ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის ზოგიერთი საგნის, საბაზო საფეხურის VII კლასის ზოგიერთი საგნისა და VIII კლასის სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი დასრულდა. ახლადგრიფირებული სახელმძღვანელოების არჩევის პროცესი დღეიდან, 22 ივნისიდან იწყება და 5 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ახლადგრიფირებული სასკოლო სახელმძღვანელოების შერჩევის მიზნებისთვის, ქვემოთ მოცემულ დანართში წარმოდგენილია:
ბმულები, სადაც განთავსებულია ახლადგრიფირებული სასკოლო სახელმძღვანელოების ელექტრონული ვერსიები;
ინფორმაცია იმ შეხვედრების/პრეცენტაციების შესახებ, რომლებსაც აწყობენ გრიფირებული სახელმძღვანელოების ავტორ-გამომცემლობები.
მასწავლებლობის მსურველებისათვის საგამოცდო პროცესი 22 ივლისს დაიწყება და 30 ივლისს დასრულდება. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით, პრაქტიკოსი მასწავლებლების ტესტირება გადავადდა და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ შემოდგომაზე ჩატარდება.
უწყების ცნობით, გამოსაცდელთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით დაცული იქნება ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც შეიმუშავა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ. ტესტირება ერთ სესიად დღის პირველ ნახევარში ჩატარდება.
საგამოცდო ცენტრები შემდეგ ქალაქებში გაიხსნება: ბათუმი, ფოთი, ზუგდიდი, ოზურგეთი, ქუთაისი, ახალციხე, გორი, თბილისი, რუსთავი, თელავი. ყველა საგამოცდო ცენტრში გახსნილი იქნება სამედიცინო პუნქტი, რომელიც აღჭურვილი იქნება პირველადი დახმარებისათვის საჭირო მედიკამენტებით. ცენტრების მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული იქნება სასწრაფო დახმარების მანქანა, სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წელს საგამოცდო პროცესში 12 000-მდე მასწავლებლობის მსურველი ჩაერთვება.