იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ვაქცინაციასთან დაკავშირებით არსებულ კითხვებს პასუხობს, რომელსაც MomsEdu.ge უცვლელად გთავაზობთ:
,,ბოლო რამდენიმე დღეა ჩემს სოციალური ქსელში ვაქცინაციასთან დაკავშირებული დიდი რაოდენობით კიხვები შემოდის. მათი ძირითადი ნაწილი ინდივიდუალური ადამიანების ისტორიებია, სადაც მოთხრობილია დაბადებიდან დღემდე ალერგოლოგიური თუ სხვა თანმხლები დაავადებების დეტალური აღწერა. სამწუხაროდ თითოეული ადამიანისთვის პასუხის გაცემა ჩემს ძალებს აღემატება, რისთვისაც ყველას დიდი ბოდიში მინდა მოვუხადო.
ძირითადი კითხვების შინაარსი ერთია, შეიძლება თუ არა სხვადასხვა დაავადების დროს ვაქცინაციის ჩატარება. მე შევეცდები აქვე გავცე ამ კითხვებს პასუხი.
1. აცრა კატეგორიულად არ შეიძლება ნებისმიერი მწვავე დაავადების ან ქრონიკული დაავადების გამწვავების დროს!!!
2. აცრა კატეგორიულად არ შეიძლება თუ ვაქცინის პირველ დოზაზე განვითარდა ანაფილაქსია ან ვაქცინაში შემავალ კომპონენტებზე (პოლიეთილენგლიკოლი-ფაიზერი, პოლისორბატი - ასტაზენეკა, ალუმინის ჰიდროქსიდი - სინოფარმი და სინოვაკი) უკვე თქვენთვის ცნობილია რომ გაქვთ ალერგია. სხვა ყველა ალერგიული დაავადება (თუ ის გამწავებული არაა) კოვიდ-19 ვაქცინაციის წინაღობას არ წამოადგენს!
3. ორსულობა და ლაქტაცია: დაშვებულია ფაიზერი, ამ ეტაპზე უკუნაჩვენებია სინოფარმი/სინოვაკი!
4. თუ დაგეგმილი ვაქცინის წინ შემთხვევით აღმოჩნდით კოვიდინფიცირებულის პირდაპირი კონტაქტი, მაშინ ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი რეკომენდაციას იძლევა ვაქცინა გადავადდეს თვითიზოლაციის დასრულებამდე.
5. ნევროლოგიური, კარდიოლოგიური, ანტიალერგიული და ა.შ, მედიკამენტების შეჩერება აცილებელი არაა აცრის წინ!
6. ყველა ქრონიკული დაავადება, როგორიცაა დიაბეტი, გადატანილი ინსულტი, ინფარქტი, სიმსივნე, ასთმა, თირკმლის პათოლოგიები, ფსორიაზი, ვენური დაავადება და ასე შემდეგ, არ წარმოადგენს აცრის უკუჩვენებას, პირიქით ასეთი ადამიანების აცრა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია!
7. აცრის წინ და მის შემდეგ არანაირი ანალიზის (სისხლის საერთო, კოაგულოგრამა, ანტისხეულებზე ტესტი...) გაკეთება არ გჭირდებათ!
8. არასოდეს აცრა არ გამიკეთებია და როგორ მოვიქცე? ეს არაა კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინის უკუჩვენება და ზემდეტი ემოციის გარეშე აიცერით.
9. ცოფის, ტეტანუსის და სხვა ვაქცინების გამოყენების შემდეგ კოვიდის საწინააღმდეგო აცრა შეიძლება გაკეთდეს 14 დღეში!
გისურვებთ ჯანმრთელობა და სიმშვიდეს, რომლის მოპოვების გზა ეხლა ვაქცინაციაზე გადის!'' - აღნიშნავს ბიძინა კულუმბეგოვი.
,,კატეგორიულად ვთხოვ მოსახლეობას, ნურანაირ სისხლის გამათხიერებელ მედიკამენტებს ნუ იმარაგებენ''
,,არავის არ გამოეპარა, ეს ძალიან ხშირი გართულებაა კოვიდინფექციის დროს,'' - განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს პირველ არხთან ბათუმში 41 წლის ქალის თრომბოემბოლიით გარდაცვალებასთან დაკავშირებით.
„კოვიდი მარტო ფილტვებს არ აზიანებს, პირველ რიგში თრომბოემბოლიური გართულებები გვაქვს მხედველობაში. ასეთი ერთეული შემთხვევები იქნება. ინგლისში ოთხი ათასი ადამიანი, ანუ ყოველი მეათე დაიღუპა ბინაზე. ჩვენთან სულ ორი ადამიანი იყო. ერთი მოკვდა ბინაზე და ერთი სასტუმროში. კოვიდის გარეშე არ გაგიგონიათ, რომ ვიღაცას თრომბი ან ემბოლია დაემართა? კატეგორიულად ვთხოვ მოსახლეობას, ნურანაირ სისხლის გამათხიერებელ მედიკამენტებს ნუ იმარაგებენ, ჯერ ერთი მათ ხომ არ სჭირთ კოვიდი. თუ მათ დაუდასტურდებათ კოვიდი, ექიმებს მიცემული აქვთ მკაცრი ინსტრუქცია, თუ როგორ უნდა იმოქმედონ ასეთ შემთხვევაში. იმ პაციენტებში, რომლებთანაც არის თრომბოემბოლიური გართულების რისკი, დაინიშნება შესაბამისი მედიკამენტი“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.