Baby Bag

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებს მასწავლებლები სამინისტროს მიერ სპეციალურად შემუშავებული რეკომენდაციებით ასწავლიან

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებს მასწავლებლები სამინისტროს მიერ სპეციალურად შემუშავებული რეკომენდაციებით ასწავლიან

დისტანციური სწავლებისას სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებს მასწავლებლები განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ სპეციალურად შემუშავებული რეკომენდაციებით ასწავლიან.

უწყების ცნობით, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა სწავლის ხელშეწყობა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. 

„სამინისტროს მიზანია, დისტანციური სწავლების რეჟიმში საგნის მასწავლებლებმა, სხვადასხვა ფორმით, პროცესში აქტიურად ჩართონ სსსმ მოსწავლეები მათი საჭიროებების შესაბამისად და შეძლონ მათთან ემოციური და სოციალური კავშირის შენარჩუნება.

ამ მიზნით განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ შესაბამისი რეკომენდაციები შეიმუშავა:

სამინისტროს მულტიდისციპლინური გუნდის წევრები დაეხმარებიან სპეციალურ მასწავლებლებს თითოეული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისთვის აქტივობების დაგეგმვაში, რომლებიც შერჩეული იქნება ინდივიდუალური სასწავლო გეგმიდან. საგნის მასწავლებლებთან და მშობლებთან თანამშრომლობით შესაძლებელია ახალი მოკლევადიანი მიზნებისა და აქტივობების შექმნაც.

ეფექტური იქნება, თუ სპეციალური მასწავლებლები დაიცავენ ბალანსს აკადემიური და კოგნიტური უნარების განმავითარებელი აქტივობების შერჩევისას, მაგალითად, დისტანციურად მოწოდებულ დავალებებში გაითვალისწინებენ როგორც მათემატიკის, თხრობის, წერის, კითხვისა და კოგნიტური უნარების განვითარების ხელშეწყობის, ასევე, სახალისო, მოძრავ აქტივობებს, რომლებიც ჭრას, ძერწვას და ა.შ მოიცავს. შესაძლოა, დავალება იყოს გაკვეთილის თემის შესაბამისი ანიმაციის ნახვა და იმის მიხედვით ნახატის შექმნა, ასევე ხელნაკეთი ნივთების დამზადება და ა.შ.

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან დისტანციური სწავლების ფორმატით მუშაობის პირობებში ძალიან მნიშვნელოვანია მშობლის ჩართულობა და მოტივაცია, რათა ერთგვარი ასისტირება გაუწიონ მოსწავლეებს. ამ მიმართულებით მშობლებთან კომუნიკაციაში ფსიქოლოგებისა და სპეციალური მასწავლებლების როლი ძალიან დიდია.

სამინისტროს მულტიდისციპლინური გუნდის წევრები პერიოდულად უკავშირდებიან სპეციალურ მასწავლებლებს და სთხოვენ უკუკავშირს, უწევენ კონსულტირებას.

ხაზგასასმელია, რომ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მოსწავლეთა განათლებას ხელს შეუწყობს პროექტი „ტელესკოლა“, რომელიც დისტანციური სწავლების ერთ-ერთი ფორმატია. „ტელესკოლაში“ გაკვეთილების დაგეგმვისას, სპეციალური პედაგოგებისა და ფსიქოლოგების რეკომენდაციებით, გათვალისწინებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა ინტერესებიც. აღსანიშნავია ისიც, რომ ყველა გაკვეთილის თარგმნას ჟესტური ენის თარჯიმანი უზრუნველყოფს. „ტელესკოლის“ პროექტის თავისებურებიდან გამომდინარე, ის დიდ დახმარებას გაუწევს უსინათლო ან მცირე მხედველ მოსწავლეებსაც, რომლებიც გაკვეთილებს მოისმენენ. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ გაკვეთილის პროცესში ნაჩვენები ვიდეო რგოლები, სურათები, თვალსაჩინო მასალები პარალელურად მასწავლებლის მიერ იყოს ზეპირად ახსნილი (აუდიო აღწერა).

„ტელსკოლის“ პროექტის ფარგლებში ასევე იგეგმება მოკლე ვიდეოგაკვეთილების ჩაწერა იმ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის, რომელთაც აქვთ აკადემიური და კოგნიტური უნარების სირთულე. ვიდეოგაკვეთილები მოიცავს რეკომენდაციებს ნატიფი მოტორული უნარების, აღქმის, ყურადღების, მეხსიერების, სააზროვნო უნარების განვითარების შესახებ. აღნიშნული ვიდეოგაკვეთილები გამიზნული იქნება მშობლებისთვის, რათა მათ შეძლონ სსსმ მოსწავლეთა უნარების განვითარების ხელშეწყობა ოჯახის პირობებში არსებული რესურსების გათვალიწინებით.

