დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, სკოლებისა და ბაღებისთვის გარკვეული წესები შემუშავდება. როგორც მან ბრიფინგზე აღნიშნა, ამ საკითხზეც მოსამზდებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
„სწავლის პროცესი ჩვენთან ჩვეულებრივ სექტემბრის მეორე ნახევარში იწყება. იქამდე, რა თქმა უნდა, უკვე მიდის მოსამზადებელი სამუშაოები, რა, როგორ და რანაირად უნდა გაკეთდეს. ეს ყველაფერი ცნობილი გახდება, როდესაც სწავლის დაწყების დრო მოვა. რა თქმა უნდა, გარკვეული წესები შემუშავდება სკოლებისთვისაც, ბაღებისთვისაც და ა.შ.“, - განაცხადა პაატან იმნაძემ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ ბრიფინგზე ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებულ კითხვასაც უპასუხა და განმარტა, რომ ყოველდღიურ რეჟიმში, ინტენსიურად მიმდინარეობს მსჯელობა, თუ როგორი წესებით ჩატარდეს გამოცდები.
„შექმნილია სპეციალური საბჭო განათლების სამინისტროში. მე პირადად გახლავართ ამ საბჭოს წევრი. ყველაფერი გამოცხადდება, ყველაფერი იქნება, ყველაფერი ჩატარდება მაქსიმალურად დაცულად“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.
„მე ვემხრობი, რომ მეცადინეობა და თამაში გაიმიჯნოს,“ - ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა
ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ ბავშვის განვითარებისთვის თამაშის მნიშვნელობასა და მოზარდობის ეტაპის ხანგრძლივობის შესახებ ისაუბრა:
„მოზარდობა ითვლება, რომ 19 წლამდეა, თუმცა ეს გადის 21-24 წლამდე. 21-დან 25 წლამდე გახლავთ გვიანი სიყმაწვილე. არის საუბარი, რომ მოზარდობა გადასწიონ 24-25 წლამდე. რა საფუძველი აქვს ამას? ამას აქვს ფიზიოლოგიური საფუძველი. დიდი ჰემისფეროების ქერქის ის ნაწილი, რომელიც ქცევის კონტროლზეა პასუხისმგებელი, ამ დროისთვის ამთავრებს ჩამოყალიბებას. 25 წლისთვის მთავრდება სიმაღლეში ზრდა. აქედან გარკვეული პლატოა, რომელიც შეიძლება 65 წლამდეც იყოს.“
„თამაში მნიშვნელოვანი ქცევაა ბავშვისთვის, ავითარებს ბავშვს. არის დებატები იმასთან დაკავშირებით უნდა იყოს თამაშით მეცადინეობა, თუ გაიმიჯნოს მეცადინეობა და თამაში. მე ვემხრობი, რომ მეცადინეობა და თამაში გაიმიჯნოს. ბავშვმა ბავშვობიდანვე უნდა იცოდეს, რომ ეს დრო არის თამაშისთვის და ეს დრო, თუნდაც 5 წუთი, არის სწავლისთვის, რადგან შემდომში ძალიან უჭირს, რომ სერიოზულად შეხედოს სწავლას, მეცადინეობას. როდესაც იზრდება და თამაშით აღარ გამოსდის სწავლა, დიდი ფრუსტრაცია შეიძლება ჰქონდეს. თამაშის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, პირიქით, ის ძალიან სჭირდება ადამიანს,“- აღნიშნულ საკითხზე მარინა კაჭარავამ საპატრიარქოს ტელევიზიის ეთერში ისაუბრა.