყოველთვის მიუთითეთ მათი ნეგატიური ქმედებების შედეგებზე და ასწავლეთ, როგორ შეუძლიათ ქცევის გაუმჯობესება. თუ ბავშვებს შორის კონფლიქტი და უთანხმოებაა, შეცდომაზე მითითება კონფლიქტში ჩართულ ყველა ბავშვს უნდა შეეხოს. არასდროს გამოყოთ რომელიმე შვილი სხვებისგან, რადგან ეს მას თავს მსხვერპლად აგრძნობინებს.

7. არ დაუყვიროთ ბავშვს და არ გამოიყენოთ უხეში სიტყვები

კვლევებით დასტურდება, რომ ყვირილი ბავშვს თავს დაუცველად აგრძნობინებს და აგრესიული ქცევისკენ მიდრეკილს ხდის. უხეში სიტყვებით მიმართვა ბავშვის თვითშეფასებაზე უარყოფითად აისახება და მასში შფოთვას იწვევს.

8. არ დაუწყოთ ბავშვს ჭკუის სწავლება საჯარო სივრცეში

დისციპლინა ოჯახურ გარემოში უნდა ხდებოდეს. ბავშვის საჯაროდ გაკიცხვამ ბავშვი, შესაძლოა, უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდოს და მას სოციუმთან ურთიერთობაში მომავალში პრობლემები შეექმნას. შესაძლოა, მან საკუთარ პრობლემებში მშობელი დაადანაშაულოს.

9. აღიარეთ ბავშვის წინსვლა და წარმატება

ბავშვს აგრძნობინეთ, რომ მას თქვენი გაბედნიერება შეუძლია. ისინი საკუთარი ძალისხმევისა და შედეგების დაფასებას ისწავლიან. თქვენ მიერ ბავშვის წარმატების აღიარება ბავშვს აგრძნობინებს, რომ თქვენ მისი გჯერათ, რაც თქვენი შვილისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

წყარო:​ Brightside.me

წაიკითხეთ სრულად