Baby Bag

„გინდა, რომ კარგი შვილი გყავდეს? მაშ, მიეცი მას თავისუფლების გზა“ - შალვა ამონაშვილი

„გინდა, რომ კარგი შვილი გყავდეს? მაშ, მიეცი მას თავისუფლების გზა“ - შალვა ამონაშვილი

„ჩვენ დაბადებულები ვართ იმისთვის, რომ შევიმეცნოთ ყველაფერი, რაც ჩვენ გარშემოა. რად გვინდა ჩვენ ეს? ყევლაფერი ეს დიდხანს არ დაგვჭირდება, მაგრამ სხვანაირად არ შეგვიძლია - ეს შემეცნებითი ძალა ბავშვზე მოქმედებს დაბადებიდანვე. სამი პირობა უნდა დაიმახსოვრონ უფროსებმა - განავითარეთ ბავშვი, ისე მოექეცით - თითქოს, ის დიდია და აღარ არის პატარა და აგრძნობინეთ, რომ ის აკეთებს იმას, რაც მათ უნდათ, რომ გააკეთონ“, - ამის შესახებ აკადემიკოსმა, პედაგოგმა - შალვა ამონაშვილმა გადაცემა „იმედის დღეში“ ისაუბრა.

„ხანდახან ბავშვს ეუბნებიან - გააკეთე, რაც გინდა. მას ეს თავისუფლება არ უნდა. მას სურს შემდეგი - ვითომ, თვითონ აირჩია ის, რის გაკეთებაც უნდა. ჭეშმარიტი აღზრდა საკუთარი თავის აღზრდით იწყება. ბავშვს სწავლისთვის უნდა მოტივი - რა მოტივს ვაძლევთ მას სწავლისთვის, ცხოვრებისთვის, ურთიერთობისთვის? სკოლაში ის მიდის უარყოფითი მოტივებით - არ მინდა. რატომ? იმიტომ, რომ ვაძალებთ. ჩვენ - დიდებიც გავურბივართ იმას, რასაც გვაძალებენ, მიუხედავდ იმისა, რომ გვაქვს ნებისყოფა. ბავშვს თავისუფლება უნდა - დააძალებ? გაგექცევა. აარჩევინებ? გამოგყვება. თუ მასწავლებელიც ასე მოიქცევა და ბავშვს მისცემს არჩევანის საშუალებას - ეს გავაკეთოთ თუ ის? მას მიეცემა მოტივი, ითანამშრომლოს მასთან და დიდად იგრძნოს თავი. ასე მოუნდება სკოლაში მისვლა, შემდეგ კი გაეხარდება. თუ ბავშვს არ უხარია სკოლაში მისვლა, თუ მას არ ახარებს მასწავლებლის თვალები, მისი მოფერება და წაქეზება, აქ უკვე არ არსებობს მისთვის მოტივი - ამ მასწავლებლის გაკვეთილიდან გაიპარება.  თუ მე, როგორც მშობელი ან როგორც მასწავლებელი, ავტორიტეტი ვარ, მე შემიძლია, ვუთხრა ბავშვს - ეს არ გააკეთო, ძალიან გთხოვ. ჩემი ეს სიტყვა მისთვის დაცვითი პედაგოგიკა აღმოჩნდება, ის უკვე დაცულია.  გინდა, რომ კარგი შვილი გყავდეს ამ ქვეყნისთვის, საკუთარი ცხოვრებისთვის? მაშ, გაუხსენი მას ნიჭი, მიეცი გზა - თავისუფლების გზა, რომ მან შემდეგ თვითონ გაიკვლიოს, საითკენ გაუხვიოს. 

სკოლა არ არის შენობა - ეს არის მასწავლებელი. მასწავლებელი სულმნათს ნიშნავს. როგორი უნდა იყოს ის - კეთილი, მოსიყვარულე, თავაზიანი, გამგები, გულისხმიერი“, - აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო: ,,​იმედის დღე"

შეიძლება დაინტერესდეთ

10 კითხვა, რომელიც აუცილებლად უნდა დაუსვათ თქვენი შვილის მასწავლებელს

10 კითხვა, რომელიც აუცილებლად უნდა დაუსვათ თქვენი შვილის მასწავლებელს

სკოლა ბავშვისთვის მეორე სახლია. ეს ის ადგილია, სადაც სახლის მერე ყველაზე მეტ დროს ატარებს. თუ დავთვლით, ადამიანი თავისი ცხოვრების 16 000 საათს სკოლაში ატარებს. სკოლაში ბავშვები არა მარტო სწავლობენ, არამედ მშობლებისაგან დამოუკიდებელ ცხოვრებასაც ეჩვევიან და პიროვნებებად ყალიბდებიან. 

თუ გაინტერესებთ, რას აკეთებს, როგორ სწავლობს და ვითარდება თქვენი შვილი სკოლაში, მაშინ დაუსვით მის მასწავლებელს ეს 10 კითხვა:

1. როგორი პროგრესი აქვს ბავშვს სწავლის მხრივ?

2. რა მხრივ სჭირდება უფრო მეტად ხელის შეწყობა, რომ უკეთესი წინსვლა ჰქონდეს?

3. როგორია სკოლაში მისი ემოციური მდგომარეობა?

4. არის თუ არა ბულინგის მსხვერპლი?

5. როგორია მისი მორალური განვითარება?

6. რომელია მისი ძლიერი და სუსტი მხარეები?

7. როგორ შემიძლია დაგეხმაროთ თქვენ, ჩემი შვილის მასწავლებლებს?

8. როგორ შეიძლება დავეხმაროთ შვილს სწავლის პროცესში წარმოქმნილი სიძნელეების დროს?

9. რომელი სფერო უფრო მეტად აინტერესებს, რითი დავაკავოთ სახლში ბავშვები - ხატვით, სპორტით...?

10. რა შედეგებს უნდა ველოდო ჩემი შვილისგან სასწავლო წლის ბოლოს?

მშობლებისა და მასწავლებლების თანამშრომლობა დადებითად აისახება ბავშვების განვითარებაზე. 

მომზადებულია moms.com-ის მიერ. 

წაიკითხეთ სრულად