Baby Bag

სიახლე მასწავლებლებისთვის - Microsoft Teams-ი ქართულ ენაზე ითარგმნა

სიახლე მასწავლებლებისთვის - Microsoft Teams-ი ქართულ ენაზე ითარგმნა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივითა და მხარდაჭერით, Microsoft-მა განათლების მართვის საინფორმაციო სისტემასთან (EMIS) თანამშრომლობით Microsoft Teams-ის ქართულ ენაზე თარგმნა უზრუნველყო, რაც პედაგოგებს დისტანციურად სწავლის პირობებში შესაძლებლობას მისცემს მშობლიურ ენაზე ისარგებლონ შეთავაზებული ონლაინ ინსტრუმენტებით.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, Microsoft-თან პარტნიორული თანამშრომლობის ფარგლებში, ასევე ქართულ ენაზე ითარგმნა Microsoft-ის საგანმანათლებლო პორტალი, და მასში არსებული საგანმანათლებლო რესურსიც, რომელსაც ეტაპობრივად დაემატება გაკვეთილებისა და კურსების ახალი, ნათარგმნი ვიდეოები. გარდა ამისა, მიმდინარეობს Teams-ის ქართულ ვერსიაში ინტერაქტიული ქართულენოვანი Chat-Bot-ისა და ელექტრონული ჟურნალის ინტეგრირება.

„Microsoft Teams-ის ქართული ვერსია უკვე ხელმისაწვდომია 55 000-მდე მასწავლებლისა და 600 000-ზე მეტი მოსწავლისთვის.

Teams-ის პროგრამაში ასევე ინტეგრირდა ელექტრონული რესურსების პორტალი - www.el.ge, რაც კიდევ უფრო გაუმარტივებს პედაგოგებს აღნიშნულ ვებგვერდზე არსებულ საგანმანათლებლო რესურსებზე ხელმისაწვდომობას.

სამინისტრო მაქსიმალურად აძლიერებს დისტანციური სწავლების მეთოდებზე მუშაობას. საქართველოში Covid-19-ის პანდემიის პირობებში დისტანციური სწავლების დანერგვის პროცესს უმაღლესი შეფასება მისცეს ისეთმა ცნობილმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა, როგორიცაა OECD და იუნისეფი,“ - აღნიშნულია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეიძლება დაინტერესდეთ

რა უნდა გაითვალისწინონ გამოცდაზე გამსვლელმა პრაქტიკოსმა მასწავლებლებმა?

რა უნდა გაითვალისწინონ გამოცდაზე გამსვლელმა პრაქტიკოსმა მასწავლებლებმა?
2019 წლის შემოდგომაზე ორგანიზებული საგნის გამოცდის, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების პროცესი პროფესიული უნარების ტესტირებით დაიწყება.

დეტალური ინფორმაცია ტესტირების ჩატარების ადგილისა და დროის შესახებ აპლიკანტებს საგამოცდო ბარათზე აქვთ მითითებული.

მნიშვნელოვანია, რომ ყველა მონაწილე დროულად გამოცხადდეს საგამოცდო ცენტრში პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტითა და საგამოცდო ბარათით. დაგვიანებული აპლიკანტი გამოცდაზე არ დაიშვება.


სურვილის შემთხვევაში, აპლიკანტს საშუალება აქვს თან იქონიოს გელიანი (ე. წ. ტუშის) შავი ფერის კალამი, 0,5-0,7 მმ. ბურთულიანი წვერით.

მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების პროცესი 8 ნოემბერს დასრულდება.

წელს მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს კომპეტენციის დადასტურების საშუალება მეორედ მიეცათ. შემოდგომაზე ორგანიზებული ტესტირებისათვის 26 600 - ზე მეტი აპლიკანტია დარეგისტრირებული. მათგან 15 000-ზე მეტი პრაქტიკოსი მასწავლებელია.

პრაქტიკოსმა მასწავლებლებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ხელახალი ტესტირებისას მიღებული შედეგები აუქმებს იმავე საგანში საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურებისას წინა ჯერზე მიღებულ შეფასებასა და შესაბამის კრედიტქულებს.
წაიკითხეთ სრულად