Baby Bag

„ახალშობილებს ახასიათებთ გახანგრძლივებული ტირილი, ეს არ არის ჩაბჟირება - მშვიდად იყავით, დედიკოებო“ - ინტერვიუ ნეონატოლოგ მაკა ჭიღლაძესთან

„ახალშობილებს ახასიათებთ გახანგრძლივებული ტირილი, ეს არ არის ჩაბჟირება - მშვიდად იყავით, დედიკოებო“ - ინტერვიუ ნეონატოლოგ მაკა ჭიღლაძესთან
რომელ კვირამდე დაბადებული ბავშვი ითვლება დღენაკლულად, როგორ დავუმუშავოთ ჭიპი ახალშობილს და რომელი დღიდან შეიძლება მისი სუფთა ჰაერზე გასეირნება? -  MomsEdu.g​e-ს ამ და სხვა კითხვებს ნეონატოლოგმა მაკა ჭიღლაძემ უპასუხა. 

- ქალბატონო მაკა, რომელ კვირამდე დაბადებული ბავშვი ითვლება დღენაკლულად და თქვენი პრაქტიკიდან, ყველაზე მცირე წონის ახალშობილი რამდენი გრამი იყო და როგორ განვითარდა?

- ოცდაჩვიდმეტ კვირამდე დაბადებულები ითვლებიან დღენაკლ ახალშობილებად. 400 გრ.-დან 700 გრ.-მდეც დაბადებულან ბავშვები. ასეთ დროს, ისინი სამშობიაროდან რეანიმაციაში გადაგვყავს. ვითარდებიან საკმაოდ წარმატებულად და აღწევენ საჭირო, დამაკმაყოფილებელ წონას. მათი ჯანმრთელობა, ჩვეულებრივ, უმჯობესდება და სრულიად ჯანმრთელები ეწერებიან ბინაზე. მშობლები უნდა ეცადონ, რომ ორსულობა მიიტანონ ბოლომდე და გააჩინონ დროული ახალშობილები, მაგრამ თუ ნაადრევად მოხდება ეს ყველაფერი, ჰქონდეთ ჩვენი, კვალიფიცირებული კადრების და იმ სათანადო მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობის იმედი, რომელიც გაგვაჩნია. დღენაკლული ბავშვების მდგომარეობა გაუმჯობესდება, განვითარდებიან აბსოლუტურად ნორმალურად და გახდებიან საზოგადოების სრულფასოვანი წევრები.

- რა დახმარება ეწევა ნაადრევად დაბადებულ ახალშობილს, რა პირობების შექმნაა საჭირო მათთვის?

- აუცილებელია სათანადო მოვლა, სითბური რეჟიმი, ნაკლები ინვაზიური პროცედურები, დროული ენტერალური კვება, მშობლებთან სიახლოვე და მაქსიმალური მზრუნველობა.

- რა რჩევებს მისცემთ ახალბედა დედებს?

- ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალშობილს ეცვას თავისუფლად. საჭიროების თვალსაზრისით, ყველაზე მეტად მათ მშობლების სითბო, დედასთან სიახლოვე სჭირდებათ. ისინი დროულად მიგვყავს დედასთან, კანით კანთან კონტაქტი ხორციელდება, ხდება ხელშეწყობა და პირველი საათიდან იწყებენ ძუძუთი კვებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან დროულად დაწყებული ძუძუთი კვება არის იმის გარანტი, რომ დედას და შვილს ექნებათ ხანგრძლივი ურთიერთობა. ძუძუთი კვება გრძელდება 6 თვემდე და სასარგებლო და მიზანშეწოლილია თუ კვება გაგრძელდება 2 წლამდე. აქვე აღვნიშნავ, რომ სამშობიარო სახლში ხელოვნური საკვების დანიშვნა არის კატეგორიულად გამორიცხული. როგორც უკვე გითხარით, ახალდაბადებულები პირველი საათიდანვე იმყოფებიან დედასთან და პირველივე საათიდან ეჭიდებიან დედის ძუძუს. ისინი იღებენ მხოლოდ დედის რძეს.

- რადგან კვებაზე ვსაუბრობთ რომ გვითხრათ, რამდენ საათში ერთხელ არის კვება აუცილებელი ჩვილებში და ბუნებრივია თუ არა, როდესაც ახალშობილი პირველი სამი დღის განმავლობაში წონაში იკლებს?

- ჩვილები იკვებებიან თავიანთი სურვილის მიხედვით, უსისტემოდ, უდოზოდ. რაც შეეხება წონაში კლებას პირველი სამი დღის განმავლობაში, ეს რა თქმა უნდა, ბუნებრივია. პატარების საწყისი წონა აღდგება მე-8, მე-9, მე-10 დღიდან. ამაზე დედიკოებმა არ უნდა ინერვიულონ.

