„სწავლა სკოლებში არ განახლდება სექტემბრამდე, მაგრამ ქვეყანაში აკადემიური წელი არ გამოცხადდება,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, განათლების სამინისტრომ შეძლო, ეფექტიანად გამკლავებოდა შეზღუდვებს:
„განათლების სამინისტრომ დისტანციური სწავლების მეთოდები როგორც სკოლებში, ასევე უმაღლეს სასწავლებლებში ეფექტიანად დანერგა. ამის გათვლისწინებით, დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვთ, რომ ქვეყანაში აკადემიური წელი არ გამოცხადდება. სწავლა სკოლებში არ განახლდება სექტემბრამდე,“ - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
რაც შეეხება ეროვნულ გამოცდებს, პრემიერის თქმით, გამოცდების მექანიზმი არ შეიცვლება:
„ეროვნული გამოცდები ჩატარდება, აქ შეიძლება იყოს გარკვეული გადავადება, თორემ მექანიზმი იქნება სრულად შენარჩუნებული. განათლების სისტემის ამუშავების შესახებ, პრეზენტაციას გავაკეთებთ ცალკე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ ფარგლებში მაღალმთიანი და ბარის შორეული სოფლების საჯარო სკოლების ვაკანტურ ადგილებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგად სხვადასხვა საგნობრივი ჯგუფის 19 კონსულტანტ-მასწავლებელი შეირჩა.
პროგრამის ახალ მონაწილეებს მასწავლებლის სახლში 7 დღიანი მოსამზადებელი საორიენტაციო ტრენინგები შემდეგი მიმართულებით ჩაუტარდათ:
• თანამედროვე მიდგომები სწავლებაში
• მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემო - სწავლებისა და შეფასების სტრატეგიები
ტრენინგების დასრულებისთანავე პროგრამის მონაწილეები საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მაღალმთიანი და ბარის შორეული სოფლების საჯარო სკოლებში შესაბამის ვაკანტურ ადგილებზე განაწილდნენ (სამეგრელო/ზემო სვანეთი, კახეთი, ქვემო ქართლი, რაჭა, იმერეთი, მცხეთა-მთიანეთი, რაჭა-ლეჩხუმი/ქვემო სვანეთი).
პროგრამის მიზანია საქართველოს მაღალმთიანი და ბარის შორეული სოფლების საჯარო სკოლებში კვალიფიციური კადრების მოზიდვის გზით სწავლა-სწავლების პროცესის ხელშეწყობა და ხარისხიანი განათლების მიღების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
ასევე, ადგილობრივი მასწავლებლების უწყვეტ პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა, არაფორმალური განათლების ხელშეწყობა და თანამშრომლობითი კულტურის განვითარება.