Baby Bag

„ძალიან ბევრ ბავშვს არ უყვარს ლექსების სწავლა, კლასიკის შესწავლა... თვითონ ნაწარმოები არაფერ შუაში არ არის, მიმწოდებელია შუაში,“- პაატა ამონაშვილი

„ძალიან ბევრ ბავშვს არ უყვარს ლექსების სწავლა, კლასიკის შესწავლა... თვითონ ნაწარმოები არაფერ შუაში არ არის, მიმწოდებელია შუაში,“- პაატა ამონაშვილი

ფსიქოლოგმა პაატა ამონაშვილმა ბავშვების კლასიკური ლიტერატურით დაინტერესებაში მასწავლებლის უდიდესი როლის შესახებ ისაუბრა:

„ძალიან ბევრ ბავშვს არ უყვარს კლასიკის შესწავლა, არ უყვარს ლექსების სწავლა, თუმცა ისეთებსაც ვხედავ, რომლებსაც უყვართ ეს ყველაფერი. თვითონ ლირიკა და ნაწარმოები არაფერ შუაში არ არის აქ, მიმწოდებელია შუაში. მასწავლებელი არის შუამავალი ბავშვსა და კლასიკურ საგანძურს შორის. თუ მასწავლებელს ეს კლასიკური საგანძური მოაქვს, როგორც მხოლოდ სკოლის პროგრამის ნაწილი, რომ მერე ტესტი ჩაატაროს, თან ამას აკეთებს მკაცრი სახით, თან ეჩხუბება, ეს გავლენას ახდენს ბავშვზე. ერთ-ერთ ბავშვს ვკითხე, როგორი მასწავლებლები გყავს-თქო. მან მიპასუხა: „არცერთი მასწავლებელი არ მყავს, რომელიც გაკვეთილის წინ რომ დამინახავს, მკითხავს, როგორ ხარო.“ კლასში რომ შედის მასწავლებელი და „როგორ ხართ?“ კითხვის ნაცვლად ამბობს: „გადაშალეთ წიგნები, როგორ არ მოიტანეთ დავალება?“  და ამის ფონზე ამოიღებს საგანძურს, ეს საგანძური ბავშვისთვის აღარ არის საგანძური.“

„10 წლის წინ საქართველოში ექსპერიმენტი ჩავატარეთ. გავზომეთ როგორ უყვართ ბავშვებს თავიანთი მასწავლებლები სხვადასხვა საგანში. ეროვნული გამოცდა რომ ჩააბარეს ბავშვებმა, შევადარეთ ქულები იმას, თუ როგორ უყვარდათ მასწავლებელი. სადაც მასწავლებელი ძალიან უყვარს, ძალიან მაღალ ქულას იღებს ბავშვი, სადაც სძულს - ძალიან დაბალს. მამაჩემს, შალვა ამონაშვილს ჰყავდა მასწავლებელი ვარვარა ვარდიაშვილი. ის ისე აწვდიდა ბავშვებს „ვეფხისტყაოსანს,“ რომ დღემდე ჯიბით დააქვს მამაჩემს „ვეფხისტყაოსანი.“ მე არ მყავდა, სამწუხაროდ, ვარვარა ვარდიაშვილი მასწავლებლად და მიკვრიდა, რა აინტერესებს-მეთქი მამაჩემს ამ „ვეფხისტყაოსანში.“ სკოლაში „ვეფხისტყაოსანი“ იყო ისეთი ნაწარმოები, რომელიც ძალიან არ მიხაროდა. გაძალებდნენ დაზეპირებას, რთულია, ვერ გიხსნის მასწავლებელი. თვითონ „ვეფხისტყაოსნის“ ბრალი კი არ არის, მიმწოდებლის ბრალია ეს. ყველაზე დიდი კლასიკური საგანძურიც შეიძლება ბავშვისთვის საძულველი გახდეს საძულველი მასწავლებლის ხელიდან. სანამ კლასიკას მივიტან ბავშვთან, რატომ არ უნდა ვიზრუნო იმაზე, რომ შევაყვარო თავი?! მოდი, ჯერ მე შევუყვარდე და რასაც მივუტან, ისიც შეუყვარდება. თუ სიძულვილს მივუტან, თუ მე არ მოვწონვარ, რასაც მივუტან ისიც არ მოეწონება. საუკეთესო პატრიოტული ლექსიც გახდება იძულების ნაწილი. თუ დამაძალებთ, დავიზეპირებ, მაგრამ დავივიწყებ, როგორც კი გამოცდას ჩავაბარებ,”- აღნიშნულ საკითხზე პაატა ამონაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „შემდეგი გაჩერება“ ისაუბრა.