- თუ ჩვილი გამუდებით ტირის, მიუხედავად იმისა, რომ საკვებს საჭირო რაოდენობით იღებს, რა მიზეზი შეიძლება იყოს ამ დროს?

- შეიძლება, მიზეზი იყოს მშობლების ყურადღების დეფიციტი ან მათი განწყობა, რომელსაც ძალიან გრძნობენ პატარები. ამას არამარტო ჩვილები, არამედ ნაყოფიც გრძნობს მუცლადყოფნის პერიოდში.

- ახალშობილის დაბანის წესებზეც რომ გვესაუბროთ. დაბადებიდან მერამდენე დღეს უნდა დავბანოთ პატარა და რა უნდა გავითვალისწინოთ ამ დროს?

- ახალშობილის დაბანა დაბადებიდან 12 საათის შემდეგ არის მიზანშეწონილი. ამ დრომდე საჭიროა სითბური რეჟიმის შექმნა. წყლის ტემპერატურა უნდა იყოს 37 გრადუსი. აუცილებელია, დაბანა ყოველდღიურ რუტინად ჩამოყალიბდეს და  სასურველია, რომ პატარები მივაჩვიოთ რეჟიმს და დავბანოთ ერთსა და იმავე დროს.

- როგორ დავუმუშავოთ ჭიპი ახალშობილს და დაბადებიდან რომელ დღეს უნდა მოძვრეს?

- ჭიპის დამუშავება ხდება დაბადებისთანავე. მის ნარჩენზე უნდა დაიდოს მომჭერი, უნდა მოვუაროთ მშრალად და დავამუშავოთ ბეტადინით. ჭიპლარის ნარჩენის მოცილება არის ინდივიდუალური. საშუალოდ, მეექვსე-მეშვიდე დღეს ახალშობილს სცილდება ჭიპლარის ნარჩენი და გრძელდება ჭიპის ჭრილის დამუშავება ბეტადინით ან ქლორჰექსიდინის ხსნარით.

- რომელი დღიდან შეიძლება ახალშობილის გარეთ გაყვანა, გასეირნება?

- აუცილებელია, რომ ახალშობილი სამშობიაროდან გაწერისთანავე გავიდეს გარეთ, თუნდაც იმავე დღიდან. წელიწადის დროს არ აქვს მნიშვნელობა. მათ ისევე ესაჭიროებათ ჟანგბადი, სუფთა ჰაერი, როგორც ჩვენ-მოზრდილებს. ბავშვები, რომლებიც მშობლებთან ძალიან ახლოს არიან, აქვთ ძალიან მაღალი IQ. 

- ჩვილების ჩაბჟირებაზეც რომ გვესაუბროთ - გვეშინოდეს თუ არა და როგორ მოვიქცეთ ამ დროს?


- ჯანმრთელი და დროული ახალშობილის გახანგრძლივებული ტირილი ხშირად მშობლებს ერევათ ჩაბჟირებაში. ახალშობილებს ახასიათებთ გახანგრძლივებული ტირილი. ეს არ არის ჩაბჟირება, მშვიდად იყავით, დედიკოებო. და თუ თქვენ ეს ძალიან გაშინებთ და ატყობთ, რომ ბავშვს კანის ფერი ეცვლება ან პათოლოგიურ სიმპტომატიკას ავლენს, აუცილებლად უნდა მიმართოთ ბავშვთა ნევროლოგს.

ესაუბრა თამუნა კიკალიშვილი

შეიძლება დაინტერესდეთ

​როგორ მოვიქცეთ ვირუსული ინფექციების, მათ შორის კორონავირუსით გამოწვეული ეპიდემიის დროს? - ოჯახის ექიმის რჩევები

​როგორ მოვიქცეთ ვირუსული ინფექციების, მათ შორის კორონავირუსით გამოწვეული ეპიდემიის დროს? - ოჯახის ექიმის რჩევები

როგორ მოვიქცეთ ვირუსული ინფექციების, მათ შორის კორონავირუსით გამოწვეული ეპიდემიის დროს? - ამ აქტუალურ საკითხზე ოჯახის ექიმის რჩევებს გთავაზობთ

