როგორ მივხდეთ ჩვილს საკვები ჰყოფნის თუ არა? - აღნიშულ თემაზე პედიატრმა ნანა რურუამ ისაუბრა.
„სულერთია ბავშვი ძუძუზეა თუ ხელოვნურ კვებაზე, ძუძუზე მით უფრო, არ არის აუცილებელი ბავშვის აწონვა, რომ გავიგოთ ჰყოფნის თუ არა საკვები. უნდა დააკვირდეთ რამდენჯერ უცვლით პამპერსს, ანუ რამდენს შარდავს და რამდენჯერ გადის კუჭში. თუ ბავშვი შარდავს და კუჭში გადის ადეკვატურად, ანუ დღეში 5-6 პამპერსს უცვლით მოსაშარდად, ეს ნიშნავს, რომ მას რძე ჰყოფნის. რას ეფუძნება ეს ლოგიკა? - ბავშვს აქვს თანდაყოლილი გადარჩენის უნარი. ჭამით აკეთებს რას? ძალიან ჭკვიანურად იქცევიან ჩვილები, ჯერ შეივსებს თავის მოთხოვნილებას და თუ რამე მორჩება, ამ შემთხვევაში მოშარდავს ან კუჭში გავა. ჩვილი ზედმეტს იშორებს მხოლოდ. პრაქტიკულად არ არსებობს, რომ მოშივდეს და ამ დროს მოშარდოს კარგად. ძალიან მარტივი ლოგიკაა, თუ ბავშვს დღეში 5-6 ჯერ ან 7-8 ჯერ უცვლით პამპერსს, ეს ნიშნავს, რომ მას საკვები ჰყოფნის.
ბავშვმა ყოველთვის იცის, როდის შია. ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია გასათვალისწინებელი, ბავშვებს ყოველთვის არ შიათ თანაბრად. ყოველდღე ერთნაირად არ შიათ. მათი ზრდის ტემპი განსხვავდება ყოველდღიურად, არსებობს ზრდის პიკი, თვეში, რამდენიმე დღის განმავლობაში უფრო სწრაფად იზრდება'' - აღნიშნულ თემაზე ნანა რურუამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.
რატომ გახდა XXI საუკუნის ბავშვისთვის ტკბილეულის მიღება განსაკუთრებით სახიფათო? - პედიატრი ევგენი კომაროვსკი
პედიატრმა ევგენი კომაროვსკიმ სოციალურ ქსელში ბავშვებში ტკბილეულის მოხმარების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბავშვს ტკბილის მიღებას კატეგორიულად ვერ ავუკრძალავთ:
„ტკბილეულის კატეგორიული აკრძალვა შეუძლებელია. როგორც ნიკოტინსა და ალკოჰოლს, მასაც ერთი ხელის მოსმით ვერ ავკრძალავთ. ტკბილეულთან დაკავშირებით ლავირებაა საჭირო. შაქარი ყველაზე მარტივი გზაა სიამოვნების მისაღებად. ძალიან რთულია, რომ ბავშვებს ამ სიამოვნების მიღებაზე უარი ვუთხრათ.
უფროსებს ძალიან სიამოვნებთ, როდესაც ბავშვებს ტკბილეულს ჩუქნიან. პატარები მადიანად ილუკმებიან და ბედნიერები არიან. უფროსებს ეუფლებათ შეგრძნება, რომ კარგი ადამიანები არიან, რადგან ბავშვების გაბედნიერება შეძლეს. ბავშვისთვის სიხარულის მინიჭების სხვა საშუალებებიც არსებობს. შეგიძლიათ ბავშვთან ერთად სასეირნოდ წახვიდეთ, ვაჟი სათევზაოდ წაიყვანოთ. ეს გაცილებით რთულია, ვიდრე შვილისთვის ტკბილეულის ყიდვა.
ტკბილეულის მიღების შემდეგ ბავშვს ენერგია ემატება. მას ამ ენერგიის დახარჯვა ესაჭიროება. თუ უფროსები ბავშვს ტკბილეულის მირთმევის შესაძლებლობას აძლევენ, მას ენერგიის დასახარჯად შესაბამისი პირობებიც უნდა შეუქმნან. ბავშვებმა უნდა ირბინონ, იხტუნონ, სპორტით დაკავდნენ. ასეთ შემთხვევაში ტკბილის მირთმევა საგანგაშო არ არის.
ბავშვები, რომლებიც ეკრანთან სხედან, ემოციებს ხარჯავენ, მაგრამ ფიზიკური ენერგიის დახარჯვას ვერ ახერხებენ. სწორედ ამიტომ, XXI საუკუნეში ტკბილეულის მიღება ბავშვებისთვის განსაკუთრებით საშიში გახდა. ტკბილეულის მირთმევა და სმარტფონების გამოყენება ჭარბწონიანობის ეპიდემიის გამომწვევია. თუ ბავშვი გამხდარია, არ აწუხებს უმადობა, ბევრს მოძრაობს, დაკავებულია სპორტით, ოჯახი უქმეებს ტელევიზორთან კი არ ატარებს, არამედ ბუნებაში გადის, მაშინ ასეთი ბავშვისთვის ტკბილეულის მიღება ცალსახად ნებადართულია,“ - აღნიშნა ევგენი კომაროვსკიმ.