„სწავლა სკოლებში არ განახლდება სექტემბრამდე, მაგრამ ქვეყანაში აკადემიური წელი არ გამოცხადდება,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, განათლების სამინისტრომ შეძლო, ეფექტიანად გამკლავებოდა შეზღუდვებს:
„განათლების სამინისტრომ დისტანციური სწავლების მეთოდები როგორც სკოლებში, ასევე უმაღლეს სასწავლებლებში ეფექტიანად დანერგა. ამის გათვლისწინებით, დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვთ, რომ ქვეყანაში აკადემიური წელი არ გამოცხადდება. სწავლა სკოლებში არ განახლდება სექტემბრამდე,“ - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
რაც შეეხება ეროვნულ გამოცდებს, პრემიერის თქმით, გამოცდების მექანიზმი არ შეიცვლება:
„ეროვნული გამოცდები ჩატარდება, აქ შეიძლება იყოს გარკვეული გადავადება, თორემ მექანიზმი იქნება სრულად შენარჩუნებული. განათლების სისტემის ამუშავების შესახებ, პრეზენტაციას გავაკეთებთ ცალკე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
დღეიდან ერთი კვირის განმავლობაში 1419 სკოლა სრულად დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, დღეიდან იმ სკოლებში, სადაც საარჩევნო უბნებია განთავსებული, ერთი კვირის განმავლობაში სწავლა დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება.
მისივე თქმით, არჩევნების დასრულების შემდეგ ამ სკოლებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება და სწავლა ჩვეულ ფორმტაში გაგრძელდება.
„დღეიდან სკოლები, სადაც საარჩევნო უბნებია განთავსებული, გადავიდნენ დისტანციურ სწავლებაზე, ეს იქნება ერთი კვირის განმავლობაში. აჭარის გარდა ასეთია 1419 სკოლა, სადაც საარჩევნო უბანია განთავსებული და ისინი დღეიდან უკვე არიან დისტანციურ სწავლებაზე, რადგანაც დღეს, ხვალ და ზეგ ჩატარდება მოსამზადებელი სამუშაოები, ხოლო მომავალი კვირის ორშაბათსა და სამშაბათს, უკვე არჩევნების შემდეგ, ამ სკოლებში ჩატარდება სადეზინფექციო სამუშაოები და შესაბამისად, შემდეგი კვირის ოთხშაბათს სწავლა განახლდება ამ სკოლებში ჩვეულ ფორმატში,“ - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.