Baby Bag

მეცნიერების მტკიცებით, ჩვილის ქცევაზე დაკვირვებით მისი ზრდასრულობის ასაკის ხასიათის თავისებურებების განსაზღვრა შეგვიძლია

მეცნიერების მტკიცებით, ჩვილის ქცევაზე დაკვირვებით მისი ზრდასრულობის ასაკის ხასიათის თავისებურებების განსაზღვრა შეგვიძლია
ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებული კვლევებით დგინდება, რომ ჩვილის ქცევაზე დაკვირვებით მისი ზრდასრულობის ასაკის ხასიათის თავისებურებების განსაზღვრა შეიძლება. მერილენდის უნივერსიტეტის, ამერიკის კათოლიკური უნივერსიტეტისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის ინსტიტუტის ერთობლივი კვლევების შედეგად მეცნიერებმა 165 ბავშვის ფსიქოლოგიური პორტრეტი შეისწავლეს. ისინი უმეტესად 14 თვის ასაკის პატარებს აკვირდებოდნენ. მეცნიერებმა სხვადასხვა ტემპერამენტის მქონე ბავშვები შეისწავლეს.

ბავშვები, რომლებსაც მოქმედების დროს მეტისმეტი სიფრთხილე და წინდახედულობა ახასიათებთ, ზრდასრულ ასაკში სოციუმისგან განცალკევებისა და შფოთვითი აშლილობისკენ მიდრეკილებას ამჟღავნებენ. როგორც წესი, ზედმეტად ფრთხილ ბავშვებს მათთვის უცნობი პიროვნებები ან საგნები ძალიან აშინებთ. კვლევებით დადგინდა, რომ პატარები, რომლებიც შედარებით ლაღი ხასიათით გამოირჩევიან, ზრდასრულ ასაკში შფოთვითი აშლილობებით ნაკლებად იტანჯებიან.

ბავშვების განვითარების თავისებურებებზე დასაკვირვებლად მეცნიერებმა 115 ბავშვი 15 წლის ასაკში სხვადასხვა კრიტერიუმით შეაფასეს, ხოლო 109 ზრდასრული 26 წლის ასაკში შეფასდა. მეცნიერები მოზარდების და ზრდასრულების ფსიქოპათოლოგიას, სოციალურ ფუნქციებს, პიროვნულ მახასიათებლებს, განათლების დონესა და შემოსავლებს აფასებდნენ.

კვლევებით დადგინდა, რომ ბავშვები, რომლებიც ჩვილობისას სიახლეებისადმი შიშსა და შფოთვას იჩენდნენ, 26 წლის ასაკში ჩაკეტილ და იდუმალ პიროვნებებად ყალიბდებოდნენ. მათ თინეიჯერობიდან ადრეულ ზრდასრულობამდე რომანტიკული თავგადასავლები ნაკლებად ჰქონდათ, ხოლო მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ურთიერთობა უძნელდებოდათ. ჩვილობის ასაკში სიფრთხილისა და შიშის მაღალი მაჩვენებელი ზრდასრულთა განათლების დონესა და შემოსავლებზე გავლენას არ ახდენდა.

კვლევით დადასტურდა, რომ იმ ბავშვების დიდი ნაწილი, რომლებსაც 15 წლის ასაკში შეცდომების დაშვების შიში ჰქონდათ, 26 წლის ასაკში შფოთვითი აშლილობებითა და დეპრესიით იტანჯებოდა.

ბავშვობის ასაკის თავისებურებები ადამიანის ფსიქიკურ განვითარებაზე რომ უდიდეს გავლენას ახდენს, ეს საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს, თუმცა უახლესმა კვლევამ აჩვენა, რომ ზრდასრულ ასაკში გამოვლენილი ფსიქიკური პრობლემების პირველწყაროების მოძიება ჩვილობის ასაკშიც შეგვიძლია. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მათ მიერ ჩატარებული კვლევა ფსიქოლოგებსა და ფსიქიატრებს ფსიქიკური აშლილობებისკენ მიდრეკილი ადამიანების ადრეულ ასაკში იდენტიფიცირების შესაძლებლობას მისცემს. რისკ-ჯგუფების ნაადრევად გამოვლენა მათ მომავალში ფსიქიკური პრობლემების განვითარებისგან დაიცავს და მშობლებს აღნიშნული პრობლემების პრევენციის შესაძლებლობებს მისცემს.

კვლევის ორგანიზატორების თქმით, ისინი საკვლევი ჯგუფების გაფართოებას და მიღებული შედეგების ფართო პოპულაციაზე განვრცობას გეგმავენ. 

მომზადებულია ​thejakartapost.com-ის მიხედვით
თარგმნა ია ნაროუშვილმა

შეიძლება დაინტერესდეთ

„ბავშვთან ენის მოჩლექით საუბარი არ არის კარგი სამეტყველო აპარატის სწორად ჩამოყალიბებისთვის,“ - ფსიქოლოგი ეკატერინე ბურკიაშვილი

ფსიქოლოგი ეკატერინე ბურკიაშვილი გადაცემაში „დილა ფორმულაზე“ ბავშვის განვითარებაში მეტყველების როლზე საუბრობს:

„ჩვენ ვართ მოდელები ბავშვისთვის. ის ლაპარაკს მიბაძვით სწავლობს. თუ ჩვენი სიტყვები იქნება მკაფიო და წინადადებები არ იქნება რთული, თუ შევეცდებით მოკლე წინადადებებით ვესაუბროთ, ის უფრო მარტივად დაიწყებს საუბარს. თუ ჩვენ შევამჩნიეთ, რომ ორი წლის ასაკში ბავშვს არ შეუძლია მარტივი წინადადებების აწყობა, ურთულდება სიტყვის მიზანმიმართულად გამოყენება, მითითება, კომუნიკაცია, სჯობს ადრევე მივმართოთ ფსიქოლოგს და მეტყველების თერაპევტს. ორიდან სამ წლამდე ის პერიოდია, როდესაც მშობელი აუცილებლად მიხვდება, მისი შვილი რამდენად ფლობს ენას.“

„მშობელს შეუძლია, რომ ბავშვს ყურადღება გაუმახვილოს ყველაფერზე, რასაც გარემოში ვხედავთ. უთხრას შვილს: შეხედე, ახლა დავინახეთ ჩიტი. მშობლებმა ხშირად იციან ბავშვთან ენის მოჩლექით საუბარი, რაც არ არის კარგი სამეტყველო აპარატის სწორად ჩამოყალიბებისთვის. თუ შევამჩნევთ, რომ ბავშვისთვის მნიშვნელოვანია ვიზუალური მასალა, შევეცადოთ, ამაზე გავუმახვილოთ ყურადღება, გამოვიყენოთ ეს სურათ-ხატები იმისთვის, რომ მასთან დავამყაროთ კომუნიკაცია და ავამუშაოთ მისი სამეტყველო აპარატი,“ - აღნიშნავს ეკატერინე ბურკიაშვილი

წაიკითხეთ სრულად