Baby Bag

„დირექტორების სერტიფიცირება ახალ სტანდარტს დაეფუძნება“

„დირექტორების სერტიფიცირება ახალ სტანდარტს დაეფუძნება“

„დირექტორების სერტიფიცირება დაეფუძნება ახალ სტანდარტს, რომელიც უკვე მზად არის. სტანდარტი თავად დირექტორებს დავაწერინეთ მათი საჭიროებების გათვალისწინებით,“ - ამის შესახებ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ბერიკა შუკაკიძემ Moms.ge-სთან ინტერვიუში განაცხადა.

„არსებობენ სერტიფიცირებული დირექტორები, მაგრამ ახლა სტანდარტი შეიცვალა. მათ ძველი დოკუმენტის მიხედვით აქვთ გამოცდა ჩაბარებული და დადასტურებული კომპეტენცია. რადგან სტანდარტი იცვლება, მიდგომაც იცვლება - დირექტორი არამხოლოდ მენეჯერი, არამედ საგანმანათლებლო ლიდერი ხდება. მას სასწავლო პროცესი კარგად უნდა ესმოდეს, გაკვეთილზე მასწავლებელს შესაბამისი რეკომენდაცია უნდა მისცეს, როგორ განავითაროს თავისი საქმიანობა და სამოქმედო გეგმა. ამიტომ მას ახალი ხედვა სჭირდება - რამდენად ესმის სასწავლო პროცესი, რამდენად ჩართულია საქმეში. დირექტორი მასწავლებლის მხარდამჭერი უნდა იყოს და დაეხმაროს პედაგოგს პროფესიულ განვითარებაში. მას ექსპერტის ძალაუფლება უნდა ჰქონდეს. ამ ეტაპზე ვფიქრობთ, რომ ყველა დირექტორი გაივლის სერტიფიცირებას. თუ გვინდა ხარისხიანი განათლება, დირექტორი აუცილებლად უნდა იყოს საგანმანათლებლო ლიდერი. რა თქმა უნდა, ეს მენეჯერის მიმართულების დაკნინებას არ გულისხმობს.

არსებული დირექტორების უმრავლესობას ვადა გასდის სექტემბრიდან დეკემბრამდე პერიოდში. გამოცდა ორ ეტაპად ჩატარდება, ერთი იქნება გაზაფხულზე - მარტი-აპრილში, მეორე კი შემოდგომაზე - ოქტომბერი-ნოემბერში. გამოცდის ჩაბარება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია.

დირექტორებს კომპეტენციის დადასტურება სამი მიმართულებით მოუწევთ - კანონმდებლობა, ზოგადი უნარები და პროფესიული ცოდნა (დიდაქტიკა). ვისაც, სურვილი ექნება, მათ მასწავლებლის სახლი ამ საკითხებში გადაამზადებს. გამოცდის შემდეგ დირექტორები გაივლიან გასაუბრებას, რომელსაც განათლების სამინისტრო ჩაატარებს. ეს არ იქნება სტანდარტული გასაუბრება. დირექტორების კომპეტენციების დასადგენად შემუშავდება კონკრეტული ქეისები, რომელთა განხილვაც მოუწევთ დირექტორობის მსურველებს. გასაუბრებაზე არ იქნება ტრაფარეტული კითხვები.

იმ დირექტორების გადამზადებას, ვინც საბოლოოდ სკოლებში წავა, მერეც ვაპირებთ, რომ სისტემა შეიკრას, მჭიდრო კავშირი რომ გვქონდეს მათთან.

სერტიფიცირების პროცესი დაიწყება არ ნიშნავს, რომ დირექტორების შეცვლა ეგრევე მოხდება. სერტიფიცირება არის ერთგვარი ბილეთი დირექტორების კონკურსში მონაწილეობისათვის. თუ დირექტორს სერტიფიკატი არ ექნება, ის კონკურსში ვერ მიიღებს მონაწილეობას,“ - განაცხადა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ბერიკა შუკაკიძემ.

შეიძლება დაინტერესდეთ

„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში ცვლილებაა

„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში ცვლილებაა

„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 11 იანვრის №04/ნ ბრძანებაში ცვლილებაა. შესაბამისი დოკუმენტი, რომელსაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელი აწერს ხელს, საკანონმდებლო მაცნეში დღეს გამოქვეყნდა.

ბრძანების თანახმად, შეტანილ იქნეს ცვლილება „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესის დამტკიცების შესახებ“ და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებულ „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესს“ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-12 მუხლი:

„მუხლი 12. გარდამავალი დებულება

1. ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე 2020-2021 სასწავლო წლისათვის საჯარო სკოლის პირველ კლასში ჩასარიცხად დარეგისტრირებული მოსწავლეების ჩარიცხვა განხორციელდეს მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სტატუსის გარეშე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ წესის მე-3 მუხლის მე-11 და მე–12 პუნქტების მოთხოვნები მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო სისტემაში ასახვასა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილ მოსწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების შეფასებისა და დასკვნის მომზადების ვადებში მულტიდისციპლინური გუნდის მიერ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დაუდგენლობის შემთხვევაში რეგისტრაციის გაუქმებასთან დაკავშირებით.“

თუ გინდათ, რომ განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „მასწავლებლების სანდო წყარო“ 

მუხლი 2

1. ამ ბრძანების პირველი მუხლით გათვალისწინებული „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესის“ მე-12 მუხლის მოქმედება არ ვრცელდება იმ პირებზე, რომელთა მიმართაც ამ ბრძანების ამოქმედების მომენტისათვის გაცემულია მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნა ან/და უკვე გამოცემულია ბრძანება ამ პირთა საჯარო სკოლაში ჩარიცხვის თაობაზე ან რომლებსაც არ დაუდასტურდათ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება და უარი ეთქვათ რეგისტრაციის პირველ ეტაპზე პირველ კლასში ჩარიცხვაზე.

2. ამ ბრძანების პირველი მუხლით გათვალისწინებული მე-12 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ჩარიცხული მოსწავლეების მულტიდისციპლინური გუნდის მიერ შეფასების შემდეგ, დასკვნა ეგზავნება შესაბამის საჯარო სკოლასა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს. საჯარო სკოლა დასკვნის მიღებისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, ვალდებულია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო სისტემაში, შესაბამისი ღილაკის გამოყენებით, ასახოს მულტიდისციპლინური გუნდის მიერ მოსწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადგენა.

3. დაევალოს სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო სისტემის ამ ბრძანებასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა,“ - აღნიშნულია ბრძანებაში.

იხილეთ ​ბრძანება

წაიკითხეთ სრულად