როდის დასრულდება ონლაინ სწავლება და როგორ შეფასდებიან მოსწავლეები? - აღნიშნული კითხვებით MomsEdu.ge-მ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიმართა.
როგორც უწყებაში განაცხადეს, ამ და სხვა აქტუალურ კითხვებზე პასუხები პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ დაანონსებულ პრეზენტაციაზე გახდება ცნობილი:
„24 აპრილის ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ განათლების სისტემის ამუშავებასთან დაკავშირებით ცალკე პრეზენტაცია იგეგმება. სწორედ ამ პრეზენტაციიდან შეიტყობს საზოგადოება ყველა აქტუალურ კითხვაზე პასუხს,“ - აღნიშნეს სამინისტროს პრესსამსახურში.
უწყებაში არ დაუკონკრეტებიათ, როდის გაიმართება აღნიშნული პრეზენტაცია.
შეგახსენებთ, რომ საგანგებო ბრიფინგზე გიორგი გახარიამ სკოლებში სასწავლო წლის 1-ელ სექტემბრამდე გადადებაზე ისაუბრა. მან გამოსვლისას აღნიშნა, რომ ქვეყანაში აკადემიური წელი არ გამოცხადდება, რაც შეეხება ეროვნულ გამოცდებს, გამოცდები აუცილებლად ჩატარდება, თუმცა შეიძლება გადავადდეს.
ინფორმაციისთვის: საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე, სასწავლო წელი ოფიციალურად 15 ივნისს მთავრდებოდა, აბიტურიენტები სწავლას 20 მაისს, ხოლო პირველკლასელები კი სასწავლო წელს 27 მაისს ასრულებდნენ.
სკოლებში სწავლის შეჩერების ვადის შესახებ პრემიერ-მინისტრის დადგენილება
საქართველოს მთელს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე გრძელდება. რაც იმას ნიშნავს, რომ სასწავლო დაწესებულებებში სწავლების პროცესი ისევ ონლაინ ფორმატში განხორციელდება.
სკოლებში სწავლის შეჩერების ვადის შესახებ პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას დადგენილება საკანონმდებლო მაცნეში უკვე გამოქვეყნდა და ძალაშიც შევიდა:
„საგანმანათლებლო დაწესებულებებში საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით შეჩერდეს სასწავლო პროცესი. ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა აღნიშნული განახორციელონ დისტანციური სწავლების/კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმის გამოყენებით (ასეთის შესაძლებლობის შემთხვევაში).
საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების ადმინისტრაციები გადავიდნენ დისტანციური მუშაობის რეჟიმზე (კრიტიკულად მნიშვნელოვანი აუცილებლობის გარდა),“ - აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის დადგენილებაში.
ამ ეტაპზე უცნობია, აღდგება თუ არა სკოლებში არადისტანციური სწავლის ფორმატი 22 მაისის შემდეგ.