Baby Bag

„დირექტორების სერტიფიცირება ახალ სტანდარტს დაეფუძნება“

„დირექტორების სერტიფიცირება ახალ სტანდარტს დაეფუძნება“

„დირექტორების სერტიფიცირება დაეფუძნება ახალ სტანდარტს, რომელიც უკვე მზად არის. სტანდარტი თავად დირექტორებს დავაწერინეთ მათი საჭიროებების გათვალისწინებით,“ - ამის შესახებ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ბერიკა შუკაკიძემ Moms.ge-სთან ინტერვიუში განაცხადა.

„არსებობენ სერტიფიცირებული დირექტორები, მაგრამ ახლა სტანდარტი შეიცვალა. მათ ძველი დოკუმენტის მიხედვით აქვთ გამოცდა ჩაბარებული და დადასტურებული კომპეტენცია. რადგან სტანდარტი იცვლება, მიდგომაც იცვლება - დირექტორი არამხოლოდ მენეჯერი, არამედ საგანმანათლებლო ლიდერი ხდება. მას სასწავლო პროცესი კარგად უნდა ესმოდეს, გაკვეთილზე მასწავლებელს შესაბამისი რეკომენდაცია უნდა მისცეს, როგორ განავითაროს თავისი საქმიანობა და სამოქმედო გეგმა. ამიტომ მას ახალი ხედვა სჭირდება - რამდენად ესმის სასწავლო პროცესი, რამდენად ჩართულია საქმეში. დირექტორი მასწავლებლის მხარდამჭერი უნდა იყოს და დაეხმაროს პედაგოგს პროფესიულ განვითარებაში. მას ექსპერტის ძალაუფლება უნდა ჰქონდეს. ამ ეტაპზე ვფიქრობთ, რომ ყველა დირექტორი გაივლის სერტიფიცირებას. თუ გვინდა ხარისხიანი განათლება, დირექტორი აუცილებლად უნდა იყოს საგანმანათლებლო ლიდერი. რა თქმა უნდა, ეს მენეჯერის მიმართულების დაკნინებას არ გულისხმობს.

არსებული დირექტორების უმრავლესობას ვადა გასდის სექტემბრიდან დეკემბრამდე პერიოდში. გამოცდა ორ ეტაპად ჩატარდება, ერთი იქნება გაზაფხულზე - მარტი-აპრილში, მეორე კი შემოდგომაზე - ოქტომბერი-ნოემბერში. გამოცდის ჩაბარება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია.

დირექტორებს კომპეტენციის დადასტურება სამი მიმართულებით მოუწევთ - კანონმდებლობა, ზოგადი უნარები და პროფესიული ცოდნა (დიდაქტიკა). ვისაც, სურვილი ექნება, მათ მასწავლებლის სახლი ამ საკითხებში გადაამზადებს. გამოცდის შემდეგ დირექტორები გაივლიან გასაუბრებას, რომელსაც განათლების სამინისტრო ჩაატარებს. ეს არ იქნება სტანდარტული გასაუბრება. დირექტორების კომპეტენციების დასადგენად შემუშავდება კონკრეტული ქეისები, რომელთა განხილვაც მოუწევთ დირექტორობის მსურველებს. გასაუბრებაზე არ იქნება ტრაფარეტული კითხვები.

იმ დირექტორების გადამზადებას, ვინც საბოლოოდ სკოლებში წავა, მერეც ვაპირებთ, რომ სისტემა შეიკრას, მჭიდრო კავშირი რომ გვქონდეს მათთან.

სერტიფიცირების პროცესი დაიწყება არ ნიშნავს, რომ დირექტორების შეცვლა ეგრევე მოხდება. სერტიფიცირება არის ერთგვარი ბილეთი დირექტორების კონკურსში მონაწილეობისათვის. თუ დირექტორს სერტიფიკატი არ ექნება, ის კონკურსში ვერ მიიღებს მონაწილეობას,“ - განაცხადა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ბერიკა შუკაკიძემ.

შეიძლება დაინტერესდეთ

გადაიწევს თუ არა ერთიანი ეროვნული გამოცდების ვადები​? - გიორგი გახარიას პასუხი

გადაიწევს თუ არა ერთიანი ეროვნული გამოცდების ვადები​? - გიორგი გახარიას პასუხი

გადაიწევს თუ არა ერთიანი ეროვნული გამოცდების ვადები? - „რუსთავი 2-ის“ ამ კითხვას პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უპასუხა:

„ახლა ამას ვერ გეტყვით. რამდენიმე სცენარზე მიმდინარეობს მუშაობა. არსებობს დისტანციური სცენარი, რომელსაც თავისი გამოწვევები აქვს. მეორე მხრივ, თუ ვირუსის პიკი ამ პერიოდს დაემთხვა, გაგრძელდა, ვერ გადავლახეთ დროზე, გამოწვევები შეიძლება სხვადასხვა იყოს. დღეს ჩვენ ვემზადებით სხვადასხვა სცენარისთვის, მთავარი არის ის, რომ უკიდურესად მძიმე სცენარებიც არსებობს, რომელზეც სახელმწიფო მუშაობს. მთავარია, რომ პროცესი ყველა სფეროში იყოს მართვადი,“ - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

იხილეთ ასევე:

​„ეჭვი მეპარება, რომ 26 აპრილამდე ჩვენ სრულად შევძლებთ სასწავლო პროცესის აღდგენას, თუმცა ამის იმედი რჩება“ - გიორგი გახარია


თუ გინდათ, რომ განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „მა​სწავლებლების სანდო წყა​რო“ 

წაიკითხეთ სრულად