„ტელესკოლა“ მნიშვნელოვანი იქნება მათთვისაც, ვისაც სწავლის უნარის დარღვევა (დისლექსია, დისკალკულია) ახასიათებს, რადგან გაკვეთილების მეთოდოლოგია იქნება როგორც ზეპირი გადმოცემის, ასევე თვალსაჩინო მასალების ჩვენებისკენ მიმართული.

„ტელესკოლა“ ასევე ძალიან სასარგებლო იქნება მიუსაფარი ბავშვებისთვის, რომლებიც ამ ეტაპზე დროის უმეტეს ნაწილს დღის ცენტრებში ატარებენ.

კორონავირუსის პრევენციის მიზნით პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით სასწავლო პროცესი გადავადდა. აღნიშნულმა საბჭომ, სწავლა-სწავლების პროცესის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაავალა მაქსიმალურად გაზარდოს დისტანციურ სწავლებაზე ხელმისაწვდომობა. სამინისტროსა და საქართველოს პირველი არხის ერთობლივი პროექტი „ტელესკოლა“ სწორედ ამ ამოცანების შესრულებას ემსახურება,“ - აღნიშნულია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინიტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეიძლება დაინტერესდეთ

მიეცით მოსწავლეებს კომპლექსური საშინაო დავალებები - გამოიყენეთ სამინისტროს მიერ შექმნილი ახალი ონლაინ პლატფორმა

განათლების კოალიციის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და გაეროს ბავშვთა ფონდის ერთობლივი ახალი საგანმანათლებლო პროექტი დისტანციური სწავლების ხელშეწყობისთვის შექმნილი ონლაინ პლატფორმაა, რომელიც ხორციელდება COVID-19 პანდემიაზე სწრაფი რეაგირების ფარგლებში.

პროექტის მიზანია სკოლამდელი და ზოგადი განათლების სფეროში განათლების უფლების დაცვისა და ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფა.

პროექტის ზოგადი განათლების კომპონენტის - „iსკოლის“ ფარგლებში პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის შეიქმნა საშინაო დავალებების კრებულები სხვადასხვა საგნობრივი მიმართულებით.

მოსწავლეებს შეუძლიათ ჩამოტვირთონ დავალებები და დამოუკიდებლად შეასრულონ, ასევე, გაეცნონ საჭირო მასალებს. სასწავლო მასალები ხელმისაწვდომია მასწავლებლებისთვისაც. აქ თავმოყრილი სასწავლო რესურსები მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შეუმსუბუქებს ონლაინ რეჟიმზე გადასვლის თანმდევ სირთულეებს.

საგნობრივი ჯგუფების განყოფილებებში მოსწავლეებსა და მასწავლებლებს დახვდებათ მკაფიო, ცხადი, შემეცნებითი და საინტერესო სავარჯიშოები და დავალებები. ასევე, ამ დავალებების შესასრულებლად საჭირო თეორიული მასალა, დამხმარე რესურსები, ჰიპერბმულები, რომლებიც დამატებითი ცნობებით უზრუნველყოფს მათ.

დავალებების კვირეული პაკეტების შექმნაზე საგნობრივ ჯგუფებში მუშაობენ გამოცდილი პედაგოგები და ეროვნული სასწავლო გეგმების კურიკულუმის განვითარების ექსპერტები. მათ მიერ შემუშავებული მეთოდოლოგია მოსწავლის ინტერესებზეა მორგებული.

სკოლამდელი დაწესებულებების აღსაზრდელების მშობლებისთვის მზადდება გადაცემათა ციკლი სხვადასხვა თემაზე - „ბავშვთა ადრეული განვითარება - რჩევები მშობლებს".

აქ თავმოყრილი მასალა ადრეულ ასაკში ბავშვის განვითარების ხელშეწყობას შეეხება - როგორ უნდა მოვაწყოთ ბავშვისთვის განმავითარებელი გარემო შინ, როგორ უნდა შევუწყოთ მის მრავალმხრივ განვითარებას სხვადასხვა ტიპის თამაშით ხელი და როგორ დავგეგმოთ ბავშვისთვის საინტერესო დღე. ასავე შეიქმნება მრავალფეროვანი ონლიანრესურსიც.

პროექტის მხარდამჭერები არიან: სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი, დიდი ბრიტანეთის მთავრობა, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ACCESS და პირველი არხი-განათლება.

დეტალები იხილეთ ვიდეოში 

წაიკითხეთ სრულად