Baby Bag

„ბედნიერებაზე მეტია ეს ორი საოცრება, დღეს რომ მოევლინა სამყაროს... არაფერი ყოფილა თურმე, მსგავსი ემოციის მომტანიც კი“ - ოპერის მომღერალი ნინო სურგულაძე ტყუპების დედა გახდა

„ბედნიერებაზე მეტია ეს ორი საოცრება, დღეს რომ მოევლინა სამყაროს... არაფერი ყოფილა თურმე, მსგავსი ემოციის მომტანიც კი“ - ოპერის მომღერალი ნინო სურგულაძე ტყუპების დედა გახდა
ოპერის მომღერალი ნინო სურგულაძე ტყუპების დედა გახდა. შვილების დაბადებას მომღერალი სოციალურ ქსელში ემოციური პოსტით გამოეხმაურა:

„სიტყვები, განცდები, გრძნობები - მგონი, ვერაფერი გამოხატავს იმას, რაც ახლა ჩემ ცხოვრებაში ხდება. ბედნიერებაზე მეტია ეს ორი საოცრება, დღეს რომ მოევლინა სამყაროს ჩემგან და ჩემთვის, ჩვენთვის... ყველა დედისთვის ნაცნობია ის შეგრძნება, ახლა რაც მაქვს, მაგრამ მაინც მარტო ჩემი და ძალიან განსხვავებული, ასე მგონია. ამ წუთამდე, - ნატალიას და ზაქარიას დაბადებამდე არაფერი ყოფილა თურმე მსგავსი ემოციის მომტანიც კი, არ განმიცდია, არ გამხარებია ასე სრულყოფილად, ასე სრულად, ახლა ვარ ის, ვინც უნდა ვყოფილიყავი, დედა, რომელიც ამ უსასრულო ძალით და ბედნიერებით უფრო მეტს შეძლებს პროფესიაშიც, საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც, ყველგან, სადაც მოინდომებს იმიტომ, რომ დედა ვარ... ახლა, როგორც არასდროს, ისე ძალიან მინდა, ყველა ქალს მიეცეს ეს ძალა, ყველა ქალმა იგრძნოს მისი ახალდაბადებული შვილის სურნელი, პატარა თითების სითბო, რომელსაც ვერასოდეს ვერაფერი შეცვლის.

დიდი მადლობა ყველას, ვინც მთელი ეს პერიოდი ჩვენთან ერთად და ჩვენი გულშემატკივარი იყო, ვისაც სიხარული მოუტანა ნატალიას და ზაქარიას დაბადებამ, ვინც მოგვილოცა და მოგვილოცავს, განსაკუთრებული მადლობა გინეკოლოგს, ბატონ ნოდარ ზალდასტანიშვილს.

მადლობა თქვენი სიყვარულისთვის, რომელიც უფრო მეტ ძალას მომცემს ჩემ პატარებს ყველას და ყველაფრის სიყვარული ვასწავლო, რადგან ამ გრძნობით შეუძლებელიც კი შესაძლებელია. მადლობა თითოეულ თქვენგანს ყველაფრისთვის, მჯერა, ყველა ჩვენგანის შვილები აუცილებლად იცხოვრებენ ბედნიერ, ლამაზ და სრულყოფილ სამყაროში და ძლიერ საქართველოში“, - წერს ნინო სურგულაძე.

შეიძლება დაინტერესდეთ

მნიშვნელოვანია ფოლიუმის მჟავის მიღება ორსულობამდე და ორსულობის დროს 12 კვირის ჩათვლით

მნიშვნელოვანია ფოლიუმის მჟავის მიღება ორსულობამდე და ორსულობის დროს 12 კვირის ჩათვლით

დღეს ხუთშაბათია და მედიაპორტალი MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას - მეან-გინეკოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. ფოლიუმის მჟავა და ორსულობა - დღეს მეან-გინეკოლოგი და ქირურგი ეკა ბუკია ამ თემაზე მოგაწვდით კომპეტენტურ ინფორმაციას.