წყარო: ​„შემდეგი გაჩერება“

შეიძლება დაინტერესდეთ

,,ყოველწამიერად და ყოველწუთიერად, ჩვენ ვქმნით საკუთარ ბედნიერებას" - ეკატერინე ყიფიანი

,,ყოველწამიერად და ყოველწუთიერად, ჩვენ ვქმნით საკუთარ ბედნიერებას" - ეკატერინე ყიფიანი

რა არის ბედნიერება და როგორ უნდა იარსებოს მან ჩვენს ყოველდღიურობაში - ამის შესახებ პოზიტიური და ტრანსკულტურალური ფსიქოკონსულტანტი, ეკატერინე ყიფიანი გადაცემაში - ,,დილა მშვიდობისა საქართველო" საუბრობს.

,,ადამანები ყოველთვის ცდილობენ, იყვნენ ბედნიერები. თეორიულად ეს ყველამ შესანიშნავად ვიცით, პრაქტიკულ დონეზე არცთუ ისე მარტივია ამის განხორციელება. ბედნიერი ადამიანების ქცევები და ჩვევები ძალიან ჰგავს ერთმანეთს - სასაუბრო ერთნარი აქვთ, ემოცია ერთნაირი აქვთ, განწყობა ერთნაირი აქვთ, ერთნაირად ფიქრობენ ყველაფერთან მიმართებთ. მაგრამ თუკი ადამიანს ბედნიერების განცდა აკლია, მას ნეგატიური ქცევები აქვს. ბუნებრივია, ამ ყველაფერს თავის მიზეზები აქვს, ჩვენს საკუთარ ქვეცნობიერში უნდა ჩავიხედოთ კარგად, ყველაფერი კარგად გავაცნობიეროთ, რადგან არ არის მარტივი, დამოკიდებულები ვიყოთ იმ გარემო ფაქტორებზე, რომლებსაც ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ.

შეიძლება ითქვას, ადამიანი საკუთარ ბედნიერებას თვითონ ქმნის. გამცემი ადამიანი ყოველთვის ძალიან ბედნიერია. ბევრჯერ მსმენია - იცი, რა, არ დამიფასა არაფერი. მე ყოველთვის გავცემ, მაგრამ ვერ ვიღებ. თუკი ადამიანი გასცემს იმიტომ, რომ მიიღოს უკან, ეს უკვე აღარ არის სიკეთე. შესაბამისად, ის ადამიანი, რომელიც გასცემს უანგაროდ, თვითონ ივსება ბედნიერებით. თუ დააკვირდებით, საზოგადოებაც კეთილგანწყობლია ამ ადამიანის მიმართ.

ადამიანი მუდმივად უნდა მუშაობდეს იმისთვის, რომ საკუთარი ,,მე" შექმნას და არ ჰქონდეს შიში, რომ თავისი თავი გამოხატოს განსხვავებულად. ჩვენ ამისთვის გვჭირდება შრომა. უბრალოდ, კარგად უნდა მოვუსმინოთ საკუთარ თავს. ყოველწამიერად და ყოველწუთიერად, ჩვენ ვქმნით საკუთარ ბედნიერებას. როდესაც ჩვენ ვართ ბედნერები, სწორედ ამ დროს გამოიყოფა ის მნიშვნელოვანი ჰორმონები, რომლებიც დიდი ბედნერებით გვავსებს, ეს კი ჩვენს განწყობაზე ასახება. რა თქმა უნდა, ეს გადამდებია სხვა ადამიანებისთვის, რომლებიც ჩვენ გარშემო იმყოფებიან.

შეიძლება, რაიმე კონკრეტული მიზნის გამო გამოვტოვოთ მნშვნელოვანი ბედნიერებებ, ეს არის ჩვენი ახლობლები. ჩვენ რასაც ვფქრობთ ყოველდღიურად, სწორედ ეს არის ჩვენი ცხოვრება", - ამბობს ეკატერინე ყიფიანი.

წყარო: ,,დილა მშვიდობისა საქართველო"

წაიკითხეთ სრულად