Baby Bag

„დისტანციური სწავლების ქართული პლატფორმის Feedc Edu-ს გამოყენება მარტივია, როგორც მასწავლებლისთვის, ასევე მოსწავლისთვის“

„დისტანციური სწავლების ქართული პლატფორმის Feedc Edu-ს გამოყენება მარტივია, როგორც მასწავლებლისთვის, ასევე მოსწავლისთვის“

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გამართული მორიგი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა კომენტარი გააკეთა, რომლის დროსაც ისაუბრა შექმნილი ვითარების ფონზე დისტანციური სწავლების იმ საინტერესო ფორმატებზე, რასაც სამინისტრო საზოგადოებას სთავაზობს. მათ შორის, მინისტრმა დისტანციური ონლაინ სწავლების ახალ ქართულ პლატფორმაზე, „Fee​d​c Edu“- ზე გაამახვილა ყურადღება, რომელსაც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საჯარო სკოლებს ონლაინ სწავლებისთვის ერთ-ერთ ალტერნატიულ საკომუნიკაციო საშუალებად სთავაზობს.

„როგორც მოგეხსენებათ კორონავირუსის გამოწვევის გამო, დროებით შეჩერებულია მეცადინეობები საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში, მაგრამ ამ გამოწვევამ არ უნდა შეაჩეროს სასწავლო პროცესი. აქედან გამომდინარე სკოლები და უნივერსიტეტები გადასული არიან სწავლების დისტანციურ ფორმაზე. გუშინ დაიწყო უაღრესად მნიშვნელოვანი, ძალიან ძლიერი და საინტერესო პროექტი ტელესკოლა, რომელსაც ჩვენი სამინისტრო საქართველოს პირველ არხთან ერთად ახორციელებს. აღსანიშნავია, რომ ამ პროექტის ფარგლებში წვდომა ტელესკოლასთან აქვს ყველა მოსწავლეს განურჩევლად იმისა აქვთ, თუ არა წვდომა ინტერნეტთან.

ამ ინიციატივებს დაემატა კიდევ ერთი სიახლე და საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეს სკოლებს დისტანციური სწავლების ქართული საკომუნიკაციო პლატფორმა „ფიდსი“ შევთავაზეთ. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო კომპანია „ფიდსს“ გამოჩენილი მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობისთვის,“ - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა. 

„Feedc Edu“-ს პლატფორმა სრულიად უფასოა, სრულყოფილად მუშაობს ნებისმიერ სმარტფონზე და არ სჭირდება მაღალი სიჩქარის ინტერნეტი. მასზე შესაძლებელია დავალებების გაზიარება, ფაილების ატვირთვა/ჩამოტვირთვა და ჯგუფური მეცადინეობის წარმართვა. მისი გამოყენება მარტივია, როგორც მასწავლებლისთვის, ასევე მოსწავლისა და მშობლისთვის. ასევე, მარტივია რეგისტრაციის გავლა, რაც მობილური ტელეფონის ნომრით არის შესაძლებელი.

დისტანციური სწავლების მეთოდებზე საუბრისას, მიხეილ ჩხენკელმა ყურადღება კიდევ ერთხელ გაამახვილა სამინისტროსა და საქართველოს პირველი არხის თანამშრომლობით დაწყებულ პროექტზე „ტელესკოლა“ და აღნიშნა, რომ ამ პროექტით მიღებული განათლება იქნება აუცილებლად საინტერესო და ეფექტიანი.

