Baby Bag

სიახლე მასწავლებლებისთვის - Microsoft Teams-ი ქართულ ენაზე ითარგმნა

სიახლე მასწავლებლებისთვის - Microsoft Teams-ი ქართულ ენაზე ითარგმნა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივითა და მხარდაჭერით, Microsoft-მა განათლების მართვის საინფორმაციო სისტემასთან (EMIS) თანამშრომლობით Microsoft Teams-ის ქართულ ენაზე თარგმნა უზრუნველყო, რაც პედაგოგებს დისტანციურად სწავლის პირობებში შესაძლებლობას მისცემს მშობლიურ ენაზე ისარგებლონ შეთავაზებული ონლაინ ინსტრუმენტებით.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, Microsoft-თან პარტნიორული თანამშრომლობის ფარგლებში, ასევე ქართულ ენაზე ითარგმნა Microsoft-ის საგანმანათლებლო პორტალი, და მასში არსებული საგანმანათლებლო რესურსიც, რომელსაც ეტაპობრივად დაემატება გაკვეთილებისა და კურსების ახალი, ნათარგმნი ვიდეოები. გარდა ამისა, მიმდინარეობს Teams-ის ქართულ ვერსიაში ინტერაქტიული ქართულენოვანი Chat-Bot-ისა და ელექტრონული ჟურნალის ინტეგრირება.

„Microsoft Teams-ის ქართული ვერსია უკვე ხელმისაწვდომია 55 000-მდე მასწავლებლისა და 600 000-ზე მეტი მოსწავლისთვის.

Teams-ის პროგრამაში ასევე ინტეგრირდა ელექტრონული რესურსების პორტალი - www.el.ge, რაც კიდევ უფრო გაუმარტივებს პედაგოგებს აღნიშნულ ვებგვერდზე არსებულ საგანმანათლებლო რესურსებზე ხელმისაწვდომობას.

სამინისტრო მაქსიმალურად აძლიერებს დისტანციური სწავლების მეთოდებზე მუშაობას. საქართველოში Covid-19-ის პანდემიის პირობებში დისტანციური სწავლების დანერგვის პროცესს უმაღლესი შეფასება მისცეს ისეთმა ცნობილმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა, როგორიცაა OECD და იუნისეფი,“ - აღნიშნულია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეიძლება დაინტერესდეთ

განათლების მინისტრად შესაძლოა, მაია მიმინოშვილი დაინიშნოს

განათლების მინისტრად შესაძლოა, მაია მიმინოშვილი დაინიშნოს

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრად შესაძლოა, გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელის, მაია მიმინოშვილის კანდიდატურაც განიხლებოდეს, - ინფორმაციას ​1tv.ge ავრცელებს.

პარლამენტში არსებული ინფორმაციით, მინისტრის თანამდებობაზე განხილული კანდიდატებიდან მაია მიმინოშვილი ერთ-ერთია.

მაია მიმინოშვილის კანდიდატურის თაობაზე ინფორმაციას არ ფლობს განათლების კომიტეტის წევრი თემურ ჭკუასელი, თუმცა დეპუტატი არ გამორიცხავს, რომ მისი კანდიდატურა განიხილებოდეს. ამასთან, ჭკუასელი არ გამორიცხავს, რომ სამინისტროს, კულტურის მიმართულება გამოეყოს, რომლის მინისტრადაც ბადრი მაისურაძის კანდიდატურა განიხილება.

„მაია მიმინოშვილი გამოცდილი ადამიანია. შესაძლოა, მისი კანდიდატურა განიხილება, რასაც მივესალმები“, – განაცხადა ჭკუასელმა.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი თანამდებობიდან დღეს ​გადადგა.

წაიკითხეთ სრულად