„სწავლა სკოლებში არ განახლდება სექტემბრამდე, მაგრამ ქვეყანაში აკადემიური წელი არ გამოცხადდება,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, განათლების სამინისტრომ შეძლო, ეფექტიანად გამკლავებოდა შეზღუდვებს:
„განათლების სამინისტრომ დისტანციური სწავლების მეთოდები როგორც სკოლებში, ასევე უმაღლეს სასწავლებლებში ეფექტიანად დანერგა. ამის გათვლისწინებით, დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვთ, რომ ქვეყანაში აკადემიური წელი არ გამოცხადდება. სწავლა სკოლებში არ განახლდება სექტემბრამდე,“ - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
რაც შეეხება ეროვნულ გამოცდებს, პრემიერის თქმით, გამოცდების მექანიზმი არ შეიცვლება:
„ეროვნული გამოცდები ჩატარდება, აქ შეიძლება იყოს გარკვეული გადავადება, თორემ მექანიზმი იქნება სრულად შენარჩუნებული. განათლების სისტემის ამუშავების შესახებ, პრეზენტაციას გავაკეთებთ ცალკე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
„გამოცდა, რომელიც სტატუსის მოსაპოვებლადაა განკუთვნილი, განსხვავებული იქნება შინაარსობრივადაც და ფორმატითაც...“
ვისთვის ჩატარდება საგნის გამოცდა და შეიცვლება თუ არა შინაარსობრივად? - პედაგოგთა ზაფხულში ორგანიზებულ გამოცდასთან დაკავშირებულ „ახალი განათლების“აღნიშნულ კითხვას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის დირექტორის მოადგილე მანანა რატიანმა უპასუხა.
„ეს იქნება ჩვეულებრივი საგნის გამოცდა, ისეთივე, რა ფორმატსაც არიან მიჩვეულები, არც შინაარსობრივად შეიცვლება რამე ტესტში. საგნის გამოცდა ჩატარდება მათთვის, ვისაც სურს მოიპოვოს მასწავლებლობის უფლება და შესაბამისად, ბარიერი ყველასთვის ერთი იქნება და აღარ იარსებებს ნაწილობრივი კრედიტქულები - 1, 4, 7 კრედიტი. ბარიერი ყველასთვის ერთია, მნიშვნელობა არ აქვს ყოფილი პრაქტიკოსია თუ სრულიად ახალბედა, ისინი თანაბარ პირობებში აღმოჩნდებიან, როგორც პროფესიაში შემსვლელი ადამიანები. კონკრეტულად, რამდენ პროცენტიანი ბარიერი იქნება, ჯერჯერობით, უცნობია. რაც შეეხება გამოცდას, რომელიც სტატუსის მოსაპოვებლადაა განკუთვნილი, განსხვავებული იქნება შინაარსობრივადაც და ფორმატითაც - ეს იქნება წამყვანობისა და მენტორობის სტატუსის მოპოვების მსურველების კომპლექსური შეფასება. “