რისთვის არის საჭირო ფოლიუმის მჟავა?
ფოლიუმის მჟავა ეს არის ვიტამინი B9, რომელსაც შეიცავს ბევრი პროდუქტი და საკვები დანამატი. ფოლიუმის მჟავა გამოიყენება ორგანიზმის მიერ ახალი უჯრედების და დნმ-ის წარმოებისთვის. ეს მნიშვნელოვანი პროცესია ზრდისა და განვითარებისთვის მთელი სიცოცხლის მანძილზე.
მნიშვნელოვანია ფოლიუმის მჟავის მიღება ორსულობამდე და ორსულობის დროს 12 კვირის ჩათვლით, ვინაიდან ორსულობის პირველ ტრიმესტრში ყალიბდება ნაყოფის ნერვული მილი - ნერვული სისტემა (თავისა და ზურგის ტვინი).

​რა სიმპტომები აქვს ფოლიუმის მჟავის დეფიციტს?

​ფოლიუმის მჟავის დეფიციტისთვის დამახასიათებელ სიმპტომებს ძირითადად ვერ ვამჩნევთ, მისთვის დამახასიათებელია:
  • დაღლილობა
  • ზრდის შეფერხება
  • ანემიისთვის დამახასიათებელი ჩივილები
  • სიფერმკრთალე
  • ქოშინი
  • გაღიზიანებადობა

​რა მიზეზებმა შეიძლება გამოიწვიოს ფოლიუმის მჟავის დეფიციტი?

​ფოლიუმის მჟავა წყალში ხსნადი ვიტამინია, რომელიც არ გროვდება ცხიმოვან ქსოვილებში, აქედან გამომდინარე ორგანიზმის მიერ ვერ ხდება ფოლიუმის მჟავის რეზერვის გამომუშავება, ამიტომ მისი მიღება მუდმივად უნდა მოხდეს საკვების დახმარებით. დეფიციტის გამომწვევი მიზეზებია:

  • დიეტა - რომლის რაციონში ნაკლები რაოდენობითაა ხილი და დაუმუშავებელი (უმი) ბოსტენული.
  • დაავადებები, რომლებიც აფერხებენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან ფოლიუმის შეწოვას, მათ მიეკუთვნება: კრონის დაავადება.
  • თირკმლის უკმარისობა
  • ზოგიერთი მედიკამენტის მიღება
  • ჭარბი რაოდენობით ალკოჰოლის მიღება
რა რაოდენობით და როგორ უნდა მივიღოთ ფოლიუმის მჟავა?
დღიური დოზა შეადგენს 400 მკგ-ს დღეში (ორსულობის 12 კვირის ჩათვლით).
იმ ორსულებს, ვისაც ანამნეზში აქვთ ნაყოფის განვითარების ანომალია, მათთვის ფოლიუმის მჟავის დოზა იზრდება და ინიშნება ინდივიდუალურად ექიმის მიერ!

​გარდა ამისა ფოლუმის მჟავის რაოდენობა იზრება თუ ორსულს აქვს:

  • თირკმლის პრობლემა და იმყოფება დიალიზზე
  • ღვიძლის დაავადებები
  • იღებს ეპილეფსიის სამკურნალო მედიკამენტებს
  • აქვს შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2
  • წითელი მგლურა
  • ფსორიაზი
  • რევმატოიდული ართრიტი
  • ასთმა
  • ნაწლავის ანთებითი დაავადებები

​მედიკამენტის გარდა ორსულობის განმავლობაში ფოლატები უნდა მიიღოთ საკვების გზით. მიირთვით:

  • მწვანე ბოსტნეული
  • ციტრუსის წვენი
  • თხილი
  • ლობიო
  • მარცვლეული

​გისურვებთ ჯანმრთელობას!

წაიკითხეთ სრულად