„ტელეკსოლის მეთოდით მიღებული განათლება იქნება აუცილებლად ეფექტიანი, რადგანაც გაკვეთილებში ჩართული გვყავს ჩვენი საუკეთესო, გამოცდილი პედაგოგები. პროექტი დიდი წარმატებით დაიწყო გუშინ და დარწმუნებული ვარ, რომ ასევე ძალიან წარმატებით გაგრძელდება. უაღრესად საინტერესო გაკვეთილებია შემოქმედებითი მიდგომით და ეს პლათფორმა მიაღწევს საკმაოდ საინტერესო აკადემიურ შედეგებს. ამ პროექტის ფარგლებში ტარდება აბიტურიენტის საათი, სადაც წამყვანი სპეციალისტები კონსულტაციებს გაუწევენ აბიტურიენტებს ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით. გაკვეთილები ტარდება ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, ხოლო შაბათ-კვირას ტელესკოლა მთელ საზოგადოებას შესთავაზებს ძალიან საინტერესო შემეცნებით პროგრამებს - როგორც საქართველოში მომზადებულ პროგრამებს, ასევე უცხოურ პროგრამებს ნათარგმნს ქართულ ენაზე. ეს საინტერესო იქნება არამხოლოდ სკოლის მოსწავლეებისთვის, არამედ მათი მშობლებისა და მთელი საზოგადოებისთვის,“ - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

შეიძლება დაინტერესდეთ

მიეცით მოსწავლეებს კომპლექსური საშინაო დავალებები - გამოიყენეთ სამინისტროს მიერ შექმნილი ახალი ონლაინ პლატფორმა

განათლების კოალიციის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და გაეროს ბავშვთა ფონდის ერთობლივი ახალი საგანმანათლებლო პროექტი დისტანციური სწავლების ხელშეწყობისთვის შექმნილი ონლაინ პლატფორმაა, რომელიც ხორციელდება COVID-19 პანდემიაზე სწრაფი რეაგირების ფარგლებში.

პროექტის მიზანია სკოლამდელი და ზოგადი განათლების სფეროში განათლების უფლების დაცვისა და ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფა.

პროექტის ზოგადი განათლების კომპონენტის - „iსკოლის“ ფარგლებში პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის შეიქმნა საშინაო დავალებების კრებულები სხვადასხვა საგნობრივი მიმართულებით.

მოსწავლეებს შეუძლიათ ჩამოტვირთონ დავალებები და დამოუკიდებლად შეასრულონ, ასევე, გაეცნონ საჭირო მასალებს. სასწავლო მასალები ხელმისაწვდომია მასწავლებლებისთვისაც. აქ თავმოყრილი სასწავლო რესურსები მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შეუმსუბუქებს ონლაინ რეჟიმზე გადასვლის თანმდევ სირთულეებს.

საგნობრივი ჯგუფების განყოფილებებში მოსწავლეებსა და მასწავლებლებს დახვდებათ მკაფიო, ცხადი, შემეცნებითი და საინტერესო სავარჯიშოები და დავალებები. ასევე, ამ დავალებების შესასრულებლად საჭირო თეორიული მასალა, დამხმარე რესურსები, ჰიპერბმულები, რომლებიც დამატებითი ცნობებით უზრუნველყოფს მათ.

დავალებების კვირეული პაკეტების შექმნაზე საგნობრივ ჯგუფებში მუშაობენ გამოცდილი პედაგოგები და ეროვნული სასწავლო გეგმების კურიკულუმის განვითარების ექსპერტები. მათ მიერ შემუშავებული მეთოდოლოგია მოსწავლის ინტერესებზეა მორგებული.

სკოლამდელი დაწესებულებების აღსაზრდელების მშობლებისთვის მზადდება გადაცემათა ციკლი სხვადასხვა თემაზე - „ბავშვთა ადრეული განვითარება - რჩევები მშობლებს".

აქ თავმოყრილი მასალა ადრეულ ასაკში ბავშვის განვითარების ხელშეწყობას შეეხება - როგორ უნდა მოვაწყოთ ბავშვისთვის განმავითარებელი გარემო შინ, როგორ უნდა შევუწყოთ მის მრავალმხრივ განვითარებას სხვადასხვა ტიპის თამაშით ხელი და როგორ დავგეგმოთ ბავშვისთვის საინტერესო დღე. ასავე შეიქმნება მრავალფეროვანი ონლიანრესურსიც.

პროექტის მხარდამჭერები არიან: სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი, დიდი ბრიტანეთის მთავრობა, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ACCESS და პირველი არხი-განათლება.

დეტალები იხილეთ ვიდეოში 

წაიკითხეთ სრულად