„სწავლა სკოლებში არ განახლდება სექტემბრამდე, მაგრამ ქვეყანაში აკადემიური წელი არ გამოცხადდება,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, განათლების სამინისტრომ შეძლო, ეფექტიანად გამკლავებოდა შეზღუდვებს:
„განათლების სამინისტრომ დისტანციური სწავლების მეთოდები როგორც სკოლებში, ასევე უმაღლეს სასწავლებლებში ეფექტიანად დანერგა. ამის გათვლისწინებით, დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვთ, რომ ქვეყანაში აკადემიური წელი არ გამოცხადდება. სწავლა სკოლებში არ განახლდება სექტემბრამდე,“ - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
რაც შეეხება ეროვნულ გამოცდებს, პრემიერის თქმით, გამოცდების მექანიზმი არ შეიცვლება:
„ეროვნული გამოცდები ჩატარდება, აქ შეიძლება იყოს გარკვეული გადავადება, თორემ მექანიზმი იქნება სრულად შენარჩუნებული. განათლების სისტემის ამუშავების შესახებ, პრეზენტაციას გავაკეთებთ ცალკე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
რამდენიმე ქალაქში სწავლა კვლავ დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება
მთავრობის გადაწყვეტილებით, რამდენიმე ქალაქში სწავლა კვლავ დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება. ამის შესახებვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა:
„1 500-მდე საარჩევნო უბანი იყო მოწყობილი სკოლებში. აქედან გამომდინარე, ჩვენ რამდენიმე დღით ადრე გადავიყვანეთ ეს სკოლები დისტანციურ რეჟიმზე, ასევე, მოგეხსენებათ, ამ სკოლებს კიდევ სჭირდებოდათ რამდენიმე დღე არჩევნების ჩატარების შემდეგ, რათა იქ განახლებულიყო სწავლა. იმის გათვალისიწინებით, რომ ბევრ დასახლებაში კვლავ გვიწევს მეორე ტურის გამოყენება და აქედან გამომდინარე ასეულობით სკოლა იქნება გამოყენებული როგორც საარჩევნო უბანი და იმის გათვალისწინებით, რომ მნიშვნელოვანია დიდ ქალაქებში მობილობის შემცირება, ჩვენ დღეს საბჭოზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სწავლის დისტანციური რეჟიმი შენარჩუნდეს თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, თელავში, ზუგდიდში, ზესტაფონში, გორში, ფოთში, მარნეულსა და გარდაბანში. ასევე შეგახსენებთ, რომ აჭარაში სწავლა მიმდინარეობს დისტანციურ რეჟიმში“, - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.
მისივე თქმით, სწავლების დისტანციური რეჟიმი 25 ნოემბრამდე გაგრძელდება. აღნიშნული გადაწყვეტილება ეხებათ პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით მოსწავლეებს და საჯარო და კერძო სკოლებს.