დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, სკოლებისა და ბაღებისთვის გარკვეული წესები შემუშავდება. როგორც მან ბრიფინგზე აღნიშნა, ამ საკითხზეც მოსამზდებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
„სწავლის პროცესი ჩვენთან ჩვეულებრივ სექტემბრის მეორე ნახევარში იწყება. იქამდე, რა თქმა უნდა, უკვე მიდის მოსამზადებელი სამუშაოები, რა, როგორ და რანაირად უნდა გაკეთდეს. ეს ყველაფერი ცნობილი გახდება, როდესაც სწავლის დაწყების დრო მოვა. რა თქმა უნდა, გარკვეული წესები შემუშავდება სკოლებისთვისაც, ბაღებისთვისაც და ა.შ.“, - განაცხადა პაატან იმნაძემ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ ბრიფინგზე ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებულ კითხვასაც უპასუხა და განმარტა, რომ ყოველდღიურ რეჟიმში, ინტენსიურად მიმდინარეობს მსჯელობა, თუ როგორი წესებით ჩატარდეს გამოცდები.
„შექმნილია სპეციალური საბჭო განათლების სამინისტროში. მე პირადად გახლავართ ამ საბჭოს წევრი. ყველაფერი გამოცხადდება, ყველაფერი იქნება, ყველაფერი ჩატარდება მაქსიმალურად დაცულად“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.
2023 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტთა რეკორდული რაოდენობა დარეგისტრირდა
დასრულდა რეგისტრაცია 2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის, ასევე მასწავლებლის საგნის გამოცდისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდისათვის.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი რეგისტრაციის სტატისტიკას აქვეყნებს:
ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის დარეგისტრირდა გამოსაცდელთა რეკორდული რაოდენობა - 45 000-ზე მეტი აბიტურიენტი;
სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 3 000-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა;
საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 000-ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა;
მასწავლებლის საგნის გამოცდაზე 16 000-ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა;
სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე 2 500-მდე გამოსაცდელია დარეგისტრირებული.
აბიტურიენტების საყურადღებოდ: ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მსურველებს საგნის შეცვლა ან დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლა 13 აპრილის 18:00 საათამდე, საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანა კი აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის 18:00 საათამდე შეეძლებათ. თუ აბიტურიენტს გამოცდის დროს ესაჭიროება სპეციალური პირობების/სპეციფიკური საგამოცდო გარემოს შექმნა და რეგისტრაციის დროს მონიშნა შესაბამისი გრაფა, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შესაბამისი ცნობა (ფორმა №100) განაცხადთან ერთად უნდა წარმოადგინოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში 13 აპრილის 18:00 საათამდე.
შეგახსენებთ, რომ რეგისტრაცია ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისა და საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის 2 მარტს, ხოლო მასწავლებლის საგნის, ასევე უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდისათვის 10 მარტს დაიწყო. ამ გამოცდებისათვის რეგისტრაციის ვადა 3 აპრილის 18:00 საათზე ამოიწურა. რეგისტრაცია პროფესიული უნარების გამოცდისა (წამყვანი და მენტორი მასწავლებლის სტატუსის მოპოვების მსურველთათვის) და წამყვანი სპეციალური მასწავლებლის გამოცდის ჩაბარების მსურველთათვის უახლოეს მომავალში დაიწყება. დეტალური ინფორმაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე www.naec.ge გამოქვეყნდება .