ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის მასწავლებლის მიერ მე-12 კლასელებისადმი მიძღვნილი პოსტი მოქალაქეთა შეშფოთების და სკოლის დისციპლინური კომიტეტის შეკრების მიზეზი გახდა. სწორედ ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის დისციპლინურმა კომიტეტმა უნდა იმსჯელოს იმის შესახებ, რა სანქცია გატარდება მასწავლებლის მიმართ.
ფეისბუკპოსტში, რომელიც მასწავლებელმა 21 მაისს გამოაქვეყნა და მალევე წაშალა, ნათქვამი იყო, რომ ის სიხარულს განიცდის იმის გამო, რომ გარკვეული მოსწავლეების ნახვა აღარ მოუწევს და ამბობს, რომ ზოგიერთი მათგანის სახელი და გვარის ხსენებაც კი ზარავს:
,,ჩემთვის 26 გამოშვება. უცნაური დღევანდელი მდგომარეობის გამო და არამხოლოდ. არ ირეკება ბოლო ზარი, არ ვწერთ კეთილ სურვილებს მოხატულ პერანგებზე, რაც ყოველთვის გულისამაჩუყებელი იყო და ცრემლებს მგვრიდა. დღეს ეს განცდა არ მაქვს, პირიქით, ვფიქრობ და მიხარია რომ მომავალ სასწავლო წელს მათ გარეშე შევხვდები (რა თქმა უნდა დიდ უმრავლესობას არ ეხება) ზოგიერთი მათგანის სახელის და გვარის ხსენებაც მზარავს. თუმცა მყავს ფავორიტებიც. ჩემს ანდრიას, დათუნას, გიგას, სანდროს, ბადუკას, ვანოს ვუსურვებ წარმატებებს, წინსვლას ცხოვრებაში. თუ 18 წლის არ ვარგიხარ, ვერც 78 წლისას ივარგებ.თქვენ უკვე ხართ 18 წლის, ხართ კარგი ადამიანები, კაცური კაცები, თქვენ იცით პირველ რიგში ეს არის მთავარი და არა, ვთქვათ ქიმიამცოდნეობა. თქვენ შეგიძლიათ თავაწეულებმა იაროთ, სიკეთე და ბედნიერება მოუტანოთ თქვენს ირგვლივ მყოფ ადამიანებს, იარეთ, იარეთ, იარეთ, ამინ!"- წერდა სოციალურ ქსელში პედაგოგი.
„ონლაინ ჩართვის დროს ბავშვი ზის ვითომ სკოლაში, ამავე დროს მეორე გაჯეტი უჭირავს და იქ თამაშით არის დაკავებული,“- პედიატრი თემურ მიქელაძე ონლაინ სწავლების ნაკლოვანებებზე
პედიატრმა თემურ მიქელაძემ ბავშვებში ეკრანდამოკიდებულების პრობლემაზე ისაუბრა და მოზარდებზე მის მავნე ზეგავლენას გაუსვა ხაზი:
„ეკრანი საჭიროა იმ შემთხვევაში, როდესაც ყველაფერი იქნება ზომიერად. თუ დააკვირდებით თამაშებს, განსაკუთრებით ხმაურიან თამაშებს, ბავშვები მოდიან მოტორული ტიკებით, აღგზნებულები, გამოუძინებლები. მესმის, მშობელიც ვეღარ აკონტროლებს. დედა-მამა გადის, ბებია-ბაბუაც მუშაობს. ჩვენ დროს მეტ-ნაკლებად ბებია-ბაბუები დაკავებულები იყვნენ შვილიშვილების აღზრდით. ეს კომუნიკაცია უკვე მოიშალა. მშობლები მაქსიმალურად ცდილობენ, რომ ბავშვს მისცენ მაღალი განათლება. ეს ძირითადად ამისთვის კეთდება. ყველა მშობელს უნდა, რომ თავისი შვილისთვის მაქსიმალური გააკეთოს.“
„მინახავს, ონლაინ ჩართვის დროს ბავშვი ზის ვითომ სკოლაში, ამავე დროს მეორე გაჯეტი უჭირავს და იქ თამაშით არის დაკავებული. ძალიან დიდ პროცენტში ეს არის კატასტროფა. ვერც მასწავლებელი ვერ გააკონტროლებს. ჩვენი თაობის მასწავლებლები ყველა ბავშვს ერთნაირად გამოიკითხავდნენ ხოლმე კლასში. რომ დაიწყებდნენ, ორ დღეში მაინც ყველა ბავშვს გამოიკითხავდნენ. კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება 2-3 ბავშვთან ხდებოდეს კომუნიკაცია. ზოგს საერთოდ არ აინტერესებს. მასწავლებელი ცდილობს, რომ მარტივად ამოწუროს ის 45 წუთი. არიან მასწავლებლები, რომლებიც ყველა ბავშვს ერთნაირად აქტიურად რთავენ და ეს მისასალმებელია. ონლაინ დამოკიდებულების გამო ძირითადი დატვირთვა გადავიდა სკოლებზე. თუ მასწავლებელი კეთილსინდისიერად მიუდგება, ეს მისასალმებელია. შეიძლება გარკვეული პროცენტი გამოვიდეს სუპერ განათლებული, მაგრამ ამ თაობას ჩვენ დავკარგავთ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ ყველა ერთად არ ჩავერიეთ,“ - აღნიშნულ საკითხზე თემურ მიქელაძემ რადიო „ფორტუნას“ ეთერში ისაუბრა.