Baby Bag

რა წესებით უნდა განხორციელდეს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა - ახალი დადგენილება

რა წესებით უნდა განხორციელდეს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა - ახალი დადგენილება

საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის განხორციელების შესახებ გამოიცა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას დადგენილება, რომელიც 23 მაისიდან შევიდა ძალაში. ახალი დადგენილების მიხედვით, 2019-2020 სასწავლო წელი საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ სასწავლო პროცესი უნდა განხორციელდეს შემდეგი წესით:

  • სასწავლო პროცესი წარიმართოს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა (შემდგომში – სამინისტრო) და საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის – განათლების მიერ შექმნილი „ტელესკოლის“ (შემდგომში – „ტელესკოლა“), დისტანციური/ელექტრონული ფორმით ან კომუნიკაციის სხვა საშუალებების გამოყენებით;
  • თითოეული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია, უზრუნველყოს სამინისტროს მიერ დადგენილი დისტანციური/ელექტრონული ფორმით მოსწავლეებისთვის განათლების მიწოდება „ტელესკოლის“ ან/და ონლაინსწავლების საგანმანათლებლო მიზნებისთვის შექმნილი სპეციალური ელექტრონული პლატფორმების გამოყენებით;
  • ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაცია, დამრიგებელი, საგნის მასწავლებელი ვალდებულნი არიან, მოსწავლეს/მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელს მიაწოდონ ინფორმაცია „ტელესკოლის“, ასევე ონლაინსწავლების საგანმანათლებლო მიზნებისთვის შექმნილი სპეციალური ელექტრონული პლატფორმების შესახებ;
  • იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლე „ტელესკოლაში“ ტექნიკური პრობლემების გამო არ/ვერ შეძლებს ჩართვას ან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ შეთავაზებული სპეციალური ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით ონლაინსწავლების პროცესში მონაწილეობის მიღებას, საგნის მასწავლებელი ვალდებულია, უზრუნველყოს მოსწავლისათვის ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული დავალებების მიცემა, კონსულტირება. ამ მიზნის მისაღწევად საგნის მასწავლებელი იყენებს კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმას, მათ შორის, სატელეფონო კომუნიკაციას. მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი ვალდებულია, ითანამშრომლოს მოსწავლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციასთან, დამრიგებელთან, საგნის მასწავლებელსა და სკოლის სხვა სპეციალისტებთან;
  • სპეციალური მასწავლებელი, ფსიქოლოგი (ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ასეთის არსებობის შემთხვევაში) ვალდებულნი არიან, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს, მოსწავლის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შესაბამისად, სისტემატური კომუნიკაციის ფარგლებში, რეკომენდაცია გაუწიონ სახლის პირობებში მეცადინეობის, საგანმანათლებლო და განმავითარებელი რესურსების გამოყენების შესახებ და მიიღონ უკუკავშირი;
  • სამინისტროს სისტემაში არსებული რესურსსკოლები, რომლებიც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის ახორციელებენ საგანმანათლებლო და სააღმზრდელო პროცესს, ვალდებულნი არიან, მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს მისცენ სახლის პირობებში მოსწავლესთან მუშაობის რეკომენდაციები და მიიღონ უკუკავშირი;
  • ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებული ექიმი/ექთანი, მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიღების მიზნით, რეგულარულად უზრუნველყოფს კომუნიკაციას დამრიგებლებთან. მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, უკავშირდება მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს და ახორციელებს მკურნალობის პროცესის მონიტორინგს და, საჭიროების შემთხვევაში, მუშაობს მშობელთან/კანონიერ წარმომადგენელთან მოსწავლის შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადამისამართებაზე და ამის შესახებ აცნობებს სკოლის დირექტორს;
  • მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი ვალდებულია, ითანამშრომლოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციასთან, დამრიგებელსა და საგნის/სპეციალურ მასწავლებელთან;

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საქმიანობა ხორციელდება ელექტრონული ფორმით, დისტანციური წესით. ამ მიზნით:

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში კოლეგიური ორგანოების (სამეურვეო საბჭო, პედაგოგიური საბჭო, მოსწავლეთა თვითმმართველობა) საქმიანობა განხორციელდეს დისტანციურად, ადმინისტრაციული წარმოებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების დაცვით (გადაწყვეტილებების მიღებისათვის კვორუმის დადგენა, ხმის მიცემა, ოქმის წარმოება და სხვა);

