,,სემესტრის ბოლოს, ვინც წარმატებით გაივლის გარე დაკვირვების რუბრიკას, ყველა ერთიანად მიიღებს წამყვანი მასწავლებლის სტატუსს. სტატუსს მათ ეტაპობრივად არ მივანიჭებთ'' - აღნიშნულის შესახებ მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილე მანანა რატიანმა ,,ახალ განათლებასთან'' მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
,,იმ პერიოდში, როცა სისტემა ონლაინ სწავლებაზე გადავიდა, გარე დაკვირვება გადაიდო. რადგან სასწავლო პროცესი პანდემიაზე გახდა დამოკიდებული, მივხვდით, რომ შეიძლება პრობლემა შემოდგომაზეც გაგრძელებულიყო, ამიტომ გადავწყვიტეთ შეგვექმნა ონლაინ გარე დაკვირვების რუბრიკა, რომელსაც პარალელურ რეჟიმში დავტესტავდით სკოლებში. მაისის დასაწყისში 12 სკოლას ვთხოვეთ რუბრიკის აპრობაციის პროცესში ჩართვა (შევარჩიეთ რეგიონის, ქალაქის, სოფლის, არაქართულენოვანი, მცირეკონტინგენტიანი და მაღალკონტინგენტიანი სკოლები). უშუალოდ დირექტორები იყვნენ ამ პროცესში ჩართულები. თავდაპირველად მასწავლებლები, რომელთაც ვაკვირდებოდით, არ იცნობდნენ რუბრიკის კრიტერიუმებს, უბრალოდ იცოდნენ, რომ აკვირდებოდნენ გაკვეთილზე. ამის შემდეგ, მათ გავაცანით კრიტერიუმები და ისე დავაკვირდით. დირექტორებს ვთხოვეთ, ჩვენთვის მოეწოდებინათ სწორედ ამ კრიტერიუმებთან დაკავშირებული უკუკავშირი, რაც მასწავლებლებისგან მიიღეს. შემდეგ, სწორედ ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ძალიან ბევრი რამ შეიცვალა მუშაობის პროცესში, დაიხვეწა და სკოლებში მიმდინარე პროცესს მოერგო. ტესტირებამ აჩვენა, რომ შესაძლებელია ონლაინ გარე დაკვირვებით შეგვეფასებინა მასწავლებლები. მას შემდეგ, რაც კანონში ცვლილება შევიდა და დისტანციური სწავლების ფორმა აღიარდა, შესაძლებელი გახდა, დაგვემტკიცებინა ონლაინ გარე დაკვირების რუბრიკა და ფორმალურადაც შესაძლებლია, უკვე კანონიერად გამოვიყენოთ რუბრიკა. ამდენად, გარე დაკვირვება აღარ გადაიდება და ამ სემესტრისთვის უკვე მზად ვართ, იმ სკოლებში, სადაც სასწავლო პროცესი დისტანციურად წარიმართება, მასწავლებლებს ონლაინ რეჟმში დავაკვირდეთ. მასწავლებლები, რომლებიც 1-დან 5 ოქტომბრამდე გაივლიან რეგისტრაციას და გრაფიკის მიხედვით გამოგვიგზავნიან 5 თანმიმდევრულ გაკვეთილის გეგმას (როგორც აქამდე ხდებოდა, ამ მიმართულებით არაფერი შეცვლილა), ონლაინ რეჟიმში დავიწყებთ რუბრიკას, მაგრამ იმ სკოლებში, სადაც სწავლა პირისპირ შენარჩუნდება, ცხადია, პედაგოგებს საკლასო ოთახში დავაკვირდებით. პროცესი მთელი სემესტრის განმავლობაში გაგრძელდება და როგორც გითხარით, იმის მიხედვით ვიმოქმედებთ, რა სიტუაციაც იქნება კონკრეტულ სკოლაში,'' - აღნიშნა მანანა რატიანმა.
მისივე თქმით, ეცნობიან მასწავლებლების საჭიროებებს და აქედან გამომდინარე გადაწყდა, რომ პირველი ოქტომბრიდან დაიწყება ყველა საჯარო სკოლის პედაგოგის გადამზადება (ძალიან მოკლე ვადაში, ორ-სამ კვირაში) თიმსის გამოყენებაში:
,,შესაბამისად, ესეც ერთგვარი დახმარება იქნება მათთვის. კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ეს არ ეხება მხოლოდ გარე დაკვირვებაზე დარეგისტრირებულ მასწავლებლებს, გადავამზადებთ ყველა იმ ქალაქისა და სოფლის მასწავლებელს, სადაც ონლაინ სწავლება მიმდინარეობს,'' - განაცხადა მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილემ.
განაგრძეთ კითხვა
წაიკითხეთ სრულად