Baby Bag

საჭიროებს თუ არა ბავშვი მკურნალობას, თუ ძილში აქტიურია, იღვიძებს, მოძრაობს...

საჭიროებს თუ არა ბავშვი მკურნალობას, თუ ძილში აქტიურია, იღვიძებს, მოძრაობს...

იზრდებიან თუ არა ბავშვები ძილის დროს და როდისაა ჩაძინებისათვის საუკეთესო პერიოდი? - აღნიშნულ კითხვას პ​ედიატრი თამარ ობგაიძე პასუხობს. 

გთავაზობთ პედიატრის პასუხს სიტყვა-სიტყვით:

„ძილი დღის მანძილზე დახარჯული ენერგიის აღდგენისა და დასვენების საუკეთესო საშუალებაა. 

ბავშვთა ასაკში ის კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რადგან ძილის დროს ბავშვის ცენტრალური ნერვული სისტემის განვითარება ხდება.
ჩაძინების პირველ საათებში ჰიპოფიზის მიერ აქტიურად გამომუშავდება ზრდის ჰორმონი- სომატოტროპინი, რაც პატარას ზრდას უზრუნველყოფს. ამდენად, ღამის ძილი ადრეულ ასაკში ძალიან მნიშვნელოვანია!

ძილ-ღვიძილს მხოლოდ ცენტრალური ნერვული სისტემა როდი განაგებს. მასზე ბევრი აქტიური ნივთიერება და ძილის მთავარი შემოქმედი- ჰორმონი მელატონინი მოქმედებს. 

მელატონინი დაბინდების შემდეგ ენდოკრინული ჯირკვლიდან -ეპიფიზიდან გამომუშავდება და მისი გამოყოფის პიკი საღამოს 9-12 საათზე მოდის. ამიტომაც ეს ჩაძინებისათვის საუკეთესო დროა.

მელატონინი ხელს უწყობს არამარტო ჩაძინებას, არამედ ძილის უწყვეტობას და ძილის ფაზების სწორ მონაცვლეობას.

ძილი 2 ფაზისაგან შედგება. ეს ფაზები ღამის მანძილზე რამდენჯერმე მონაცვლეობენ. 

სწრაფი ძილის ფაზაში ბავშვი მოძრაობს, შენიშნავთ თვალის კაკლების აქტიურ მოძრაობას. ამ დეოს ტვინის ზოგიერთი უბანი აქტიურად მუშაობს.

ნელი ძილის ფაზაში მოძრაობები წყდება და ტვინის აქტივობა ითრგუნება. ორგანიზმი სრულყოფილად ისვენებს.

გახსოვდეთ, ადრეულ ასაკში ძილის ფაზები დიფერენცირებული არ არის, სწრაფი ძილის ფაზა მთელი ძილის 50%_ია, მაშინ, როცა მოზრდილებში მთელი ძილის 25%_ს მოიცავს. 

ამიტომ ადრეული ასაკის ბავშვი ძილში აქტიურია, იღვიძებს, მოძრაობს და ეს ფიზიოლოგიური მდგომარეობაა, შესაბამისად, მკურნალობას არ საჭიროებს!“

შეიძლება დაინტერესდეთ

ეს სამი დაავადება ბავშვებში ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესის გამო ხდება - ქირურგი შალვა გაბადაძე

ქირურგმა შალვა გაბადაძემ ბავშვებზე ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესის ნეგატიური ზეგავლენების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ცხოვრების უძრავი სტილი ბავშვებში გარკვეული დაავადებების განვითარებას უწყობს ხელს:

„ჰიპოდინამიოზს უზარმაზარი უარყოფითი გავლენა აქვს ბავშვთა ასაკში ბავშვებზე. ეს უპირველესად გამოიხატება ხერხემლის ოსტეოქონდროზით. შეიძლება ეს გამოიხატოს მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ფუნქციების დარღვევით, როგორიც არის შარდვის გახშირება ან შარდვის შეკავება.

მესამე შეიძლება იყოს სქოლიოზი, რომელიც ვითარდება ნელა, შემპარავად და იწვევს ტანდეგობის დარღვევას, რაც მშობლებში თავდაპირველად გამოიწვევს გაკვირვებას, შემდგომ კი შიშს.

ეს სამი დაავადება ბავშვებში სწორედ ცხოვრების ჰიპოდინამიური სტილის გამო ხდება,“- მოცემულ საკითხზე შალვა გაბადაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

წაიკითხეთ სრულად