- რა არის საერთო და რა განსხვავებაა კორონავირუსს, გრიპსა და „გაციებას“ შორის?
- კორონავირუსიც, გრიპიც და „გაციებაც“ ვირუსული ინფექციებია. არსებობს კორონავირუსების ათობით სეროტიპი, „გაციებას“ შედარებით სუსტი 100-ზე მეტი სახეობის რინოვირუსი იწვევს, გრიპის ვირუსები კი ათასობით სახეობას მოიცავს. ყველა მათგანი გადამდებია, აირწვეთოვანი გზით გადადის, რაც ნიშნავს, რომ იმ სივრცეში, სადაც „ვირუსიანი“ ან „გაციებული“ ადამიანი იმყოფება, ჰაერი გაჯერებულია დაავადების გამომწვევი ვირუსებით. ჯანმრთელი ადამიანები კი ამ ჰაერს შეისუნთქავენ. ვირუსები დიდი რაოდენობით არის დაავადებული ადამიანის სახის კანზე და ხელებზეც - სადაც ეს ვირუსები სუნთქვის, ცემინების, ცხვირის მოწმენდის დროს ხვდება, ასევე ტანსაცმელზე და სხვა ნივთებზეც, რომელსაც ის ეხება. კორონავირუსული ინფექცია თავიდან მსუბუქი ყელის ტკივილით იწყება და ძირითადად მსუბუქად მიმდინარეობს, „გაციება“ თითქმის ყოველთვის ცემინებით იწყება და შედარებით უფრო იოლად მიმდინარეობს, ვიდრე გრიპი, თუმცა „გაციებულ“ ადამიანს შეიძლება იმდენად დაუქვეითდეს იმუნიტეტი, რომ ადვილად დაინფიცირდეს დამატებით სხვა ვირუსით და გართულდეს - ამიტომ „გაციება“ სულაც არ არის სახუმარო მდგომარეობა და აუცილებლად საჭიროებს სათანადო ყურადღებას.
ასე, რომ (!) ნუ დაუჯერებთ სხვას და ნურც მოიტყუებთ თავს ფრაზით: „არ მაქვს ვირუსი, უბრალოდ გაციებული ვარ და არ ვარ საშიში“.

