„სწავლა სკოლებში არ განახლდება სექტემბრამდე, მაგრამ ქვეყანაში აკადემიური წელი არ გამოცხადდება,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, განათლების სამინისტრომ შეძლო, ეფექტიანად გამკლავებოდა შეზღუდვებს:
„განათლების სამინისტრომ დისტანციური სწავლების მეთოდები როგორც სკოლებში, ასევე უმაღლეს სასწავლებლებში ეფექტიანად დანერგა. ამის გათვლისწინებით, დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვთ, რომ ქვეყანაში აკადემიური წელი არ გამოცხადდება. სწავლა სკოლებში არ განახლდება სექტემბრამდე,“ - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
რაც შეეხება ეროვნულ გამოცდებს, პრემიერის თქმით, გამოცდების მექანიზმი არ შეიცვლება:
„ეროვნული გამოცდები ჩატარდება, აქ შეიძლება იყოს გარკვეული გადავადება, თორემ მექანიზმი იქნება სრულად შენარჩუნებული. განათლების სისტემის ამუშავების შესახებ, პრეზენტაციას გავაკეთებთ ცალკე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
განათლების სამინისტრომ 2021 წლის ბიუჯეტში მასწავლებლების სახელფასო დანამატის ზრდასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ სამინისტროს 2021 წლის ბიუჯეტში მასწავლებლების სახელფასო დანამატის ზრდასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა.
მისი თქმით, მომავალი წლის იანვრიდან სრული დატვირთვის (15 საათი) მქონე უფროს, წამყვან და მენტორ მასწავლებლებს სახელფასო დანამატი 100 ლარით გაეზრდებათ. ამასთან, სახელფასო დანამატი გაეზრდებათ მათაც, ვისაც არ აქვთ სრული დატვირთვა, პროპორციული დაანგარიშების წესის შესაბამისად.
„ეკონომიკური გამოწვევების მიუხედავად, არსებული პანდემიის პირობებში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მთავარი პრიორიტეტი ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობაზე ზრუნვა და ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფაა. შესაბამისად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, რომელიც განათლებისა და მეცნიერების მთავარ პრიორიტეტად გამოცხადებასა და ბიუჯეტის ყოველწლიურ ზრდას გულისხმობს, ძალაში რჩება. 2021 წლის ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებულია, რომ მომავალი წლის იანვრიდან სრული დატვირთვის (15 საათი) მქონე უფროს, წამყვან და მენტორ მასწავლებლებს სახელფასო დანამატი 100 ლარით გაეზრდებათ. სახელფასო დანამატი გაეზრდებათ მათაც, ვისაც არ აქვთ სრული დატვირთვა, პროპორციული დაანგარიშების წესის შესაბამისად,“ - განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.