Baby Bag

საქართველოს მეორე არხზე მოსწავლეებისთვის ტელეგაკვეთილები გავა

საქართველოს მეორე არხზე მოსწავლეებისთვის ტელეგაკვეთილები გავა

საქართველოს მეორე არხი საგანმანათლებლო პლატფორმად გადაკეთდება. ამ სიახლეს ითვალისწინებს განათლების სამინისტროსა და საქართველოს პირველი არხის ერთობლივი პროექტი „ტელესკოლა“, - ინფორმაციას საზოგადოებ​რივი ​მაუწყებელი ავრცელებს. 

მათივე ცნობით, ახალი პროექტისთვის ასევე გამოყენებული იქნება საქართველოს პირველი არხის სხვადასხვა მედიაპლატფორმა: ვებპორტალი 1tv.ge, საქართველოს პირველი არხის youtube და ფეისბუქგვერდები.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, შემუშავების პროცესშია სასწავლო საეთერო ბადე (გაკვეთილების ცხრილი), რომელიც უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება.

„ეროვნული სასწავლო პროგრამით გათვალისწინებულ ტელეგაკვეთილებს სხვადასხვა საგნის ცნობილი პედაგოგები ჩაატარებენ. გამოყენებული იქნება წამყვანი კომპანიების მიერ გადაღებული სასწავლო ფილმებიც.

აღნიშნული პროექტის დაწყება კორონავირუსის გამო შექმნილ ვითარებას უკავშირდება, თუმცა მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, იგი ვითარების განმუხტვის შემდეგაც გაგრძელდება,“ - აღნიშნულია საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს საინტერესო გაკვეთილების ნახვის საშუალება ექნებათ.

უაღრესად მნიშვნელოვან პროექტს ვიწყებთ. ეს გახლავთ „ტელესკოლის“ პროექტი, სადაც ყველა მოსწავლეს განურჩევლად იმისა, აქვს თუ არა წვდომა ინტერნეტთან, ექნება საშუალება, ნახოს ძალიან საინტერესო, საუკეთესო გაკვეთილები ყველა საგანში“,  - განაცხადა საქართველოს განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა.

საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორის, ვასილ მაღლაფერიძის განცხადებით, პროექტი იქნება გრძელვადიანი და მიზნად ისახავს საქართველოს მეორე არხის საგანმანათლებლო არხად გადაქცევას.

თუ გინდათ, რომ განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „მასწავლებლების სანდო წყარო“



შეიძლება დაინტერესდეთ

,,შეიძლება გრიპზე აიცრათ, მაგრამ მაინც განვითარდეს. მისი დაცვის უნარი 60-75%-ის ფარგლებშია''

,,შეიძლება გრიპზე აიცრათ, მაგრამ მაინც განვითარდეს. მისი დაცვის უნარი 60-75%-ის ფარგლებშია''

,,გრიპის ვაქცინის პირველი პარტიის ათვისების ტემპი დაბალია,'' - აღნიშნულის შესახებ დაავადებათა კონტოლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. 

,,​ქვეყანაში უკვე ცირკულირებს ადენოვირუსი და რინოვირუსი, თუმცა, ჯერჯერობით გრიპის ვირუსი ან სხვა კორონავირუსი არ ჩანს. უკვე შემოსულია 25 ათასი ვაქცინა, რომელიც დანაწილებულია პოლიკლინიკებში. პირველ რიგში იცრებიან რისკ-ჯგუფები, რომლის ჩამონათვალიც დიდია. მითითება მიეცათ, რომ უნდა აცრილიყვნენ, მაგრამ კვირაზე მეტია ვაქცინა არის და ათვისება დღევანდელი დილით არის მხოლოდ სამიდან სამნახევარ ათასამდე, მეტი არა.

წელს ვაქცინის დოზა გავასამმაგეთ. ჩვენ რომ გრიპის ვაქცინის ის მაჩვენებელი გვქონდეს, რაც აქვს საფრანგეთს და აშშ-ს, უნდა ვცრიდეთ დაახლოებით, მოსახლეობის 60%-ს. მილიონნახევარი ვაქცინა რომ იყოს დღეს ქვეყანაში, იქედან 70%-ს ვერ გამოვიყენებთ იმიტომ, რომ აცრის კულტურა არ არის ქვეყანაში. წელს 300 ათასი დოზა იქნება, მაგრამ ვნახოთ, რამდენი აიცრება. მესმის, რომ კოვიდის პირობებში მეტი აიცრება და ამიტომ გვაქვს მოლაპარაკებები, თუ დაგვჭირდა, ნოემბერში კიდევ დამატებითი დოზები შემოვიტანოთ. გრიპის ვაქცინა სავალდებულო არც ერთ ქვეყანაში არ არის. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ სარეკომენდაციო. თუ ამის საშუალება არის, გრიპის ვაქცინაციის რეკომენდაციას ყველას ვუწევთ, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია არ გახლავთ ისეთი ეფექტური, როგორიც არის წითელას, პოლიომიელიტის, ტეტანუსის ვაქცინაცია. შეიძლება გრიპზე აიცრათ, მაგრამ მაინც განვითარდეს. მისი დაცვის უნარი 60-75%-ის ფარგლებშია,'' - დასძინა ამირან გამყრელიძემ. 

წაიკითხეთ სრულად