- როგორ დავიცვათ ჩვენი თავი და ოჯახი ვირუსებისგან და როგორ მოვიქცეთ რესპირაციული ვირუსული ინფექციების (მათ შორის კორონა ვირუსის) ეპიდემიის დროს?
• ყოველ დილით და საღამოს ჩაიტარეთ ცხვირის ტუალეტი გრილი ან ნელთბილი წყლით;
• რაც შეიძლება დააბალანსეთ კვების რაციონი და აკონტროლეთ სვამთ თუ არა საკმარისი რაოდენობით წყალს;
• ხშირად გაანიავეთ ის სივრცე, სადაც იმყოფებით და დღეში ორჯერ დაამუშავეთ ზედაპირები სველი წესით;
• დახურულ და ჩახუთულ საერთო სივრცეებში გამოიყენეთ პირბადე;
• ხშირად დაიბანეთ ხელები საპნით;
• ვირუსების სეზონზე (ანუ ახლა) ნუ ჩამოართმევთ ხელს, ნუ გადაკოცნით, ნუ ჩაეხუტებით, ნუ შეეხებით შიშველი ხელით ზედაპირებს საერთო სივრცეებში, ნუ დალევთ წყალს სხვისი ჭიქიდან (გამოიყენეთ ერთჯერადი, ან მოითმინეთ, სანამ სახლში მიხვალთ), დაიცავით მინიმუმ 1 მეტრიანი დისტანცია სხვა ადამიანებთან;
• დაიმუშავეთ ცხვირ-ტუჩის მიდამო ლარიფანი უნგოს თხელი ფენით დღეში ოთხჯერადი სქემით: 1 - დილით - დილის ტუალეტის მოლევის შედეგ, 2 - უშუალოდ სახლიდან გასვლის (ბაღში, სკოლაში, სამსახურში, სტუმრად...) წასვლის წინ, 3 - სახლში დაბრუნებისას - ხელების საპნით დაბანის შემდეგ, 4 - უშუალოდ ძილის წინ - საღამოს ტუალეტის მოლევის შემდეგ.
• ზემოთხსენებული პუნქტები გაატარეთ თქვენი ოჯახის ყველა წევრთან მიმართებაში ასაკის განურჩევლად, ახალშობილებიდან მოხუცებამდე, ორსულების ჩათვლით.
• თუ, როგორც იტყვიან, „ამდენი რამის გაკეთებისა და გაკონტროლების ნერვები არ გაქვთ“, მაშინ უფრო მაღალია „გაციებისა“ და ვირუსით ინფიცირების რისკი, მაგრამ ნუ შეუშინდებით „გაციებას“, გრიპს და კორონავირუსს, თქვენ მათ აუცილებლად დაამარცხებთ! შეეცადეთ, „გაციებული“ და ვირუსიანი სახლში მაინც დარჩეთ, რომ სხვები არ დააინფიციროთ და თქვენ გადაარჩენთ პლანეტას.
- სად ვუმკურნალოთ ვირუსულ ინფექციას - სახლში თუ საავადმყოფოში? და რა მეთოდებით სჯობს ვირუსის მკურნალობა სახლის პირობებში?
- თუ თქვენ, ან თქვენი ოჯახის რომელიმე წევრი (ბავშვების ჩათვლით) ხართ ძილად მივარდნილი და არ შეგიძლიათ მოძრაობა, ჭამა და ლაპარაკი; თუ ტემპერატურა არ ემორჩილება სიცხის დამწევს; თუ მაღალი სიცხე გრძელდება 2 დღეს და მეტ ხანს; თუ მიღებულ სითხეს ვერ გამოყოფთ დღის განმავლობაში სამჯერ მაინც; თუ გაქვთ ღებინების და გულისრევის მომენტი დღეში სამჯერ და მეტჯერ; თუ გქონდათ კრუნჩხვის მომენტი; თუ გიჭირთ სუნთქვა; თუ გაქვთ აუტანელი ტკივილი (მაგალითად, თავის); თუ გაქვთ ტკივილი გულმკერდის არეში; თუ გქონდათ გონების დაკარგვის მომენტი; თუ შემაწუხებელი ხველა (რომელიც შეიძლება არც გქონდეთ) გრძელდება 5 დღეზე მეტ ხანს, თუ ნახველი არის მოვარდისფრო სისხლიანი; თუ გაქვთ მოლურჯო-მონაცრისფრო ფერი ცხვირ-ტუჩის ირგვლივ არეში (ბავშვებში გამოვლინდება ხოლმე ეს სიმპტომი და ყურადღებით უნდა იყოთ) - თუ ჩამოთვლილი სიმტომებიდან ერთი მაინც გაქვთ ან გქონდათ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს! გამოიძახეთ სასწრაფო და შემოთავაზების შემთხვევაში გაჰყევით საავადმყოფოში.
თუ არ გაქვთ ეს სიმპტომები და თავს უბაროლდ „მსუბუქად გაციებულად“ გრძნობთ, მაშინ დარჩით სახლში ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, ნუ მიიღებთ ანტიბიოტიკს, მიიღეთ ბევრი სითხე (წყალი, ლიმონიანი წყალი, სახლში გაკეთებული კომპოტი, სახლში გაკეთებული ფრეში, ჟოლოს, მოცვის, ფეიხოს ან სხვა C ვიტამინით და სხვა ვიტამინებით მდიდარი მურაბიანი წყალი, და ა.შ.) და შეისხურეთ დღეში 6-ჯერ ლარიფანის სპრეი ცხვირის ნესტოებსა და პირის ღრუში - ორ-ორი შესხურება თითო ჯერზე (ანუ ჯამში 6 შესხურება ერთ ჯერზე). თუ ატყობთ, რომ ვირუსს ადვილად ვერ ერევით, ჩაასხით ნებულაიზერში ლარიფანის სპრეი და შეისუნთქეთ დღეში ერთხელ ან ორჯერ (ერთ ინჰალაციაზე : 0,5 მლ. წლამდე ბავშვებში, 0,5-1 მლ. 1-5 წლის ბავშვებში, 1-1,5 მლ. 5-12 წლის ბავშვებში, 1,5-2 მლ. 12 წლიდან ზემოთ) და დაამარცხეთ ვირუსი 24-48 საათში. ნუ ჩაიწვეთებთ გაჭედილი ცხვირის გამო სისხლძარღვთა შემავიწროვებელ საშუალებებს 2 დღეზე მეტ ხანს, რომ არ მიეჩვიოთ და შემდეგ არ დაგემართოთ ლორწოვანის ატროფია და არ გახდეთ საოპერაციო. არსებობს ნატურალურ ეთერზეთებზე დამზადებული ცხვირის წვეთები, მაგალითად, სინურინის წვეთები ლატვიიდან), რომელიც ცხვირით სუნთქვასაც აღადგენს, ლორწოვანსაც არ გააღიზიანებს და მიჩვევასაც არ იწვევს. ხველისთვის გამოიყენეთ მხოლოდ მცენარეული შემადგენლობის საშუალებები (როგორიცაა, მაგალითად, სინუნორმ B ხველის ბალზამი ლატვიიდან).
- ვინ არის რესპირაციული ვირუსული ინფექციების და „გაციების“ რისკის ჯგუფში და ვისთვის არის მიზანშეწონილი ლარიფანი უნგოს და სპრეის გამოყენება ვირუსის პროფილაქტიკისთვის?
- 2 წლამდე ასაკის ბავშვები;

​• ბაღისა და სკოლის ასაკის ბავშვები;
• ორსულები და ხანდაზმულები 65 წელს ზევით;
• ქრონიკული დაავადების მქონე პირები (ასთმა, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, გულის შეგუბებითი უკმარისობა, დიაბეტი, ღვიძლისა და თირკმელების ქრონიკული დაავადებები და ა.შ);
• ქიმიოთერაპიაზე მყოფი ონკოლოგიური პაციენტები.

R
წაიკითხეთ სრულად