Baby Bag

პირველად საქართველოში „წლის საუკეთესო დირექტორის“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

პირველად საქართველოში „წლის საუკეთესო დირექტორის“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

პირველად საქართველოში „წლის საუკეთესო დირექტორის“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, - ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, 2019 „წლის საუკეთესო დირექტორის“ ტიტულის მფლობელი გახდა თბილისის 198-ე საჯარო სკოლის დირექტორი თეონა ყაჭეიშვილი, რომელსაც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა სპეციალური პრიზი და ფულადი ჯილდო გადასცა. გამარჯვებული სასწავლო ვიზიტით ციურიხშიც გაემგზავრება და ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრს (CERN) ესტუმრება.

როგორც განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, „წლის საუკეთესო დირექტორი“ შემდები კრიტერიუმების გათვალისწინებით დასახელდა - სკოლის განვითარებასა და სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლებაზე ზრუნვა, ინკლუზიური გარემოს უზრუნველყოფა, ინოვაციურობა, რესურსების ეფექტიანი მართვა.

მეორე და მესამე ადგილის მფლობელები გახდნენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხის საჯარო სკოლის დირექტორი გოგი თოდუა და ქალაქ ქუთაისის 30-ე სკოლის დირექტორი მიხეილ გიორგაძე, რომლებსაც ასევე ფულადი პრიზები გადაეცათ.

სამინისტროს ინფორმაციით, მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით, კონკურსის გამარჯვებული დირექტორების სკოლები ფიზიკის ვირტუალური ლაბორატორიით აღიჭურვება. 

„მოსწავლეებს ცდების ჩატარება სპეციალური კომპიუტერული მულტიმედიური პროგრამის საშუალებით შეეძლებათ, რაც ამ საგნის სწავლებას უფრო საინტერესოს გახდის,“ - აღნიშნულია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

წლის საუკეთესო დირექტორის გამოსავლენად სპეციალური კონკურსი ჩატარდა და მასში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საჯარო სკოლის დირექტორებმა. გამარჯვებული გამოავლინა საჯარო და კერძო სკოლების დირექტორებით, პროფკავშირის, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა და პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის წარმომადგენლებით დაკომპლექტებულმა ჟიურიმ.

თუ გინდათ, რომ განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „მასწავლებლების სანდო წყარო“.

შეიძლება დაინტერესდეთ

რამდენიმე ქალაქში სწავლა კვლავ დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება

მთავრობის გადაწყვეტილებით, რამდენიმე ქალაქში სწავლა კვლავ დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა:

„1 500-მდე საარჩევნო უბანი იყო მოწყობილი სკოლებში. აქედან გამომდინარე, ჩვენ რამდენიმე დღით ადრე გადავიყვანეთ ეს სკოლები დისტანციურ რეჟიმზე, ასევე, მოგეხსენებათ, ამ სკოლებს კიდევ სჭირდებოდათ რამდენიმე დღე არჩევნების ჩატარების შემდეგ, რათა იქ განახლებულიყო სწავლა. იმის გათვალისიწინებით, რომ ბევრ დასახლებაში კვლავ გვიწევს მეორე ტურის გამოყენება და აქედან გამომდინარე ასეულობით სკოლა იქნება გამოყენებული როგორც საარჩევნო უბანი და იმის გათვალისწინებით, რომ მნიშვნელოვანია დიდ ქალაქებში მობილობის შემცირება, ჩვენ დღეს საბჭოზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სწავლის დისტანციური რეჟიმი შენარჩუნდეს თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, თელავში, ზუგდიდში, ზესტაფონში, გორში, ფოთში, მარნეულსა და გარდაბანში. ასევე შეგახსენებთ, რომ აჭარაში სწავლა მიმდინარეობს დისტანციურ რეჟიმში“, - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

მისივე თქმით, სწავლების დისტანციური რეჟიმი 25 ნოემბრამდე გაგრძელდება. აღნიშნული გადაწყვეტილება ეხებათ პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით მოსწავლეებს და საჯარო და კერძო სკოლებს.

წაიკითხეთ სრულად