Baby Bag

„ჩვენივე შვილების უსაფრთხოებისათვის დაინერგა დისტანციური სწავლების მეთოდი, რომელმაც საშუალება მოგვცა, რომ ცოდნის მხრივ უკან არ გადაგვედგა ნაბიჯი...“

„ჩვენივე შვილების უსაფრთხოებისათვის დაინერგა დისტანციური სწავლების მეთოდი, რომელმაც საშუალება მოგვცა, რომ ცოდნის მხრივ უკან არ გადაგვედგა ნაბიჯი...“

მსოფლიოში არსებული პრობლემები მეტ-ნაკლებად ყოველთვის ახდენდა გავლენას განათლების სისტემაზე, ამიტომ არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ არსებული პანდემიის პერიოდშიც შეზღუდვების ნაწილი სწორედ საგანმანათლებლო სისტემას შეეხო. თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გაიაზროს, რას ემსახურება მსგავსი შეზღუდვები და მათი არარსებობა რა მდგომარეობამდე მიგვიყვანს. სასწავლო-საგანმანათლებლო დაწესებულებებში ყოველთვის არსებობდა სხვადასხვა ვირუსისა და ინფექციის გავრცელების შემთხვევები, რაც მეტწილად მშობლების უყურადღებობის ბრალია. ბევრ ჩვენგანს არ აქვს გათავისებული, რომ, როდესაც ბავშვი ავადაა, თუნდაც სურდო აქვს, არ უნდა გაუშვას სკოლასა თუ სხვა საჯარო თავშეყრის ადგილას. შესაძლოა, ჩვენი „უწყინარი“ სურდო სხვისთვის ბევრად უფრო ძლიერ, ჯანმრთელობისათვის საშიშ პრობლემად იქცეს... კოვიდმა გვასწავლა უსაფრთხოების წესები, საკუთარი თავისა და გარშემომყოფების დაცვა. წარმოიდგინეთ, ჩვეული ტემპით რომ გაგრძელებულიყო სწავლა, ათმაგად გაიზრდებოდა ინფიცირებულთა რიცხვი და ჩვენი მომავალი თაობის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ აღმოჩნდებოდა.

ჩვენივე შვილების უსაფრთხოებისათვის დაინერგა დისტანციური სწავლების მეთოდი, რომელმაც საშუალება მოგვცა, უკან არ გადაგვედგა ნაბიჯი ცოდნის მხრივ და პირიქით, შეძლებისდაგვარად წინ წაგვეწია. მესმის, ძალიან რთულია, მაგრამ უნდა ვისწავლოთ არჩევანის გაკეთება ცუდსა და ძალიან ცუდს შორის.

ქვეყანა არ იყო მზად განათლების სისტემის ასეთ მოკლე პერიოდში უკეთესად დახვეწისათვის, ამიტომ, რაც გაკეთდა, აბსოლუტურად მოდიოდა შესაბამისობაში იმ მეთოდებისა და რესურსების მაქსიმუმთან, რაც კოვიდ-შეზღუდვებმა დაგვიტოვა.

რა თქმა უნდა, სისტემა დასახვეწია, საჭიროა საქართველოს ყველა კუთხეში ინტერნეტის უწყვეტი მიწოდება. საჭიროა, ყველას ჰქონდეს ოჯახში კომპიუტერული ტექნიკა, თანაც რამდენიმე, რადგან ის ოჯახი, სადაც მხოლოდ 1 კომპიუტერია და რამდენიმე ბავშვი საჭიროებს ერთდროულად ონლაინ გაკვეთილში ჩართვას, დღეს უდიდესი სირთულის წინაშე დგას. 

ცალკე პრობლემას წარმოადგენს მშობელთა ჩართულობა. სამწუხაროდ, ყველა ბავშვს ჯერ არ აქვს პასუხისმგებლობის შესაბამისი დონე გამომუშავებული და საჭიროებს მშობლის მეთვალყურეობას გაკვეთილში დროული ჩართვისა და დავალებების შესრულებისათვის. ამ კუთხითაც იქმნება პრობლემა, რადგან 21-ე საუკუნეში, თითქმის ყველა მშობელს აქვს სამსახური და შესაბამისად, ძალიან რთულია, ფეხი აუწყოს და ყურადღება მიაქციოს სწავლისათვის განკუთვნილ საათებში ბავშვის ჩართულობასა და აკადემიურ მოსწრებას. ეს პრობლემა, რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვხვდებოდა პანდემიამდე, რადგან ბავშვზე დაკვირვებას, სიზარმაცესთან დაკავშირებული პრობლემის აღმოფხვრას და კიდევ ბევრ წვრილმანს, პედაგოგი და შესაბამისად, სკოლა ახდენდა. 

თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არსებულ, ჯანმრთელობისათვის საშიშ პერიოდში, ვალდებულები ვართ მივიღოთ შეზღუდვები, ხელმეორედ გადავინაწილოთ ვალდებულებები და შევძლოთ მაქსიმალურად მსუბუქად გადავიტანოთ არსებული მდგომარეობა. ასევე კარგად უნდა გააცნობიეროს ყოველმა ჩვენგანმა, რომ კიდევ დიდხანს მოგვიწევს COVID-19-თან ერთად ცხოვრება და შესაძლოა, მსგავსი შეზღუდვები იმაზე მეტ ხანს გაგრძელდეს, ვიდრე ამ ეტაპზე წარმოგვიდგენია. ამიტომ ვიყოთ შემზადებულები, მივიღოთ ის მაქსიმუმი, რისი მიღებაც პანდემიის პერიოდშია შესაძლებელი და ჩვენი მოთმინებითა და თანმიმდევრულობით დროულად გადავლახოთ ეს „ბნელი პერიოდი“ ჩვენი შვილების, ჩვენი გარშემომყოფებისა და თანამოქალაქეების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის.

ავტორი: ინგლისური ენის პედაგოგი თამარ არაბული 

თუ გინდათ, რომ განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „მა​სწავლებლების სანდო წყარო“