Baby Bag

„ეს არის ისტორიული მოვლენა საქართველოს განათლების სისტემისთვის“ - მამუკა ბახტაძე

„ეს არის ისტორიული მოვლენა საქართველოს განათლების სისტემისთვის“ - მამუკა ბახტაძე

უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულ ასოციაციაში (ENQA) გაწევრიანება საქართველოს განათლების სისტემისთვის ისტორიული მოვლენა და ჩვენი ქვეყნის უდიდესი წარმატებაა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

„ჩვენ დავუახლოვდით ევროპულ ოჯახს ყველაზე მნიშვნელოვან მიმართულებაში და ეს არის განათლება. რამდენიმე დღის წინ ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ასოციაციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველო გაწევრიანდება „ენკაში“ (ENQA). ეს არის უდიდესი წარმატება. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ისტორიული მოვლენა ჩვენი განათლების სისტემისთვის, იმ ფონზე, როდესაც ჩვენ დავაანონსეთ, რომ განათლება მთავარი ძალაა ჩვენი ქვეყნისთვის“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

მისივე თქმით, საქართველოს ექნება ყველა პრაქტიკული მექანიზმი, რომ აქ გაცემული დიპლომები აღიარებული და ვალიდური იყოს ევროკავშირში:

„უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის დიდი გამარჯვება და ამავე დროს, არის დიდი პასუხისმგებლობა. აქტიურად უნდა ვიმუშაოთ, რომ რაც შეიძლება მოკლე ვადაში დავაკმაყოფილოთ ყველა სტანდარტი. მაქსიმალური ფოკუსი უნდა გვქონდეს გაკეთებული ხარისხზე. ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა, როდესაც შენს ქვეყანაში გაცემული დიპლომი ითვლება, რომ არის ვალიდური და შეესაბამება ევროკავშირის სტანდარტებს. ჩვენ ამას უნდა გავუფრთხილდეთ. მომავალ თვეებში ინტენსიური მუშაობა გვექნება უნივერსიტეტებთან, რომ გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა, რომელიც ისტორიული მოვლენაა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი უნივერსიტეტები შეძლებენ მეტად დაახლოებას. იქნება მაქსიმალური მობილურობა ქართველ სტუდენტებსა და პროფესორებს შორის ევროპაში მუშაობის თვალსაზრისით. ეს ყველაფერი დაკავშირებული იქნება დამატებით ფინანსურ რესურსთან. მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ ეროვნული იდეის ფინანსური პარამეტრები. ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტის 6 პროცენტს მივმართავთ განათლებაზე და ეს არის ბიუჯეტის მეოთხედი. დარწმუნებული ვარ, „ენკაში“ გაწევრიანებით ჩვენ გადავდგით ძალიან პრინციპული და მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისათვის, რომ საქართველოში განათლების სტანდარტი იყოს მაღალი“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

შეგახსენებთ, რომ ENQA-ს პრეზიდიუმმა საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წევრობის შესახებ გადაწყვეტილება 25 აპრილს, ესტონეთში გამართულ ყოველწლიურ ფორუმზე მიიღო.

შეიძლება დაინტერესდეთ

​„მიღებულია, რომ სკოლები და ბაღები უნდა დაიკეტოს სულ ბოლო და უნდა გაიხსნას სულ პირველი“

​„მიღებულია, რომ სკოლები და ბაღები უნდა დაიკეტოს სულ ბოლო და უნდა გაიხსნას სულ პირველი“

„მიღებულია, რომ სკოლები და ბაღები უნდა დაიკეტოს სულ ბოლო და უნდა გაიხსნას სულ პირველი“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ბავშვები იცით, რომ შედარებით იოლად იტანენ ამ ყველაფერს. ამიტომ ბავშვებში ფართო გავრცელება არ გვაქვს. სკოლებში 10 პროცენტს არ სცილდება, სადაც გვქონდა შემთხვევები და რომლებიც გადავიდნენ ე.წ. ონლაინ, დისტანციურ სწავლებაზე. ანუ რომ გითხრათ, სკოლებში ძალიან ფართო გავრცელებაა, ასე არაა. ეს ზოგადად მიღებულია, რომ სკოლა და ბაღი უნდა დაიკეტოს სულ ბოლო და გაიხსნას სულ პირველი, ამიტომაც ჩვენ ვცდილობთ, რომ სკოლები ნაკლებად გადავიდნენ დისტანციურ სწავლებაზე“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

წაიკითხეთ სრულად