სკოლის არჩევითი ორგანოების დაკომპლექტების ან გამოკლებული წევრის შევსების მიზნით არჩევნების ჩატარება განხორციელდეს ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებებით იმ შემთხვევაში, თუ კოლეგიური ორგანოს დაკომპლექტება/წევრის არჩევა 2020 წლის 23 მაისიდან მიმდინარე სასწავლო წლის დასრულებამდე არსებითია საგანმანათლებლო საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელებისათვის.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულმა სხვა პირებმა გააგრძელონ საქმიანობა დისტანციურ რეჟიმში გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კონკრეტული პოზიციის/თანამდებობის პირის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ტერიტორიაზე ყოფნა/გამოცხადება დაკავშირებულია ამ პოზიციის/თანამდებობის სპეციფიკასთან. ამ პირების მიერ საქმიანობა ხორციელდება საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი მითითებების/რეკომენდაციების დაცვით;

ამ პუნქტით გათვალისწინებული დებულებების შესრულებაზე პასუხისმგებელია შესაბამისი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორი, რომელიც დისტანციური სწავლების პერიოდში სამინისტროს მიერ შემუშავებული ფორმით წარუდგენს ანგარიშს სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს – საგანმანათლებლო რესურსცენტრს;

როგორც მთავრობის დადგენილებაშია აღნიშნული, სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებს – საგანმანათლებლო რესურსცენტრებს უნდა დაევალოთ სამინისტროს მიერ გაცემული დავალების/რეკომენდაციის გავრცელება და შესრულება, აგრეთვე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საქმიანობის მონიტორინგის განხორციელება.

იხილეთ ​მთავრობის დადგენილება

შეიძლება დაინტერესდეთ

როდიდან გაიზრდება მასწავლებელთა ხელფასები - ,,160 მი­ლი­ო­ნი ლარი მოხ­მარ­დე­ბა მას­წავ­ლებ­ლე­ბის ხელ­ფა­სე­ბის ზრდას''

როდიდან გაიზრდება მასწავლებელთა ხელფასები - ,,160 მი­ლი­ო­ნი ლარი მოხ­მარ­დე­ბა მას­წავ­ლებ­ლე­ბის ხელ­ფა­სე­ბის ზრდას''

,,2024 წელს პედაგოგების ხელფასები მნიშვნელოვნად გაიზრდება - სრულ განაკვეთზე მომუშავე მასწავლებლებს ანაზღაურება საშუალოდ 500 ლარით და მეტით მოემატებათ,'' - აღნიშნულის შესახებ პრემიერ-მინსიტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, 2024 წლეს 160 მლნ ლარი განათლების სამინისტროსთვის გამოიყო: 

„ბიუჯეტის გადამუშავებული ვარიანტი გაიზრდება 700 მილიონით და მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს უკვე 28 მილიარდ 500 მილიონ ლარს. შედარებისთვის მინდა გითხრათ, რომ 2012 წელს ბიუჯეტი თითქმის 9 მილიარდამდე იყო. ანუ თითქმის 20-მილიარდიანი ზრდა გვაქვს 11 წელიწადში. ჩვენი გუნდის მუშაობის საკმაოდ შთამბეჭდავი შედეგი გვაქვს. რაც შეეხება დამატებით 700 მილიონის განაწილებას, როგორც პედაგოგებთან შეხვედრისას დავაანონსეთ, დამატებით 160 მლნ ლარი გამოვუყავით განათლების სამინისტროს და ჯამში, სამინისტროს ბიუჯეტი შეადგენს 2 მილიარდ 500 მილიონ ლარს. შედარებისთვის მინდა ვთქვა, რომ განათლების სამინისტროს ბიუჯეტი გაზრდილია მილიარდ რვაასი მილიონი ლარით 2012 წელთან შედარებით, 300%-იანი ზრდა გვაქვს ბოლო 11 წელიწადში. აქაც კარგად ჩანს, თუ როგორ ყურადღებას აქცევდნენ განათლებას. ასევე, როგორც უკვე ჩვენ ძვირფას მასწავლებლებს ვაცნობეთ, მნიშვნელოვნად გაიზრდება პედაგოგების ხელფასები 2024 წელს, რაც ნიშნავს იმას, რომ სრული დატვირთვით, სრულ განაკვეთზე მომუშავე მასწავლებელთა ხელფასები გაიზრდება საშუალოდ 500 ლარით და მეტით. ზოგს შეიძლება გაეზარდოს 600 ლარით, ზოგს 700 ლარით და ა.შ. ძალიან მნიშვნელოვანი ზრდა არის და მინდა ჩვენს მასწავლებლებს მადლობა ვუთხრა კიდევ ერთხელ და წარმატებები ვუსურვო. ეს არის მნიშვნელოვანი სიახლე და ჩვენი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასთან ერთად განათლების ხარისხის ამაღლების კიდევ უფრო მეტი მოტივაცია და უდიდესი კომპონენტი იქნება“, - დასძინა პრემიერ მინისტრმა. 

წაიკითხეთ სრულად